მარტვილის მერანი უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს. ოთხწლიანი მცდელობის შემდეგ გუნდმა საწადელს მიაღწია და არსებობის ისტორიაში პირველად მოხვდა ქართული ფეხბურთის ელიტაში. არჩილ ჩხაბერიძის და მალხაზ ჟვანიას კოლექტივი მიმდინარე სეზონს დამაჯერებლად ატარებს და დებიუტანტის კვალობაზე მშვენიერ შთაბეჭდილებასაც ტოვებს.
მიმდინარე სეზონში დასახული მიზნები
უმაღლეს ლიგაში აღზევებული მერანის უმთავრესი მიზანი მიმდინარე სეზონში – რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა და ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა. ჯერ–ჯერობით მერანი შედარებით ძლიერ და გამოცდილ გუნდებს არაფრით ჩამოუვარდება, რაზეც ტორპედოსთან (1:0) და ვიტ ჯორჯიასთან (3:0) მოგებული შეხვედრებიც მეტყველებს. 16 შეხვედრაში მერანმა 26 ქულის მოგროვება მოახერხა და სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილზე დამსახურებულადაც იმყოფება.
მწვრთნელი და გუნდი
არჩილ ჩხაბერიძე, ასისტენტებთან ერთად მარტვილის მერანის სათავეში 2010 წლიდან იმყოფება. მისი ხელმძღვანელობით მერანმა საქართველოს პირველი ლიგის გათამაშებაში მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა საქართველოს თასის მფლობელსა და პირველი ლიგის გამარჯვებულ გაგრას. მარტვილელები თამაშიდან–თამაშამდე პროგრესირებს და თავს საკუთარ მოედანზე წაუგებელი სერიით იწონებს. უმაღლესი ლიგის დებიუტანტი მერანი შვიდ საშინაო შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ დაუზავდა მოწინააღმდეგეს (გორის დილას,) დანარჩენ ექვს შემთხვევაში მერანმა ქულათა მაქსიმუმის მოპოვება მოახერხა.
სუსტი და ძლიერი მხარეები
მარტვილის მერანის სუსტ და ძლიერ მხარეზე საუბრისას, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენი მომავალი მეტოქის სტატუსს – დებიუტანტი. ახალბედა გუნდის კვალობაზე მერანი შესანიშნავ სეზონს ატარებს. 16 შეხვედრაში მერანმა მეტოქეთა კარი 20–ჯერ დალაშქრა, საპასუხოდ კი 18 ბურთი მიიღო. მარტვილელების სუსტ მხარეს მათი გამოუცდელობა განაპირობებს. მერანი გასვლით შეხვედრებში მოიკოჭლებს. უმაღლეს ლიგაში გამართული რვა გასვლით შეხვედრიდან, ჩვენი მომავალი მეტოქე, ხუთჯერ დამარცხდა. ერთხელ ფრედ ითამაშა, ორ შემთხვევაში შეხვედრა მარტვილელთა გამარჯვებით დასრულდა. მერანის სიძლიერეს ნახევარდაცვის რგოლი განაპირობებს. გუნდის ხერხემალს გამოცდილი – გივი დიდავა და ნუკრი მანწკავა შეადგენენ. ხსენებული მოთამაშეები მოედანზე საფეხბურთო ამინდს ქმნიან. მიმდინარე სეზონში მერანი ყველაზე ძლიერად 60–75 წუთიან მონაკვეთს თამაშობს. დროის ამ შუალედში მარტვილელებმა მოწინააღმდეგეთა კარი 6–ჯერ დალაშქრეს.
ისტორია და დღევანდელობა
მარტვილის მერანი ერთ–ერთ იმ გუნდთაგანია, რომელიც საკუთარ ისტორიის უმნიშვნელოვანეს ფურცელს მიმდინარე სეზონში წერს. მერანი არსებობის განმავლობაში საუკეთესო სეზონს ატარებს. აღნიშვნის ღირსია 2009/2010 წლების სეზონი, როდესაც ჩვენი მომავალი მეტოქე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გასვლასთან ძალიან ახლოს იმყოფებოდა. თასის გათამაშების ½ ფინალური რაუნდის პირველ შეხვედრაში მერანმა მარტვილში ვიტ ჯორჯიას 1:0 სძლია, საპასუხო შეხვედრა კი რუსთავში, ფოლადის სტადიონზე გაიმართა და ვეტერინართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა – მერანი ფინალს მიღმა აღმოჩნდა. მერანის მიღწევა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალში გასვლა და პირველი ლიგაში ორჯერ დაკავებული მესამე ადგილი და გასულ სეზონში მოპოვებული მეორე ადგილი გახლავთ, რომლის შედეგადაც მარტვილელები უმაღლეს ლიგაში მოხვდნენ.
მეტოქე და ჩვენ
მარტვილის მერანთან დინამოს ერთადერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული. მიმდინარე სეზონში თბილისელები მარტვილელებს უმაღლესი ლიგის მეშვიდე ტურში დაუპირისპირდნენ, აღნიშნული მატჩი ჩვენმა გუნდმა 2:1 მოიგო.
თამაშები და ფეხბურთელები
მიმდინარე სეზონში მერანმა მრისხანე მეტოქეთა რიგებიდან ორი გუნდის დამარცხება მოახერხა. ქუთაისის ტორპედოსთან და ვიტ ჯორჯიასთან მეგრულმა გუნდმა დასამახსოვრებელ გამარჯვებას მიაღწია. უმაღლეს ლიგაში პირველი საშინაო შეხვედრა გუნდმა გამარჯვებით დაასრულა. ნუკრი მანწკავამ და მუნინი ტაპემ ორი უპასუხო გოლი უსახსოვრეს ცხინვალის სპარტაკს და ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვეს. 2011/2012 წლების სეზონის გამორჩეული ფეხბურთელები ნუკრი მანწკავა და მუნინი ტაპე არიან. უმაღლეს ლიგაში ვეტერანმა მანწკავამ მეტოქეთა კარი ექვსჯერ აიღო, ტაპემ კი ოთხი გოლის გატანა შეძლო. ჩემპიონატში მერანის მიერ 20 გატანილი გოლიდან, ნახევარი სწორედ ამ ფეხბურთელების ანგარიშზე მოდის. მარტვილის მერანში მოთამაშე გივი დიდავა წლების მანძილზე დინამო თბილისის ღირსებას იცავდა. ამპლუით მცველმა დიდავამ სწორედ ამ პერიოდში საქართველოს ეროვნულ ნაკრების მაისურით 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. დიდავას მსგავსად კიდევ ერთ მარტვილელ ფეხბურთელს, გიორგი მანწკავას აქვს ჩვენი გუნდის მაისური მორგებული. მერანში მობურთალმა მანწკავამ 2001 წლიდან 2003 წლის ჩათვლით 15 შეხვედრა ჩაატარა ჩვენი გუნდის რიგებში და მეტოქეთა კარში ორი გოლიც გაიტანა.
მარტვილის მერანის სავარაუდო შემადგენლობა
შეროზია – იობაშვილი, მემარნიშვილი, კაკუშაძე, ჟვანია – დიდავა, გრიგალაშვილი, ტაპე, მანწკავა – ამბროლაძე, ჩალაძე
დასასრულს შეგახსენებთ, რომ მარტვილისა და დინამოს დაპირისპირება 14:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის ტექტური LIVE-ს ხილვა ტრადიციულად ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.