2 მაისს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეათე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება. ზესტაფონის ზესტაფონი დინამო თბილისს უმასპინძლებს.
აქამდე გუნდები ერთმანეთს ოცდაოთხჯერ შეხვედრიან. აქედან თერთმეტ შემთხვევაში მტკვრისპირელებმა დატოვეს მინდორი თავაწეულებმა, ექვსი შეხვედრა ფრედ დამთავრდა, ხოლო შვიდ მატჩში გამარჯვებულები ყვირილისპირელები დარჩნენ. ბურთების შეფარდება 30/22 თბილისელთა სასარგებლოდ. ამ გუნდების დაპირისპირებაში ყველაზე პოპულარული ანგარიში 1–0 არის, რომელიც რვა შეხვედრაში დაფიქსირდა. ექვსი შეხვედრა კი ანგარიშით 2–0 დასრულდა. დიდი ანგარიში მხოლოდ სამ შეხვედრაში დაფიქსირდა. 2009 წლის 10 აპრილს, თბილისელებმა გასვლაზე, ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხეს მოწინააღმდეგე. იმავე წლის 29 აგვისტოს, ოცდამეერთე ჩემპიონატის მეოთხე ტურში კი ზესტაფონელებმა 4–1 იმარჯვეს, ეს შეხვედრაც ფეროელთა ქალაქში გაიმართა. ასევე ზესტაფონში დაფიქსირდა მესამე დიდი ანგარიში ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში. შარშან 14 დეკემბერს, პირველობის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს, ზესტაფონმა 5–1 დაამარცხა დინამო.
დინამოს ზესტაფონური გუნდებიდან, ასევე მარგვეთთან და მეტალურგთან უთამაშია. ამ შეხვედრებში თბილისელებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ. ოცდაერთ ჩატარებულ მატჩში ზესტაფონელებმა მხოლოდ ორჯერ იმარჯვეს, სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო თექვსმეტ შემთხვევაში თბილისელებმა იზეიმეს გამარჯვება. ბურთების შეფარდება 82/15 დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 1994 წლის 15 ოქტომბერს იმარჯვა. მეექვსე ჩემპიონატის მერვე ტურში ჩატარებულ შეხვედრაში თბილისელებმა მარგვეთი ორნიშნა ანგარიშით 10–1 დაამარცხეს. 1996 წლის 17 ნოემბერს დინამომ რვა უპასუხო ბურთი გაუტანა მარგვეთს. ანგარიშებით 6–0 და 6–1 კი, დინამომ სამ–სამჯერ იმარჯვა.
ამ გუნდების ბოლო შეხვედრა, რომელსაც დინამო არენამ უმასპინძლა ფრედ 1–1 დასრულდა. 21 მარტს გამართული მეორე ეტაპის მესამე ტურში, ორივე გოლი დინამოელებმ გაიტანეს. ჯერ პირველ ნახევარში ჯიღაურმა ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში, ხოლო მეორე ტაიმში ჩისკომ აღადგინა წონასწორობა.