3/6/2012
კოკა სეფიაშვილი - დინამოში დებიუტს მოუთმენლად ველი (EN)

დინამოელები საქართველოს ჩემპიონატის წინასწარი ეტაპის ბოლო შეხვედრას საფეხბურთო კლუბ გაგრასთან გამართავენ. მომავალი მატჩის წინ, ჩვენი რესპოდენტი დინამოს ახალწვეული- კონსტანტინე სეფიაშვილია. კოკა ბოლო პერიოდში სწორედ ს.კ. გაგრაში გამოდიოდა. საინტერესოა კოკას აზრი მომავალ მეტოქეზე, დინამოში გატარებულ პირველ პერიოდზე, გუნდის საჩემპიონო შანსებზე და სავარაუდო დებიუტზე.

კოკა სეფიაშვილი- გაგრაში წელიწადი გავატარე. საქართველოს ჩემპიონატის პირობებში გაგრა, დალაგებული, სწორედ ორგანიზებული და კარგი გუნდი გახლდათ, რაშიც ჩემი აზრით დიდი წვლილი, იმდროინდელ მთავარ მწვრთნელს, ანატოლი პისკოვეცს მიუძღვოდა. ჯერ-ჯერობით,  ჩემი კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი, სწორედ იქ გავატარე. საქართველოს თასის მოპოვებას გუნდის დიდ მიღწევად ვთვლი. იმ პერიოდის გაგრასა და დღევანდელი ფორმაციის გუნდს შორის შემადგენლობის თვალსაზრისით დიდი სხვაობაა, ფაქტიურად ახალი გუნდია, მაგრამ მე მაინც დაცვის ხაზს და მეკარეს გამოვარჩევდი. ტყეშელაშვილი, ხუციძე საიმედო მცველები არიან. დინამოში, გარსიას პერიოდს ნაკლებად ვიცნობ, გიორგი დევდარიანის ხელში,  კი  ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ვფიქრობ დიდ წარმატებებსაც მივაღწევთ. თავად მთავარი მწვრთნელის ხასიათიდან გამომდინარე, მან შეძლო გუნდის ერთ მუშტად შეკვრა და ფეხბურთელების ერთი მიზნის ირგვლივ  გაერთიანება. საჩემპიონო  შანსებზე საუბარი საუკეთესო რვიანის გარკვევის შემდეგ უფრო აჯობებს, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი მაინც ჩვენზე იქნება დამოკიდებული და ბოლომდე ვიბრძოლებთ. დინამოში დებიუტს მოუთმენლად ველი. მოლოდინის სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. გიორგი ლორია დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს მომავალ შეხვედრას და მწვრთნელები თუ ჩემს თამაშს გადაწყვეტენ, შეიძლება დებიუტი ყოფილ კლუბთან გამომივიდეს. მოლოდინი დიდია, საოცარი გრძნობაა და თუ მომეცა შესაძლებლობა ვითამაშო, მაქსიმალურად შევეცდები გუნდს დავეხმარო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024