3/28/2012
დინამო vs დილა – მატჩის წინ (EN)

დინამოელები საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებელ ბრძოლას განაგრძობენ. უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი შინ, დინამო არენაზე გამართავს და გორის დილას დაუპირისპირდება. ჩვენი მომავალი მეტოქე ერთადერთია საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრილთაგან, რომელთანაც დინამომ ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ორივე შეხვედრის მოგება მოახერხა.

მიმდინარე სეზონში დასახული მიზნები:

რვა საუკეთესოში მოხვედრისთვის მობრძოლმა დილამ მიმდინარე სეზონი არც თუ ისე სახარბიელოდ დაიწყო, თუმცა ოცდამეორე სათამაშო დღის შემდეგ გუნდმა რვა საუკეთესოში შესვლა მოახერხა და მეტიც - მეექვსე ადგილზეც მოკალათდა. საქართველოს თასის ნახევარფინალში გასული გორელები საკუთარი შანსის გამოყენებას შეეცდებიან და მეორე ეტაპის წინ საგრძნობლად გაძლიერებული თემურ მახარაძის გუნდი საწადლის მასაღწევად ცდას და ძალ-ღონეს არ დააკლებს. მიმდინარე სეზონში დასახული პირველი ამოცანა დილამ გადაჭრა - გორელები რვა გუნდიან ელიტაში მოხვდნენ, შემდეგი ამოცანა კი - თასის ფინალში გასვლა იქნება.

მწვრთნელი და გუნდი:

გორელებმა 22 ჩატარებულ შეხვედრაში 7 შეხვედრა მოიგეს, 5 ფრედ ითამაშეს, 10 შემთხვევაში კი  დამარცხდნენ - აღსანიშნავია, რომ აქედან ორი შეხვედრა მათ ჩვენმა გუნდმა მოუგო. გორელებმა პირველ ეტაპზე 26 ქულას მოუყარეს თავი. ჩემპიონატის ფორმატიდან გამომდინარე რვა საუკეთესოში გასულნი კი 15 ქულით განაგრძობენ უმაღლესი ადგილების დასაკავებლად ბრძოლას.

მიუხედავად იმისა, რომ დილამ სეზონის პირველ ნახევარში დასახულ მიზნებს ფაქტობრივად მიაღწია, კლუბის ხემძღვანელობამ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით მთავარი მწვრთნელის - გიორგი ცეცაძის, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება აუცილებლად მიიჩნია.   გორელთა თავკაცობა თემურ მახარაძეს დაევალა და მასთან ერთად გუნდმა ნაყოფიერი შეკრების გავლაც მოასწრო... წინ სეზონის მეორე ნახევარია და ახალი დავალებები, რომელთა სწორად შესრულების შემთხვევაში, ჩვენი მომავალი მეტოქე ევროპის ლიგაზე თამაშის უფლებასაც მოიპოვებს.

ძლიერი მხარეები:

თემურ მახარაძის გუნდზე საუბრისას შეუძლებელია ყურადღება არ მივაქციოთ ყველა სათამაშო რგოლში თანაბრად დაკომპლექტებულ, კონკურენტუნარიან ფეხბურთელებს, რომელთაგანაც რამდენიმეს სულაც მარტოს შეუძლია შეხვედრის საკუთარ თავზე აღება და მატჩის ბედის გადაწყვეტა. გუნდის ძლიერ მხარეს  ნახევარდაცვის ხაზი წარმოადგენს - დინამოდან იჯარის წესით დამატებული ირაკლი ლექვთაძე და ყოფილი დინამოელი - გიორგი კახელიშვილი ნებისმიერი მეტოქისთვის თავ-გზის აბნევას შეეცდებიან... ასევე აღსანიშნავია ქართული საფეხბურთო ამინისტიის შემდეგ ფეხბურთში დაბრუნებული გიგა ბეჭვაიაც, რომელლის სათამაშო კლასის შესახებ კარგად მოგვეხსენება. ასევე მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს საქართველოში დაბრუნებული ზურაბ არზიანი, რომელიც  ერთი წლის   დინამოს ღირსებას იცავდა.   ცალკე აღნიშვნის ღირსია ასევე რუსეთიდან დაბრუნებული გოჩა ხოჯავა, რომლის არაერთი კარგი თამაში ახსოვს  ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს.

ისტორია და დღევანდელობა:

1949 წელს გორში დაარსებულ საფეხბურთო კლუბს მოგვიანებით - 1961 წელს გორის დილა დაარქვეს. წითელი მაისურებით მოთამაშე გორელებმა პირველი ტიტული გასული საუკუნის 60-იან წლებში მოიპოვეს,  1968 წელს გორის დილამ შოთა შავგულიძის სახელობის ტურნირი მოიგო. 1969 წლის სპორტული სეზონი გორის დილამ მოწოდების სიმაღლეზე ჩაატარა და ერთი საფეხურით წინ წაიწია... გუნდმა საქართველოს ბ კლასის ფეხბურთელთა ტურნირებიდან, ა კლასის გათამაშებებში გადაინაცვლა.

ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან გორის დილა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობდა 1990 წლიდან მოყოლებული გორელებმა 18 წელი უმაღლეს ლიგაში გაატარეს - 2008 წელს კი გუნდი რანგით დაბალ ლიგაში დაქვეითდა, ფინანსების არ ქონის გამო კი მოგვიანებით გუნდი სულაც მეორე ლიგაში იქნა დაქვეითებული.

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დილას საუკეთესო მონაგარი 2004 წლით თარიღდება, როდესაც გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში მეექვსე ადგილის დაკავება მოახერხა და ინტერტოტოს თასის გათამაშებაზე იასპარეზა. ევროასპარეზზე გორელთათვის პირველივე რაუნდი გადაულახავი გამოდა. დილა ბულგარულ მარეკს დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში ( 0:0, 0:2) - 0:2 დამარცხდა.

გორელებმა 2009/2010 წლების სეზონი მეორე ლიგაში დაიწყეს და საფეხბურთო წლის ამოწურვის შემდეგ პირველ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვეს. 2010/2011 წლების სეზონში კი გუნდმა პირველ ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგაში აღსაზევებელლ თამაშში სამტრედიას 2:0 მოუგო.

დღეს გუნდი საკუთარი ისტორიის გადაწერისთვის ემზადება და განგებისგან ოქროსფერი კალმით ჩაწერილ სიტყვებს ელოდება. წინ სეზონის მეორე ნახევარია - უმაღლესი ლიგა და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი.

მეტოქე და ჩვენ:

მიმდინარე სეზონში დინამო დილას მეხუთედ დაუპირისპირდება. აქამდე გამართულ ოთხ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა ტრადიციულად დაუმარცხებლად იასპარეზა. დინამომ ჩემპიონატის ეგიდით გამართული ორივე შეხვედრა მოიგო (სტუმრდ - 2:1, შინ - 2:0), თასზე კი ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა (შინ - 2:2, სტუმრად - 0:0)

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში თბილისის დინამომ პირველი შეხვედრა გორის დილასთან 1990 წელს გამართა თბილისში და მეტოქე დიდი ანგარიშით 5:0 გაანადგურა. ამავე სეზონში დინამომ მეტოქეს სტუმრადაც 3:0 სძლია.

თბილისის დინამომ ყველაზე მეტი გოლი ერთ შეხვედრაში გორელებს 2004/05 წლების სეზონში გაუტანა, როდესაც დილა 9:0 დაამარცხა.

თბილისის დინამო და გორის დილა ერთმანეთს ისტორიაში დღევანდელ დღემდე  51–ჯერ დაუპირისპირდნენ, სადაც დედაქალაქელებმა 44–ჯერ იმარჯვეს, 6 მატჩი ფრედ დასრულდა და მხოლოდ ერთადერთხელ მოახერხა დილამ დინამოს დამარცხება. ბურთების შეფარდება 156:2.

მხოლოდ ჩემპიონატის ეგიდით კი დინამომ 43 შეხვედრიდან 39 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა. ბურთების შეფარდება 136:20.  

სტატისტიკა ძალზედ მნიშვნელოვანია, იგი ისტორიის განუყოფელი ნაწილია,თუმცა წარსულში ნაჩვენები შედეგებით მომდევნო მატჩის მოგება შეუძლებელია. დინამო მოედანზე საბრძოლო ემადგენლობით გავა და შეხვედრის მოგებას შეეცდება, მით უფრო, რომ ჩვენს გუნდ დილასგან მიმდინარე სეზონში წყენა ახსოვს... საქართველოს თასის გათამაშებიდას ხომ სწორედ გორელებთან ორი ფრედ ნათამაშები შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა დინამო.

გორის დილას სავარაუდო შემადგენლობა:

სკენდერი - ალადაშვილი, სალუქვაძე, ინწკირველი, ქარქუზაშვილი - კახელიშვილი, ხოჯავა, არზიანი, ნოზაძე - ჯიქია, ვაწაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024