ორშაბათს 12 მარტს, საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის პირველ ტურში დინამო თბილისი გორის დილას უმასპინძლებს. შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება. ეროვნული ასპარეზობის ეგიდით ეს გუნდები ერთმანეთს ორმოცდასამჯერ შეხვედრიან. შეიძლება ითქვას, რომ დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა გააჩნია ამ შეხვედრებში. ოცდაცხრამეტჯერ გამარჯვება თბილისელებს დარჩათ და მხოლოდ ოთხი შეხვედრა დამთავრდა ფრედ. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 136/20 დინამო თბილისის სასარგებლოდ. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. მეთექვსმეტე ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა ანგარიშით 9–0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა შვიდი ბურთი შეაგდეს მეტოქის კარის ბადეში, გორელთა ორი გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ–სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა – 6–1 და 5–0, ხოლო ოთხ–ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4–1 და 4–0 . ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ორი მატჩი უგოლოდ, ხოლო ორი შეხვედრა კი ანგარიშით 2–2 დასრულდა.
ბოლოს დინამო და დილა საქართველოს ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურში, 4 დეკემბერს შეხვდნენ ერთმანეთს. კოტოსა და ჯიღაურის გოლებით დინამომ მეტოქე 2–0 დაამარცხა.
12 მარტს დინამოს აქამდე ერთადერთი შეხვედრა აქვს გამართული. 2005 წელს, მეთექვსმეტე ჩემპიონატის ოცდამესამე ტურში მტკვრისპირელებმა ზესტაფონს უმასპინძლეს და სულაკაძის მიერ გატანილი გოლით, ანგარიშით 0–1 დამარცხდნენ.