3/14/2012
16 მარტი დინამოს ისტორიაში (EN)

საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეორე ტურში, 16 მარტს, დინამო თბილისი მარტვილის მერანს უმასპინძლებს. შეხვედრა დინამო არენაზე 18 საათზე გაიმართება.

16 მარტს დინამოს აქამდე შვიდი შეხვედრა აქვს გამართული. აქედან ხუთი ეროვნულ პირველობაზე, ხოლო ორი მატჩი სსრკ– ს ჩემპიონატში. აღსანიშნავია, რომ დინამო ამ დღეს არ დამარცხებულა. ეროვნული ჩემპიონატის ხუთივე შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, ბურთების შეფარდებით 13/1.  პირველი შეხვედრა 1991 წელს, მეორე ჩემპიონატის პირველ ტურში გაიმართა. თბილისელებმა გურჯაანის ალაზანს უმასპინძლეს და სამი უპასუხო ბურთით დაამარცხეს. გოლები იმ შეხვედრაში ქეცბაიამ, კაჭარავამ და გოგიჩაიშვილმა გაიტანეს. მომდევნო წელიწადს, მესამე ჩემპიონატის მეოცე ტურში მტკვრისპირელებმა რიონისპირელებს უმასპინძლეს და ქუთაისის ქუთაისი დიდი ანგარიშით, 4–1 დაამარცხეს. მატჩში შოთი არველაძემ დუბლი შეასრულა. თითო გოლი კი, ინალიშვილმა და ყაველაშვილმა შეაგდეს. მეხუთე ჩემპიონატის მეორე ტურში 1994 წელს, შევარდენთან თბილისური დერბი გაიმართა. რევიშვილისა და კიკნაძის გოლებით დინამოელებმა 2–0 იმარჯვეს. მეოთხე შეხვედრა 2005 წელს შედგა. მეთექვსმეტე პირველობის ოცდამეოთხე სათამაშო დღეს თბილისელები ფოთს ესტუმრნენ და ადგილობრივი კოლხეთი ორი უპასუხო ბურთით დაამარცხეს. იმ შეხვედრაში თავი ოდიკაძემ და დვალმა გამოიჩინეს. ასევე გასვლაზე და ასევე 2–0 იმარჯვეს თბილისელებმა შარშან, ოცდამეორე ჩემპიონატის ოცდამეხუთე ტურში. ხმალაძისა და ჯუისის გოლებით დინამომ ბოლნისის სიონი დაამარცხა.

სსრკ– ს ჩემპიონატში თბილისელებმა ორივე შეხვედრა უგოლო ყაიმით დაასრულეს. 1984 წელს დინამომ მოსკოვის სპარტაკს უმასპინძლა, ხოლო 1986 წელს ალმა–ათაში ადგილობრივ ყაირათს ესტუმრა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024