4/27/2012
მერანი vs დინამო – მატჩამდე (EN)

უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის IX ტურის შეხვედრას დინამოელები მარტვილში, ადგილობრივი მერანის წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა 28 აპრილს თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

მიმდინარე სეზონში დასახული მიზნები:

უმაღლესი ლიგის დებიუტანტი მარტვილის მერანი რვა საუკეთესო გუნდში მოხვდა, რითაც გუნდმა ჩემპიონატის სტარტზე დასახული ამოცანა შეასრულა და ქართული ფეხბურთის ელიტარულ მარაქაში გაერია. მარტვილში მერანთან თამაში ნებისმიერი გუნდისთვის დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული, რაშიც მარტვილელთა მიერ უკანასკნელ შეხვედრებში ნაჩვენებმა შედეგებმა ( მერანი 4:4 ზესტაფონი, მერანი 3:0 ტორპედო ) კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა.

მწვრთნელი და გუნდი:

მარტვილის მერანი იმ უიშვიათეს გუნდთა სიას მიეკუთვნება, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში მთავარი მწვრთნელი არ შეუცვლია. საკუთარ მოედანზე შესანიშნავად მოთამაშე მარტვილელებმა მეტოქეთათვის უხერხულ მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბდნენ. ჩვენი მომავალი მეტოქე დებიუტანტის კვალობაზე შესანიშნავ სეზონს ატარებს. უმაღლესი ლიგის რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრილ მარტვილის მერანს 2012/2013 წლების სეზონში ელიტაში თამაში განაღდებული აქვს და მიმდინარე ჩემპიონატის დარჩენილ შეხვედრებში საკუთარი შედეგების გაუმჯობესებას შეეცდება.

სუსტი და ძლიერი მხარეები:

ერთ მუშტად შეკრული მარტვილის მერანი გუნდურ და რეზულტატზე გათვლილ ფეხბურთს თამაშობს. ყველა სათამაშო რგოლში თანაბრად დაკომპლექტებულ მერანს აქტიური, ერთგული გულშემატკივარი უმაგრებს ზურგს. მერანის ძლიერ მხარეს გამოცდილი ნახევარდაცვის ხაზი წარმოადგენს. დიდავა–მანწკავას დუეტს კოტ –დიუვარელი მუნინი ტაპე და ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველები შესანიშნავად უბამენ მხარს და თავდამსხმელებს არაერთ ხელსაყრელ მომენტს უქმნიან. ნახევარდაცვის ფონზე შედარებით სუსტად გამოიყურება დაცვის ხაზი, მათი არასტაბილური თამაში არაერთხელ გამხდარა მარტვილელთა კარში გაშვებული ბურთის წინაპირობა.

ისტორია და დღევანდელობა:

მარტვილის საფეხბურთო კლუბი მერანი 2007–2008 წლების სეზონში გამოჩნდა. გუნდი საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში ჩაება და საპატიო მესამე ადგილზე გავიდა. ამის შემდეგ გუნდმა კიდევ ორჯერ მოახერხა პირველ ლიგაში მესამე ადგილის დაკავება. მარტვილის მერანის ყველაზე თვალსაჩინო მიღწევა 2009–2010 წლების სეზონით თარიღდება. ხსენებულ სპორტულ სეზონში მერანმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე ნახევარფინალს უწია და ერთი ნაბიჯი დააკლდა თასის ფინალში გასვლამდე. ნახევარფინალში მათ ვიტ ჯორჯიას პირველ მატჩში 1:0 მოუგეს, გასვლით შეხვედრაში კი 0:2 დამარცხდნენ და გათამაშებას გამოეთიშნენ. გუნდმა პროგრესი 2010–2011 წლების სეზონშიც განაგრძო და უმაღლესი ლიგის საგზურსაც გამოჰკრა ხელი. მარტვილელები პირველი ლიგის ვერცხლის პრიზიორები გახდნენ და ქართული ფეხბურთის ელიტასაც შეუერთდნენ. დღეს გუნდმა საკუთარი ისტორიის გადაწერა მოახერხა.

მეტოქე და ჩვენ:

დინამოსა და მერანის ურთიერთშეხვედრები ხანმოკლე ისტორია გააჩნია. ეს გუნდები აქამდე სულ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. უმაღლესი ლიგის დებიუტანტთან თბილისელებს თანაბარი ბალანსი გააჩნიათ. სამი შეხვედრიდან ერთი მოგება, ერთი ფრე და ერთიც მარცხი. ბურთების შეფარდება თანაბარია – 5:5.

მარტვილის მერანის სავარაუდო შემადგენლობა:

შეროზია - კაკუშაძე, იობაშვილი, მემარნიშვილი, ჟვანია - სუხიაშვილი, ტაპე,

დიდავა, გრიგალაშვილი - ჩალაძე, ამბროლაძე

დასასრულს კი შეგახსენებთ, რომ შეხვედრის ტექსტური LIVE-ს ნახვა ტრადიციულად ჩვენი გუნდის ოფიციალურ ვებ–გვერდზე იქნება შესაძლებელი. მატჩი მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე 16:00 საათზე გაიმართება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024