05.11.2011
ვიტ ჯორჯია VS დინამო - მატჩის წინ (RU)

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეცამეტე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი მცხეთაში გამართავს, სადაც ადგილობრივ ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდება. სატურნირო თვალსაზრისით, ჩვენი გუნდისთვის, მცხეთა პარკზე გასამართ შეხვედრა მეტად პრინციპული ხასიათის მატარებელი გახლავთ. თასის გათამაშების მიღმა დარჩენილ დინამოს, ეროვნულ ჩემპიონატში პოზიციების გასამყარებლად მხოლოდ და მხოლოდ მოგება სჭირდება.

მიმდინარე სეზონში დინამო ვეტერინარებს მეორედ დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა   ჩემპიონატის მეორე ტურში შედგა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ლევან კაკუბავასა და მიკელ ალვაროს გოლების წყალობით დინამომ მეტოქე მშრალი ანგარიშით - 2:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ვეტერინარებთან სადებიუტო მატჩის მოთამაშე ესპანელი ლეგიონერი, მიკელ ალვარო სალაზარი თავის პირველივე შეხვედრაში გატანილი გოლით გამოირჩა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გათამაშების სასტარტო ტურში, ჩვენმა მომავალმა მეტოქემ დიდი ბრძოლა გადაიხადა. ვიტ ჯორჯიამ მცხეთა პარკის გახსნა მოგებით დაასველა. ვეტერინარებმა მძიმე და რთულ ბრძოლაში უმაღლესი ლიგის დებიუტანტს, გორის დილას 4:3 მოუგეს.

დინამოსთან წაგებული შეხვედრის შემდეგ ვიტ ჯორჯიამ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველ ეტაპზე პირველი ლიგის ბინადარ სტუ-ს უმასპინძლა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ შედარებით სუსტ გუნდს არც თუ ისე დამაჯერებელი ანგარიშით 2:1 სძლია და საპასუხო შეხვედრას ინტრიგაც დაუტოვა.

მესამე ტურის შეხვედრაში ვიტ ჯორჯია კვლავ გათამაშების დებიუტანტს დაუპირისპირდა. მცხეთაში ამჯერად მარტვილის მერანს მოუწია სტუმრობა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ეროვნული ჩემპიონატის ახალწვეულ მერანს დაუზავდა - შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

ვეტერინარებს მეოთხე ტურში გასვლითი შეხვედრის გამართვა მოუწია. ბოლნისში, ადგილობრივ სიონთან მატჩში ვიტ ჯორჯია აშკარა მარცხს გადარჩა. რომ არა ბესიკ ჩიმაკაძის მიერ გაქვითული ბურთი, ვეტერინარები გათამაშების აუტსაიდერს სამ ქულას დაუტოვებდნენ.

დინამოს შემდეგ, ვიტ ჯორჯია გათამაშების კიდევ ერთ ლიდერს, რუსთავის მეტალურგს დაუპირისპირდა. მცხეთელები მეტალურგთან საშინაო არენაზე მშრალი ანგარიშით დამარცხდნენ. დიმიტრი ტატანაშვილის დუბლი ვეტერინართათვის დამარცხების მომასწავებელი გამოდგა. მცხეთა პარკის ბინადრები მიმდინარე სეზონში კიდევ ერთ ლიდერ გუნდთან დამარცხდნენ.

სექტემბრის თვეში ვიტ ჯორჯიამ მხოლოდ და მხოლოდ მეტალურგთან იწვნია მარცხი. დანარჩენ ოთხ გამართულ შეხვედრაში მწვანეებმა ოთხივე შეხვედრის მოგება მოახერხეს. ჯერ იყო და თასის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად სტუ 6:0 გაანადგურეს, შემდეგ კი უმაღლესი ლიგის მეექვსე ტურში ზუგდიდში, ადგილობრივი ბაია მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.

მცხეთა პარკში მეშვიდე ტურის შეხვედრაში ვეტერინარებმა მორიგი სამი ქულის მოპოვება მოახერხეს. მცხეთელებმა საქართველოს თასის მოქმედ მფლობელს, გაგრას სძლიეს. სატახტო ქალაქის ბინადრებმა მეტოქე კვლავ მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. 90+1 წუთზე გიორგი ტყეშელაშვილის ავტოგოლი, ვეტერინართათვის გამარჯვების მომტანი გამოდგა.

სექტემბრის უკანასკნელ შეხვედრაში ვიტ ჯორჯიამ დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩი საჩხერის ჩიხურას სტუმრად 3:2  სძლია.

ზედიზედ ოთხი მოგებული შეხვედრის შემდეგ ვიტ ჯორჯიამ მოულოდნელად ცხინვალის სპარტაკთან წააგო. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრაში ვეტერინარებმა 1:2 წააგეს. სპარტაკის კარში ერთადერთი გატანილი გოლით ბესიკ ჩიმაკაძე გამოირჩა, რომელმაც 40-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან ანგარიშში წონასწორობა აღადგინა.

მეცხრე ტურში მცხეთა პარკზე მწვანეები ფოთის კოლხეთს დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის 31-ე წუთზე მასპინძლებმა გოლი გაუშვეს, მატჩის შემოტრიალება და საშინაო სამი ქულის მოპოვება მაინც მოახერხეს. 34-ე წუთზე წონასწორობა ავტოგოლით ფოთელმა ლომანჯავამ აღადგინა. 40-ე წუთზე კი გოლი გიორგი ჯანელიძემ გაიტანა და შეხვედრის საფინალო ანგარიში შეხვედრის დასრულებამდე 50 წუთით ადრე დააფიქსირა.

ჩვენმა  მომავალმა მეტოქემ მეცხრე და მეათე ტურის შეხვედრაში ზედიზედ ორი ლიხს იქეთა ბრძოლა გამართა. ჯერ იყო და შინ, მეათე ტურში ვიტ ჯორჯია ქუთაისის ტორპედოსთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა, შემდეგ კი - ზესტაფონში, მოქმედ ჩემპიონთან ორბურთიანი სხვაობით 0:2 დათმო შეხვედრა.

ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის პირველ შეხვედრაში ვიტ ჯორჯიამ გორში, დილასთან ფრედ ითამაშა.  მეთორმეტე ტურში ვიტ ჯორჯიამ ქართლის სტადიონზე 24-ე წუთზე მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და შეხვედრის დასრულებამდე ცხრა წუთით ადრე ვეტერინარი ზაქრაძის გოლს, ახალკაცმა უპასუხა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ჩვენთან შეხვედრამდე ვიტ ჯორჯიამ შესანიშნავი განწყობა შეიქმნა. მცხეთა პარკზე გამართულ შეხვედრაში ბესიკ ჩიმაკაძემ დუბლი შეასრულა და შეხვედრის მეთერთმეტე წუთისთვის, მასპინძლები სათასო მატჩში ჭიათურასთან ორი ბურთით დაწინაურდა. საბოლოოდ შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

დინამოს ისტორიაში მეშვიდასე შეხვედრაში, ვიტ ჯორჯიელების შემადგენლობა სავარაუდოდ ასეთი იქნება:

ძაძამია - ადამაძე, ხურცილავა, ქასრაძე - ღანიაშვილი, გ. გურეშიძე, ჯანელიძე, კორიფაძე, ვასაძე - ჩიმაკაძე, სიხარულიძე

ვიტ ჯორჯია პირველ წრეში

11 შეხვედრა. 6 შინ - 5 სტუმრად. 10 გატანილი გოლი - 15 გაშვებული გოლი. 24 ყვითელი ბარათი. 0 წითელი ბარათი. ერთდერთი შეხვედრა, სადაც ვეტერინარებს უხეშობის გამო მსაჯისგან ბარათი არ მიუღიათ ზესტაფონი - ვიტ ჯორჯია გახლავთ. მიმდინარე სეზონის პირველ წრეში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მოწინააღმდეგეთა კარში ორჯერ თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დაარტყა.

ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა მიმდინარე სეზონში ვიტ ჯორჯიამ გორის დილასთან ითამაშა. მოედანზე მყოფმა ფეხბურთელებმა მეტოქეთა კარში 7 გოლის გატანა მოახერხეს. ყველაზე დიდი ანგარიშით ვეტერინარები რუსთავის მეტალურგთან 0:2 დამარცხდნენ.

მცხეთელები მიმდინარე სეზონში ყველაზე ხშირად მეტოქეთა კარის აღებას 40-50 წუთის შუალედში ახერხებენ. უმაღლესი ლიგის XXIII სეზონში ვეტერინარებმა ხსენებულ ათ წუთიან მონაკვეთში მოწინააღმდეგეთა კარში გოლი სამჯერ გაიტანეს.

44 ჩატარებულ შეხვედრაში თექვსმეტი მატჩი მოიგო დინამომ, თერთმეტჯერ იმარჯვა ვიტ ჯორჯიამ და ჩვიდმეტი თამაში საყაიმო ანგარიშით დასრულდა. ბურთების ბალანსი 50–36 დინამოს სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ ათ შემთხვევაში დაფიქსირდა უგოლო ფრე, ხოლო 1–0 კი, ყველაზე პოპულარული ანგარიშია. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ 2000 წლის 25 ნოემბერს იმარჯვა. მეთორმეტე ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურში ჩატარებული მატჩი ჩვენმა გუნდმა ოთხი უპასუხო ბურთით მოიგო. დიდი სხვაობით, კი დინამო 2001 წლის 17 ნოემბერს, მეცამეტე ჩემპიონატის მეთექვსმეტე სათამაშო დღეს საკუთარ სტადიონზე ანგარიშით 2–5 დამარცხდა.

გასული სეზონი. ურთიერთშეხვედრები.

28.09.2010

დინამო 2:0 ვიტ ჯორჯია

გოლები: 1-0 კვარაცხელია 45’ 2-0 ხმალაძე (პენ.)68’

05.12.2010

ვიტ ჯორჯია 0-1 დინამო

გოლი: 1-0 მუჯირი 68’

27.04.2010

დინამო 1-1 ვიტ ჯორჯია

გოლები: 1-0 ფანცხავა 33’ 1-1 ადამაძე 50’

18.05.2011

ვიტ ჯორჯია 0-2 დინამო

გოლები: 0-1 ლექვთაძე 43’ 0-2 ტატანაშვილი 83’

დღევანდელი ფორმაციის ვიტ ჯორჯიაში სამი ყოფილი დინამოელი თამაშობს. გიორგი გეთიაშვილი, ირაკლი სიხარულიძე და გიორგი ოთარაშვილი სხვადასხვა დროს დინამოს ღირსებას იცავდნენ.

ვიტ ჯორჯია – დინამოს დაპირისპირება 6 ნოემბერს, მცხეთა პარკზე 14:00–ზე დაიწყება. ტრადიციულად შეხვედრის ტექსტური LIVE - სთვის თვალ–ყურის დევნება ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდის საშუალებით შეგეძლებათ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024