შაბათს 12 მაისს, საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეთორმეტე ტურში დინამო ფოთში ფაზისის სტადიონზე ადგილობრივ კოლხეთთან ითამაშებს.
გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში ორმოცდარვა მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა ოცდათორმეტ შემთხვევაში იმარჯვეს, ათი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო ექვსი მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 107/34 დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე უხვგოლიანი და ასევე ყველაზე დიდი სხვაობით მოპოვებული გამარჯვება, ანგარიშით 6–1 1998 წლის 30 ნოემბერით თარიღდება. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5–1 დაამარცხეს დინამო. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4–0 ხუთჯერ დაამარცხა. ანგარიშით 5–0 კი დინამოს სამი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და ორიც შინ. ბოლო მატჩი, რომელიც 17 სექტემბერს გაიმართა და კოლხებმა თბილისელებს ზუგდიდში უმასპინძლეს, დინამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3–0 დასრულდა.
ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება, რომელიც 2 აპრილს დინამო არენაზე შედგა, საყაიმო ანგარიშით 1–1 დასრულდა. იმ შეხვედრაში გოლები გოგონაიამ და ჯიღაურმა გაიტანეს.