დინამოს ექს-კაპიტანი გურამ კაშია, რომელიც დღეს არნემის ვიტესს კაპიტნობს და ჩვენი გუნდის ყოფილი ფორვარდი მათე ვაწაძე, რომელიც ახლა ნიჟნი ნოვგოროდის ვოლგაში გამოდის, დიღმის საწვრთნელ ბაზას ესტუმრნენ.
გურამ კაშია – უკვე წელიწადნახევარია ჰოლანდიაში ვთამაშობ და მინდა გითხრათ, რომ ასეთი საწვრთნელი ბაზა ჰოლანდიაში მაქსიმუმ 2-3 გუნდს თუ ექნება. მოედნები, ტრენაჟორები, საცხოვრებელი ოთახები, ყველაფერი უმაღლესი ხარისხისაა. ეს ბაზა ფაქტიურად თავიდან, საყურებლად არავის აუშენებია. კარგი იქნება თუ ფეხბურთელები, ასეთ სავარჯიშო პირობებს ნაყოფიერად გამოიყენებენ. პირობები ძალიან კარგია, მაგრამ გულდასაწყვეტია ის შედეგი რაც ჩვენს საყვარელ გუნდს აქვს. როგორც გულშემატკივარი ცხადია, ძალიან შეწუხებული ვარ, მაგრამ ვიმედოვნებ, უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ მდგომარეობა მალე გამოსწორდება. რაც შეეხება ვიტესს, ვფიქრობ წარმატებით მივდივართ. ჩემპიონატში მე-6 პოზიციაზე ვართ და თასზე მეოთხედფინალში გავედით. ვფიქრობ, ჩემთვის ჰოლანდიაში თამაში წინგადადგმული ნაბიჯია, რითაც ალბათ ქართულ ფეხბურთსაც უკეთ გამოვადგები. დრო მოვა უკან დავბრუნდები.
მათე ვაწაძე – გაოცებული ვარ ბაზაზე ნანახით. ასეთ პირობებს ნებისმიერი ფეხბურთელი ინატერებს. ჩვენ აქ გავიზარდეთ და ვიცით, რომ დინამოში თამაში უდიდესი პასუხისმგებლობაა. დინამოს ყოველთვის პირველობას თხოვენ. ვფიქრობ, დროა საჭირო და დინამოც პირველობას აუცილებლად დაიბრუნებს. ჯერ-ჯერობით ვოლგაში ვრჩები, სადაც მთლად სტაბილური მდგომარეობა ვერ არის. გუნდს შეკრებაზე შევუერთდები და მომავალზეც შემდეგ ჩამოვყალიბდებით.