01.09.2011
დინამოში ახალი ეპოქა იწყება

გუშინ თბილისის დინამოს საწვრთნელ ბაზას ვეწვიე და ნანახით მართლაც მოხიბლული დავრჩი. ბაზაზე სასიამოვნო სამუშაო ფუსფუსია და ცოტა ხანში თბილისის დინამოს მართლაც უმაღლესი დონის ბაზა ექნება, სწორედ ისეთი, როგორიც ამ გუნდს ეკადრება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დინამოს ბაზა აღარ ჰგავს ციხეს და გარეთ მყოფ ნებისმიერ ქომაგს შეეძლება საყვარელი გუნდის ვარჯიშის ცქერა. ბაზაზე მეგზურობა `დინამოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა გიგა გვენცაძემ და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი გოგოლაძემ გაგვიწიეს, რომლებსაც შემდეგ არაერთ საინტერესო საკითხზე გავესაუბრე.

- ჩვენი საუბარი სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებით დავიწყოთ. დაახლოებით როდისთვის დაიგება ახალი საფარი და შესაძლებელი იქნება თუ არა საბერძნეთთან მატჩს, სწორედაც რომ, ქვეყნის მთავარმა სპორტულმა არენამ უმასპინძლოს.

გიორგი გოგოლაძე - დინამო არენაზე თითქმის დასრულებულია ძველი საფარის აღება. მომავალი კვირიდან კი ახლის დაგებას დავიწყებთ. მინდა აღვნიშნო, რომ ანალოგიური საფარი აგია ბეშიქთაშის, ფენერბახჩეს და კიევის დინამოს საშინაო ასპარეზზე. გამომდინარე აქედან, ჩვენს ფეხბურთელებს უმაღლესი ხარისხის მინდორზე შეეძლებათ თამაში. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და საბერძნეთთან გასამართი პრინციპული შეხვედრისთვის სტადიონი სრულ მზადყოფნაში იქნება. აქვე ვიტყვი, რომ თანდათანობით დინამოსსტადიონი ყველანაირად დაემსგავსება მოწინავე ევროპულ სტადიონებს. იქ გაიხსნება მუზეუმი, კაფეები და კლუბის მაღაზია. მოკლედ, გულშემატკივარი სტადიონზე სრულ კომფორტში იქნება.

- ბაზაზე მიმდინარე სამუშაოებზე რას იტყვით?

გიგა გვენცაძე - როგორც იცით, კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია დიდ ინვესტიციას დებს დინამოში. თამამად ვიტყვი, რომ აქ არ ხდება მხოლოდ გუნდის მშენებლობა, არამედ საუბარი გვაქვს კლუბის სრულ მოდერნიზაციაზე. ბაზაზე გვექნება უმაღლესი დონის ორი ბუნებრივი და ერთი ხელოვნურსაფარიანი
მინდორი, კეთდება სამი ჩოგბურთის კორტი, მიმდინარეობს სრული რეკონსტრუქცია, იქმნება თანამედროვე ფიტნეს-კლუბი. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ დინამოში რომან ფიფიას მოსვლის შემდეგ თითოეული ფეხბურთელის საკონტრაქტო პირობები გაუმჯობესდა. ახლა ჩვენს ფეხბურთელებს ყველა პირობა ექნებათ, რომ მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრონ. მთლიანობაში კი, რომან ფიფიამ და ზურაბ პოლოლიკაშვილმა კლუბში ისეთი ატმოსფერო შექმნეს, რომ თითოეული ჩვენგანი თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ ოჯახში, არავინ  უყურებს საათს იმისთვის, რომ გაიგოს, სამუშაო დღე როდის დასრულდება, დინამოში დღეს ძალიან დიდი ენთუზიაზმია და საქმისადმი ასეთი მიდგომა აუცილებლად იქნება წარმატების გარანტი.

- დინამოს აკადემიასთან დაკავშირებით რა სიახლეებია?

გიორგი გოგოლაძე - დინამოს აკადემიაც ისეთი ექნება, როგორიც ამ გუნდის სახელს ეკადრება. აკადემიის ტერიტორიაზე აშენდება საცხოვრებელი კომპლექსი, იქნება სასწავლო ცენტრი, რამდენიმე მინი-მოედანი, ტრენაჟორები, ბასეინი. აკადემიის მუშაობას ანდრეს კარასკო წარუძღვება, რომელსაც ანალოგიური ფუნქციები ჰქონდა ბარსელონაში. რომან ფიფიას მეშვეობით, რომელიც ყოველდღიურადაა ჩართული გუნდის საქმიანობაში, დინამო
ევროპული მასშტაბით კონკურენტუნარიანი გუნდი გახდება. კარგად ვიცი, რა დონის ბაზები აქვთ პოსტსაბჭოთა მოწინავე გუნდებს. დამერწმუნეთ, დინამოს  ბაზა ხარისხობრივად პოსტსაბჭოთა სივრცეში და არა მარტო, საუკეთესო იქნება.

- ყოველივე ეს გუნდში ახალი სპონსორების მოსვლის გარანტიას იძლევა. საინტერესოა, ადიდასთან თუ გაგრძელდება ხელშეკრულება?

გიგა გვენცაძე - მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში დინამოს პარტნიორთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა - პრივატბანკი, ჰიუნდაი, GMG და გუნდში მიმდინარე პროცესებმა კიდევ არაერთ კომპანიას გაუჩინა სურვილი დინამოს პარტნიორობისა და მათი რიცხვი აუცილებლად გაიზრდება. რაც შეეხება ადიდასს, მსოფლიოში აღიარებული ეს ბრენდი მომავალი სეზონისთვის დინამოსთვის სპეციალურად დაამზადებს ახალ ფორმას განსხვავებული დიზაინით.
ადიდასი არამარტო პირველ გუნდს, არამედ დუბლებსაც და ჩვენი აკადემიის ასაკობრივ გუნდებსაც შემოსავს.

- გულშემატკივარს აინტერესებს, როდის გაიხსნება დინამოს მაღაზია, რომელშიც ქომაგს შეეძლება საყვარელი გუნდის ეკიპირება და ატრიბუტიკა.

გიორგი გოგოლაძე - უახლოეს პერიოდში ამუშავდება დინამოს ინტერნეტ-მაღაზია, შემდეგ კი უკვე ჩვეულებრივი მაღაზიის გახსნა უბრალოდ დროის ამბავია. აქვე ვიტყვი, რომ კლუბის ხელმძღვანელობის მიდგომა საქმისადმი დინამოს თითოეულ წევრზე აისახება. აქ მოსვლა დინამოელებს გვიხარია, ეს ჩვენთვის სამსახური კი არა, ცხოვრების ნაწილია.

- და ბოლოს, ყველაზე დიდი სირთულე რა იყო, რასაც წააწყდით?

გიგა გვენცაძე - ყველაზე დიდი სირთულე ის იყო, რომ ამ დონის სამუშაოები პირველად ხორციელდება, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობისა და კლუბის თითოეული თანამშრომლის მუშაობის შედეგად ყველა სირთულე გადალახულია და მერწმუნეთ, დინამოს სირთულეები არ შეაშინებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თბილისის "დინამო" ისეთი გუნდი გახდეს, მისი ნებისმიერი ქომაგი ამაყი იყოს.


გაზეთი ოლიმპი 1 სექტემბერი პაატა ძნელაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024