27 ნოემბერს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, მეთხუთმეტე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება. ადგილობრივი ზესტაფონი, თბილისის დინამოს უმასპინძლებს.
აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს ოცდაორჯერ შეხვედრიან. აქედან თერთმეტ შემთხვევაში მტკვრისპირელებმა დატოვეს მინდორი თავაწეულებმა, ხუთი შეხვედრა ფრედ დამთავრდა, ხოლო ექვს მატჩში გამარჯვებულები ყვირილისპირელები დარჩნენ. ბურთების შეფარდება 28/16 თბილისელთა სასარგებლოდ. ყველაზე პოპულარული ანგარიში ამ გუნდების დაპირისპირებაში არის 1–0, რომელიც რვა შეხვედრაში დაფიქსირდა. ექვსი შეხვედრა კი ანგარიშით 2–0 დასრულდა. დიდი ანგარიში მხოლოდ ორ შეხვედრაში დაფიქსირდა. 2009 წლის 10 აპრილს, მეოცე ჩემპიონატის ოცდამეშვიდე ტურში თბილისელებმა გასვლაზე , ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხეს მოწინააღმდეგე. იმავე წლის 29 აგვისტოს, ოცდამეერთე ჩემპიონატის მეოთხე ტურში კი ზესტაფონელებმა იმარჯვეს ანგარიშით 4–1, ეს შეხვედრაც ფეროელთა ქალაქში გაიმართა.
დინამოს ზესტაფონური გუნდებიდან, ასევე მარგვეთთან და მეტალურგთან უთამაშია. ამ შეხვედრებში თბილისელებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ. ოცდაერთ ჩატარებულ მატჩში ზესტაფონელებმა მხოლოდ ორჯერ იმარჯვეს, სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო თექვსმეტ შემთხვევაში თბილისელებმა იზეიმეს გამარჯვება. ბურთების შეფარდება 82/15 დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 1994 წლის 15 ოქტომბერს იმარჯვა. მეექვსე ჩემპიონატის მერვე ტურში ჩატარებულ შეხვედრაში თბილისელებმა მარგვეთი ორნიშნა ანგარიშით 10–1 დაამარცხეს. 1996 წლის 17 ნოემბერს დინამომ რვა უპასუხო ბურთი გაუტანა მარგვეთს. ანგარიშებით 6–0 და 6–1 კი, დინამომ სამ–სამჯერ იმარჯვა.