1/8/2012
გიორგი დევდარიანი – გუნდმა სანახაობრივი და შედეგიანი ფეხბურთი აჩვენა (EN)

დინამოს დუბლშემადგენლობა, რომელსაც გიორგი დევდარიანი წვრთნის, ზამთრის პაუზას ერთობ წარმატებულად შეხვდა. დინამო-2 სატურნირო ცხრილში, 48 ქულით პირველ ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილზე მყოფ ზუგდიდის ბაიასთან დინამოელებს   ექვსქულიანი ჰანდიკაპი გააჩნიათ. ჩვენი გუნდის ოფიციალურ  ვებგვერდს დინამოს დუბლშემადგენლობისა და საქართველოს ცხრამეტწლამდელთა მთავარი მწვრთნელი ესაუბრა.

გიორგი დევდარიანი: საერთო შეფასებით ჩვენი გუნდისთვის პირველი წრე კარგი გამოდგა. წინასასეზონო მომზადება იდეალურად იყო დაგეგმილი. ეს იმაში გამოვლინდა, რომ პირველი ოთხი თამაში გუნდს გაუჭირდა, ხოლო შემდეგ აკრიფა ფორმა და ფუნქციონალური მომზადებით  მეტოქეებზე მათი უპირატესობა გამოჩნდა. ეს ყველაფერი, კი სწორად დაგეგმილი ექვსკვირიანი მოსამზადებელი პერიოდის შედეგია. ამავე დროს ტექნიკურ–ტაქტიკურად მოხდა ფეხბურთელების უკეთ გაცნობა–შეწყობა–შეთამაშება და შესაბამისად გუნდმა შედეგიანი და სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენა. სასიამოვნოა ახალი წლის შეხვედრა სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე, თუმცა ვთვლი, რომ უფრო მნიშვნელოვანი, დუბლებში მომზადებული ფეხბურთელების უმაღლესი ლიგის გუნდებით დაინტერესებაა. ამ ზამთარში ჩვენი გუნდი შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა: პარუნაშვილი, პაპავა და ხოჭოლავა დინამოს მთავარ გუნდში გადაიყვანეს, ხოლო ნადირაძე, ჩაფიძე, გაბაშვილი და ჯიშკარიანი– ცხინვალის სპარტაკში გააგრძელებენ კარიერას. მეორე წრისთვის ფაქტიურად ახალი გუნდის გაკეთება მოგვიწევს. კლუბში დარჩენილი ფეხბურთელების რაოდენობა და მოსამზადებელი ეტაპი იმის იმედს გვიტოვებს, რომ შევძლებთ კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნას, რომელშიც აღიზრდებიან ინდივიდები პირველი გუნდისთვის.

დინამოს დუბლები ფაქტიურად, საქართვლოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრების საბაზო გუნია. ნაწილი მათგანი პირველ გუნდში გადავიდა და იმედია მაისში გასამართი ჩემპიონატისთვის კარგ ფორმაში იქნებიან. ასევე არის ნაკრების ათკაციანი კანდიდატთა სია. 20 დეკემბრის შემდეგ უკვე დაწყებული გვაქვს მზადება და იანვარში დაგეგმილია ნაყოფიერი შეკრება,სავარაუდოდ უცხოეთშიც. ამ ფეხბურთელთა მომზადება დარწმუნებული ვარ გამოადგება ასევე ცხრამეტწლამდელთა ნაკრებსაც. მნიშვნელოვანია, რომ მზადების პროცესში, ის ფეხბურთელები, რომლებიც არ არიან დინამოს წევრები– ჩვენთან ერთად ემზადებიან და ვარჯიშობენ, რაზეც მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ხელმძღვანელობას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024