ჩვენი გუნდის ყველაზე სტაჟიანი წევრი და ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხმალაძე მძიმე ტრავმის გამო გამოწვეული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. ლევანმა ბოლო შეხვედრა მაისის თვეში ითამაშა და მას შემდეგ გუნდთან ერთად მხოლოდ რამდენიმე სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა. ხმალაძემ პირველ ესპანურ სპარინგში მეორე ნახევარი სრულად ითამაშა და როგორც სჩვევია ერთ-ერთი გამორჩეული იყო მოედანზე.
ლევან ხმალაძე – სიმართლე გითხრათ, არ ველოდი თუ დღეს თამაში მომიწევდა, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა და ჩვენი გუნდის ექიმმა თამაშის ნება დამრთეს. გახარებული ვარ, რომ მოედანს და ჩემს თანაგუნდელებს დავუბრუნდი, რომელთაგანაც ყოველთვის განსაკუთრებულ თანადგომას ვგრძნობდი. ვიმედოვნებ, რომ ტრავმა აღარ შემიშლის ხელს და ჩემს გუნდს სარგებლობას მოვუტან. ძალიან არ გამჭირვებია თამაში, მაგრამ ბუნებრივია დიდი ხნის უთამაშებელი, გინდა არ გინდა, მაინც მტკივან ფეხზე ფიქრობ. დღეს ნამდვილად კარგი თამაში მოვიგეთ. საინტერესო და ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა და სასიამოვნოა, რომ სწორი და დადალაგებული თამაშით გამარჯვების მოპოვება შევძელით.