5/3/2012
13 მაისი – შერჩევა დინამო არენაზე (EN)

ჩვენი კლუბის საფეხბურთო აკადემიის წარმომადგენლები დინამოს სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტთა წინაშე წარსდგნენ.

ანდრეს კარასკო (დინამოს საფეხბურთო აკადემიის დირექტორი) –  13 მაისი დინამო თბილისის ისტორიაში ყველაზე დიდ გამარჯვებასთან ასოცირდება. სწორედ ამ დღეს გვსურდა დაგვემთხვია მოზარდ ფეხბურთელთა შერჩევის პროცესი. ჩვენ ამჟამად ძიების პროცესში ვართ და გვსურს კონკურენტუნარიანი ასაკობრივი გუნდების ჩამოყალიბება. დაგეგმილი შერჩევა კი ვგონებ დაგვეხმარება კიდევ ორი ასაკობრივი გუნდის დაკომპლექტებაში. დინამო არენაზე თამაში ყველა ბავშვისთვის ოცნებაა, ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შერჩევა დინამოს არაჩვეულბრივ გაზონზე გავმართოთ, სადაც ბავშვები ფეხბურთის თამაშით სიამოვნებას მიიღებენ, ამავდროულად შერჩევის პროცესს მშობლები და მათი გულშემატკივრებიც დაესწრებიან. მომავალი წლიდან ვგეგმავთ, რომ აკადემიის დონეზე ცხრა ასაკობრივი გუნდი გვყავდეს. ბავშვები, რომლებიც თავიანთი ინდივიდუალური თვისებებით დაგვამახსოვრებენ თავს, დღის ბოლოსვე მიიღებენ პასუხს, დანარჩენი მოთამაშეების აკადემიაში დატოვება–არდატოვების საკითხზე კი ვიმსჯელებთ და რამდენიმე დღის განმავლობაში პასუხსაც მიიღებენ.  მათ, ვინც ვერ მოახერხებს ამ შერჩევაზე დინამოს აკადემიაში მოხვედრას, კიდევ ექნებათ შანსი დინამოს საფეხბურთო სკოლის სახით, რომელიც სულ მალე დაიწყებს ფუნქციონირებას. ჩვენ გვსურს, რომ აკადემიაში დინამოს დონის შესაფერისი მოთამაშეები აღვზარდოთ, რომლენიც მომავალში დინამოს დიდ წარმატებას მოუტანენ.

თემურ უგრეხელიძე (დინამოს საფეხბურთო აკადემიის კოორდინატორი)– ჩვენ დავბეჭდეთ სარეგისტრაციო ანკეტები, რომელიც შეგიძლიათ აიღოთ დინამოს ბაზაზე და დინამო არენაზე, ასევე შესაძლებელია ფეხბურთელის ონლაინ–რეგისტრაციაც. შევსებული ანკეტა შეგიძლიათ ჩააბაროთ სტადიონზე, ბაზაზე ან გადმოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე.

ლევან გვანცელაძე (დინამოს საფეხბურთო აკადემიის კოორდინატორი)– სარეგისტრაციო განაცხადების მიღების ბოლო ვადა 11 მაისია, აქედან გამომდინარე ჩვენ წინასწარ გვეცოდინება თუ როგორ უნდა დავაკომპლექტოთ გუნდები. 13 მაისს დილის 9:30 საათზე დაიწყება ბავშვთა პირველი ნაკადის რეგისტრაცია და 10:00–13:00 საათამდე გუნდები მცირე ზომის მოედნებზე ითამაშებენ.  14:30 საათზე კი ბავშვთა მეორე ნაკადის რეგისტრაცია დაიწყეა, მათ უშუალოდ საქმეში 15:00–18:00 საათამდე ვიხილავთ. საგულისხმოა, რომ ჩვენ სასურველი კადრების შესარჩევად დასავლეთ საქართველოში ვიყავით. მოვიარეთ აჭარა, ვიყავით კასპსა და გურჯაანში, ჩავედით ყვარელსა და გურჯაანში,  თელავის რეგიონში – ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნიჭიერი ფეხბურთელების ძიების პროცესში ვართ და ამ ცოცხალი პროცესის გაგრძელება იქნება 13 მაისს დანიშნული შერჩევაც. ცხადია სელექცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მომავალშიც გაგრძელდება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024