5/11/2012
კოლხეთი VS დინამო – მატჩამდე (EN)

უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის XII ტურის შეხვედრას დინამოელები ფოთში, ადგილობრივი კოლხეთის წინააღმდეგ გამართავენ. ხვალინდელ შეხვედრაში დინამოელები სამი ქულისთვის იბრძოლებენ.

მიმდინარე სეზონში დასახული მიზნები:

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში საგრძნობლად გაძლიერებულმა ფოთის კოლხეთმა შეიძლება ითქვას, რომ უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპი ყველასათვის მოულოდნელად დაიწყეს და ერთობ შედეგიანი ფეხბურთი ითამაშეს. სეზონის სტარტზე რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრისთვის მებრძოლმა ფოთელებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს და მომდევნო სეზონში უმაღლეს ლიგაში თამაშიც გაინაღდეს. ახლა ფოთელთა მთავარი საფიქრალი მომდევნო სეზონისთვის კიდევ უფრო მეტად ამბიციური და მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბებაა.

მწვრთნელი და გუნდი:

ფოთის კოლხეთმა მიმდინარე სეზონში ერთობ რთული გზა განვლო, თუნდაც რად ღირს ის ფაქტი, რომ დავით მახარაძის გაწვრთნილ გუნდს ფაქტობრივად ყველა თამაშის ჩატარება სტუმრად უწევდათ. ფოთის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, კოლხები იძულებულნი იყვნენ ახლომდებარე ქალაქებში არსებულ მოედნებზე ეთამაშათ მასპინძლის სტატუსით. მას შემდეგ კი რაც კოლხეთი საკუთარ მოედანს დაუბრუნდა, გუნდი უჩვეულოდ ათამაშდა და ფაზისზე გამართულ შვიდ შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, ოთხჯერ იმარჯვა, ორჯერ კი ფრედ ითამაშა.

სუსტი და ძლიერი მხარეები:

ფოთელთა სუსტ და ძლიერ მხარეზე საუბრისას რთულია არ გამოვყოთ დაცვის ხაზისა და მეკარის შეთანხმებული, ნაყოფიერი თამაში. საინტერესოდ გამოიყურება კოლხეთის შემტევი კოლექტივი. ფოთელთა თავდამსხმელთა საშუალო ასაკი 22 წელს არ აღემატება, რითაც სხვა უმაღლესი ლიგის გუნდებისგან გამოირჩევიან. გუნდის საუკეთესო შემტევ მოთამაშეებს დავით ციცხვაიასა და ილია პავლიაშვილი ოთხი გატანილი ბურთით იწონებენ თავს.

კოლხეთის სავარაუდო შემადგენლობა:

ხარშილაძე – ფოფხაძე, ლომაშვილი, ბოიომო, გაბუნია – ცხვიტარია, ქებაძე, პავლიაშვილი, გოგონაია – ტუღუში, ციცხვაია

დასასრულს შეგახსენებთ, რომ კოლხეთისა და დინამოს შეხვედრის ტექსტური LIVE-ს ხილვა ჩვენი გუნდის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ, მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024