24.09.2011
დინამო VS მერანი – მატჩის წინ

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის VII ტურის შეხვედრაში დინამო თბილისი მარტვილის მერანს, ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ ბასაზე დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი უმაღლესი ლიგის დებიუტანტ გუნდთან შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ლევან კაკუბავას და ალბერტ იაგუეს მოისაკლისებს, რომლებმაც თავის მხრივ ყვითელი ბარათების ლიმიტი ტორპედოსთან შეხვედრაში ამოწურეს.
უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონის მოთამაშე მარტვილის მერანი სულაც არ გახლავთ ხელწამოსაკრავი მეტოქე ახალწვეულის კვალობაზე. ეროვნულ ჩემპიონატში შვიდი ტურის შემდეგ დინამო თბილისის მსგავსად ორი გუნდი არის ისეთი, რომელთაც საკუთარ მოედანზე შეხვედრა ჯერაც არ წაუგია, ერთ–ერთი მათგანი მარტვილის მერანი გახლავთ, რომელმაც დინამოსთან შეხვედრამდე საქართველოს დავით ყიფიანის გათამაშების პირველი ეტაპის გავლაც მოახერხა და ექვსი ჩატარებული ტურის შემდეგ მოგროვებული რვა ქულით სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებს.
პირველი ლიგიდან ელიტარულ თორმეტეულში აღზევებულმა მარტვილის მერანმა პირველი შეხვედრა საქართველოს თასის მოქმედ ჩემპიონთან და პირველი ლიგის გათამაშების გამარჯვებულთან, კარგად ნაცნობ მეტოქესთან – გაგრასთან ჩაატარა. გასვლით მატჩში მერანი მშრალად დამარცხდა ევროპის ლიგაზე ნათამაშებ გაგრასთან 0:3, თუმცა გუნდში ამ მარცხმა ნეგატივის შეტანა ვერ მოახერხა და უკვე მეორე ტურში, ზუსტად ერთ კვირაში მარტვილელმა ფეხბურთელებმა კრიტიკოსები დაადუმეს. მათ გათამაშებაში პირველი გამარჯვება საშინაო შეხვედრაში, ცხინვალის სპარტაკთან დაპირისპირებისას იზეიმეს. მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე მისულმა 1 500 გულშემატკივარმა საკუთარი გუნდის წარმატებული თამაშით გაიხარა, გუნდმა კი პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და მეგრელმა ფეხბურთელებმა პირველი სამი ქულაც მოიპოვეს.
მესამე ტურის შეხვედრაში მერანმა სტუმრად მოახერხა ქულის მოპოვება. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ვეტერინართა წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში სტუმრად ფრედ – 0:0 ითამაშა და შინ ქულით გაბრუნდა. მცხეთა პარკზე ჩატარებულ შეხვედრაში მარტვილელმა ფეხბურთელებმა ორი ყვითელი ბარათი მიიღეს, თუმცა მათ სტუმრად ქულის მოპოვება ამად ნამდვილად უღირდათ.
გუნდის წარმატებულ თამაშთან ერთად მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე მაყურებელთა რაოდენობამაც იმატა. მეოთხე ტურის შეხვედრაში მერანი ქუათისის ტორპედოს დაუპირისპირდა. 2 000 გულშემატკივრის თანდასწრებით მასპინძლებმა მორიგი გამარჯვება იზეიმეს. ელგუჯა ბოლქვაძის მიერ 66–ე წუთზე გატანილი გოლით მერანმა შინ წარმატებული შეხვედრების სერია განაგრძო და ქუთათურ გუნდს მინიმალური ანგარიშით – 1:0 სძლია.
წარმატებული აგვისტოს შემდეგ მარტვილის მერანმა, სექტემბრის თვეში გამართული პირველივე შეხვედრა წააგო. მარტვილელი ფეხბურთელები საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან, 2004 წელს დაარსებულ ზესტაფონთან, გასვლით მატჩში დამარცხდნენ – 1:3.
მეექვსე ტურის შეხვედრაში ჩვენი უახლოეს მეტოქეთა ჯახიც ვიხილეთ. მარტვილში მერანი გორის დილას დაუპირისპირდა,შეგახსენებთ,რომ ეს უკანასკნელი 22 სექტემბერს გამართულმა სათასო წილისყრამ მეტოქედ გვარგუნა. მარტვილელები გორელებთან შეხვედრას ორჯერ აგებდნენ, თუმცა საკუთარი გუნდი წაგებისგან გიორგი მანწკავამ იხსნა, რომელმა ორჯერ უპასუხა მეტოქის გოლებს.
დინამოსთან შეხვედრაში მერანს დაცვის ხაზში მოთამაშე ვალერი იობაშვილი დაუბრუნდება, რომელმაც მეექვსე ტურის შეხვედრა გორის დილასთან დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
მარტვილის მერანის სავარაუდო შემადგენლობა:
შეროზია – იობაშვილი, კაკუშაძე, ჟვანია, მემარნიშვილი – დიდავა, მანწკავა, სუხიაშვილი, გრიგალაშვილი, ტაპე – ამბროლაძე
აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი მარტვილის მერანს არასდროს არ შეხვედრია, არც ჩემპიონატში და არც თასის გათამაშებაზე. თუმცა დინამოს და მერანის დაირისპირება შეიძლებოდა 2009/2010 წლების სეზონის თასის ფინალში შემდგარიყო. როდესაც ფინალში გასული დინამო მეტოქეს ვიტ ჯორჯია – მერანის წყვილიდან ელოდა. მარტვილელებმა პირველი საშინაო შეხვედრა მოიგეს მწვანეებთან, თუმცა განგებამ მერანის ფინალში გასვლა არ ინება და დინამოს ვიტ ჯორჯია არგუნა ფინალში. ახლა კი – 25 სექტემბერს დინამო თბილისის და მარტვილის მერანის ურთიერთდაპირისპირების მემატიანენიც გავხდებით. ჩვენი გუნდის მრავალფეროვან ისტორიას კიდევ ერთი ახალი მეტოქის სახელი შეემატება.
ჩვენი მეტოქე მიმდინარე სეზონში შინ რომ კარგი თამაშით გამოირჩევა ეს უკვე აღვნიშნეთ, თუმცა გვსურს ყურადღება ერთ, მეტად საინტერესო ფაქტზე გავამახვილოთ. მერანს 2010 წლის 14 ნომებრის შემდეგ, შინ ჩატარებულ 14 შეხვედრაში 4–ჯერ აქვს ფრედ ნათამაშები, დანარჩენი 10 მატჩი კი გუნდმა გამარჯვებით დაასრულა.
მიმდინარე ჩემპიონატში მარტვილის მერანი ყველაზე ძლიერად 60–70 წუთამდე მონაკვეთს თამაშობს. მათ დროის ამ ინტერვალში მეტოქეთა კარის აღება ორჯერ მოახერხეს.
საუკეთესო მეგოლეები 2011/2012 წლების სეზონში:
დინამო: ჩისკო – 3 გოლი, ალვარო – 2 გოლი
მერანი: მანწკავა – 3 გოლი, გრიგალაშვილი, ტაპე – 1 გოლი
მარტვილის მერანში მოთამაშე გივი დიდავა 2004 წლიდან დინამო თბილისის ღირსებას იცავდა. ამპლუით მცველმა დიდავამ სწორედ ამ პერიოდში საქართველოს ეროვნულ ნაკრების მაისურით 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. დიდავას მსგავსად კიდევ ერთ მარტვილელ ფეხბურთელს, გიორგი მანწკავას აქვს ჩვენი გუნდის მაისური მორგებული. მერანში მობურთალმა მანწკავამ 2001 წლიდან 2003 წლის ჩათვლით 15 შეხვედრა ჩაატარა ჩვენი გუნდის რიგებში და მეტოქეთა კარში ორი გოლიც გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისი 2009/2010 წლების დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალისტ მარტვილის მერანს ეროვნული ნაკრების ბაზაზე უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 16:00–ზე დაიწყება და მასზე დასწრება შეზღუდული იქნება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024