9/10/2011
დინამო ეკაში აქტიურობს (EN)

თავის დროზე ბობოლა კლუბებმა ორგანიზაცია ჯი-14 იმიტომ შექმნეს რომ უეფასგან დამოუკიდებლად ეწარმოებინათ საკუთარი პოლიტიკა და ფულიც საკმაოდ დახარჯეს ამაში, მაგრამ უეფას თანამიმდევრულმა და სწორმა გეზმა ისინი ამ ორგანიზაციის არასაჭიროებაში დაარწმუნა, რაც 2008 წელს ეკას (ევროპის კლუბების ასოციაცია) შექმნის წინაპირობა გახდა. ამ ორგანიზაციის დაფუძნებაში თბილისის დინამომაც მიიღო მონაწილეობა (ბუბა ტყავაძე). რაც დრო გადის, ეკას ავტორიტეტი უფროდაუფრო იზრდება, რაზეც თუნდაც ის ფაქტი მიუთითებს, რომ ორგანიზაციას მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა და მიუნჰენის ბაიერნის შეფი კარლ-ჰაინც რუმენიგე ხელმძღვანელობს, ხოლო აღმასკომში რეალის პრეზიდენტი ფლორენტიო პერესი, ბარსელონას პრეზიდენტი სანდრო როსელი, მანიუს შეფი დევიდ გილი, ცეესკას ხელმძღვანელი ევგენი გინერი და სხვა ცნობილი საფეხბურთო ჩინოვნიკები არიან.
წლეულს, 5-6 სექტემბერს ეკას გენერალურ ასამბლეა ჟენევაში, პრესიდენტ ჰოტელ ვილსონში გაიმართა, რომელშიც თბილისის დინამოს მხრიდან კლუბის გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი და კლუბის უეფას კოორდინატორი თეა შამათავა მონაწილეობდნენ. ამ ფაქტს დაემთხვა ისიც, რომ პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპზე წარმატებული თამაშის შემდეგ თბილისის დინამო მსოფლიოს საფეხბურთო სტატისტიკური ორგანიზაციის ვერსიით სარეკორდო 85-ე ადგილზე არმოჩნდა!


გენერალურ ასამბლეაზე მრავალი საინტერესო საკითხი განიხილეს: საერთაშორისო მატჩების კალენდარის შედგენა (რატომღაც ჩვენმა საფეხბურთო საზოგადოებამ ფეხი რომ ვერ აუწყო), კლუბების ფინასური უზრუნველყოფა, კლუბებსა და ნაკრებებს შორის ფეხბურთელთა სადაზღვევო პოლიტიკის დახვეწა, ფეხბურთელთა ტრავმიანობის გამო კლუბებსა და ნაკრებებს შორის კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირება, კლუბების მარკეტინგული და საკომუნიკაციო საკითხები, ბავშვთა და ახალგაზრდული ფეხბურთის სიახლეები, საფეხბურთო აკადემიების სატრანსფერო პოლიტიკის დახვეწა, საფეხბურთო ტოტალიზატორების მიერ ლიგების დაფინანსების საკითხის წამოწევა, ფეხბურთში ვიდეოგამეორებების დანერგვის საკითხები, სამსაჯო სიახლეები და სხვა საკითხები, რომელთა განხილვაშიც ზურაბ პოლოლიკაშვილი და თეა შამათავაც მონაწილეობდნენ. ჩვენი კლუბის წარმომადგენლებს შეხვედრა ჰქონდათ ბარსელონას პრესიდენტ სანდრო როსელისთან, რომელთანაც ზურაბ პოლოლიკაშვილს პირადი მეგობრობა აკავშირებს. როსელიმ განსაკუთრებით მოკითხა მისი გუნდის ყოფილი წევრი ალექს გარსია და მისი კატალონელი თანაშემწენი და კმაყოფილებით აღნიშნა – ხომ დაეტყო ბარსელონური ხელი დინამოსო! გარდა ამისა დინამოს წარმომადგენლებმა ათამდე კლუბის ხელმძღვანელთან გამართეს კონსულტაცია და შეხვედრა და ცნობილმა ესპანურმა სევილიამ, ჩემპიონთა ლიგას გაშინაურებულმა სლოვაკურმა ჟილინამ, და პოსტსაბჭოთა სივრცეში ფინანსურად გამორჩეულმა აზერბაიჯანულმა ბაქიმ გამოთქვეს სურვილი დინამოსთან მჭიდროდ ითანამშრომლონ და საკონტროლო მატჩებიც გამართონ.
 მოწვეულ სტუმართაგან აღსანიშნავია უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო, კლუბების საშეჯიბრო დეპარტამენტის შეფი მიქაელ ჰესელშვერდტი, უეფას ცნობილი და გამოცდილი ჩინოვნიკი მიშელ ჩენტენარო (რომელიც ოფიციალურად გადავიდა ეკას გენერალურ მდივნად), ასევე ცნობილი არბიტრი პიერლუიჯი კოლინა და სხვა...
და ბოლოს, ტრადიციულად სემინარის შემდეგ საფეხბურთო ტურნირი გაიმართა, რომელშიც ზურაბ პოლოლიკაშვილი ლუიშ ფიგუსთან ერთად თამაშობდა, მაგრამ სამწუხაროდ, ქართულ-პორტუგალური დუეტი ოდენ მესამე ადგილს შეწვდა, სამაგიეროდ ჩემპიონთა შემადგენლობაში მიქელე ჩენტენაროსთან ერთად ვიტ ჯორჯიელმა დავით თავართქილაძემაც შეიტანა საკუთარი წვლილი...

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024