რომან ფიფია- გარსიამ ამ სეზონის დამთავრებისას უნდა დაანახოს ყველას, რომ დინამო ჩემპიონია (RU)
”მსოფლიო სპორტის” საავტორო რუბრიკა, უკვე თავად მის მონაწილეებში რომ სარგებლობს პოპულარობით, ს/კ თბილისის “დინამოს” პრეზიდენტთან შეხვედრისას გამოჩნდა. ბიზნესმენმა რომან ფიფიამ ჩვენთან საუბარი ასე დაიწყო - ”არ მიყვარს ტელევიზიებსა და გაზეთის ფურცლებზე ხშირად გამოჩენა, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა ამის აუცილებლობას ვხედავ და ეს ეხება თქვენს საიტს, ჩავთვალე, რომ მეც უნდა ვთქვა ჩემი სიტყვა”...
ერთიც - იდეის დონეზე ყველა კლუბთან ”დავამესიჯეთ”, რომ სურვილი გვაქვს, ჩვენი მედია-ჰოლდინგის მუზეუმში უმაღლესი ლიგის ყველა მონაწილე გუნდის მაისური ინახებოდეს. რომან ფიფია რუბრიკა ”პრეზიდენტების” პირველი სტუმარი არაა (”ზესტაფონის” მფლობელ ილია კოკაიას, ცხინვალის ”სპარტაკის” პრეზიდენტი დიმიტრი სანაკოევი მოჰყვა, ბოლოს კი, ქუთაისის ”ტორპედოს” მეპატრონე ლევან ფხაკაძეს ვესაუბრეთ), მაგრამ ჩანაფიქრი პირველმა მან განგვახორციელებინა.
- ბატონო რომან, ჩვენი რუბრიკის მიზანია, საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტები უფრო ახლოს გავაცნოთ მკითხველს - გაიგონ, ვინაა ის ხალხი, ვინც ფულს დებს ქართული ფეხბურთის განვითარებაში...
- შესაძლოა, ეს თქვენთვისაა მთავარი, მაგრამ რუბრიკაში მონაწილეობას ჩემთვის უფრო სხვა დატვირთვა აქვს - ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება იმ გამოხმაურებასთან და საღ აზრთან გაცნობა, რომელიც მოჰყვება ამ ინტერვიუს; იმ აზრების გაზიარება, რომელიც ზოგადად ფეხბურთსა და კონკრეტულად ჩვენს კლუბს შეეხება.
- თავდაპირველად, მკითხველს გაეცანით.
- დავიბადე 1966 წლის 4 აპრილს, გაგრაში. მე ვარ აფხაზეთიდან, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხიდან.
- ბოლოს როდის ნახეთ გაგრა?
- 1992 წელს.
- თქვენი სახლის კვლავ ნახვის სურვილი არ გაგჩენიათ?
- ვწუხვარ, მაგრამ ჩემი სახლიც, სხვა ქართველების საცხოვრებლების მსგავსად, დამწვარია. ამდენად, მიწასთან გასწორებულია ის ადგილი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. შესაძლოა, ზოგი ამბობს, რომ მისი სახლი ადგილზეა და იქ ვინმე ცხოვრობს, მაგრამ ეს იშვიათი გამონაკლისია და ისიც იმ შემთხვევაში, თუ აფხაზი ნათესავები ჰყავდათ, ან ვინმე აფხაზი ან სომეხი დასახლდა და თქვა, რომ მე დავიკავე ეს სახლიო. აი, ასე თუ გადარჩა ვინმეს სახლი, თორემ ჩვენი, ქართველების სახლები ლესელიძეში მიყოლებით გადაწვეს და გაანადგურეს.
- ოჯახის წევრები?
- მამა 1991 წელს გარდაიცვალა, დედა ცოცხალია და ღმერთმა კარგად მიმყოფოს. ვართ 5 ძმა. ჩვენი ახალგაზრდობა პრაქტიკულად სოჭში გავატარეთ და იმის გამო, რომ იქ ახლაც ბევრი ქართველი ცხოვრობს, ორმა ძმამ იქ დაიდო ბინა, დანარჩენები კი საქართველოში ცხოვრობენ.
მყავს მეუღლე და 3 შვილი. უფროსი ვაჟი, რომელიც აპრილში 23 წლის გახდება, შარშან დაქორწინდა. მან ინგლისში დაამთავრა უნივერსიტეტი და ახლა პრაქტიკას “საქართველოს ბანკში” გადის. მეორე ვაჟი ინგლისში სწავლობს, ქალიშვილი კი თბილისში - ამერიკულ სკოლაში.
- წამოხვედით გაგრიდან და...
- თქვენ პირველი ხართ, ვისაც ასეთ ვრცელ ინტერვიუს ვაძლევ ჩემს პირად ცხოვრებაზე.
ვიდრე აფხაზეთის ომი დაიწყებოდა, მე უკვე ვსწავლობდი რუსეთში, კერძოდ, სარატოვში. იქ იყო მოსკოვის სამომხმარებლო კოოპერაციის ინსტიტუტის ფილიალი, რომელიც 1996 წელს დავამთავრე. სარატოვის ეკონომიურ უნივერსიტეტში დაცული მაქვს მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი ეკონომიკის დარგში.
ბიზნესი დავიწყე ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს - 1987 წელს. მაშინ იმ ბიზნესს კერძო არ ერქვა, რადგან კომუნისტურ ეპოქაში, მოგეხსენებათ, კერძო საკუთრება არ იყო. აი, 1991 წელს საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, მაშინ მოგვეცა საშუალება, ბიზნესით ოფიციალურად დავსაქმებულიყავით.
- რა სფეროში შედგა თქვენი დებიუტი ბიზნესში?
- ეს, ძირითადად, კვების პროდუქტები იყო. მახსოვს, ძალიან დიდი ოდენობით ვაგზავნიდი პროდუქტს თბილისში, ე.წ. ლენინის “ტორგზე” (აქ მაშინ ვაჭრობდა ქვეყნის რამდენიმე მსხვილი მაღაზია - რედ.). საინტერესო იცით რა არის - ნაღდი ფული კი არ იყო საჭირო, მოგქონდა მინდობილობის ქაღალდი და ანგარიშსწორება მერე ხდებოდა. აი, როცა ეს ნდობა გაქრა, მაშინ დაინგრა საბჭოთა კავშირი.
სერიოზული ბიზნესი დავიწყე 90-იან წლებში. ჩემი ყველაზე დიდი ნაბიჯი გადაიდგა 1996 წელს, როცა დავინიშნე სარატოვის ერთ-ერთი ალკოჰოლური გაერთიანების გენერალურ დირექტორად. ბიზნესის ამ მიმართულებისადმი არცთუ დიდი ლტოლვა მქონდა, თუმცა, იგი ჩემს კორპორაციაში მაინც დარჩა. შემდეგ გადავედი ხორბლის ბიზნესზე. შევქმენით ყველაზე დიდი აგრარული კომპანია იმ დროის რუსეთში და სწორედ იმ პერიოდში მოვკიდე ხელი სარატოვის “სოკოლს” - გარკვეულ წარმატებებსაც მივაღწიეთ.
იმ დრომდე, დაახლოებით 60 წელი არ ყოფილა სარატოვის გუნდი უმაღლეს ლიგაში, მე კი მომეცა ამ მიზნამდე გუნდის მიყვანის საშუალება. მართალია, 3 წლის განმავლობაში დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, მაგრამ მაინც მივაღწიეთ დასახულ მიზანს. რუსეთის 2001 წლის ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ, “სოკოლი” პირველ ადგილზე იყო, რამაც ძალიან გააბრაზა მოსკოვური გუნდები. მაშინ არაერთხელ მქონდა ძალიან უხერხული ლაპარაკი უმაღლეს ლიგაში მოთამაშე დანარჩენი გუნდების პრეზიდენტებთან. ამის მიუხედავად, მსაჯები თამაშიდან თამაშამდე “ხვეწდნენ” საკუთარ “ოსტატობას”, საბოლოოდ მათ მასტერ-კლასი ჩაატარეს და ჩვენმა გუნდმა ჩემპიონატი მე-8 ადგილზე დაამთავრა.
რუსეთის პროფესიული ლიგის მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრაზე ვთქვი, რომ მე მათთან ფეხბურთს არ ვითამაშებდი, არ მინდა ასეთი გასვრილი ფეხბურთი-მეთქი. დავანებე თავი მაშინ, როდესაც კიდევ შეიძლებოდა წინსვლა, მაგრამ კარგად ვიცოდი, რომ მოსკოვის და “პიტერის” გუნდები ამას ვერ აიტანდნენ.
ამას დაემატა უთანხმოება ადგილობრივ სტრუქტურებშიც. “სოკოლის” პრეზიდენტის სახელი გუბერნატორის თანამდებობაზე დიდიც კი აღმოჩნდა. მე ხომ მარტო არ ვაფინანსებდი ამ გუნდს - ნაწილი ბიუჯეტის ფულიც იყო და ამის გამოც იყო უკმაყოფილება. ავდექი და ვთქვი - აგერაა ეს სავარძელი, ბურთი და მოედანიც და ითამაშეთ ფეხბურთი. გუნდიდან უკან კაპიკი არ მომითხოვია, დავუტოვე კაბინეტის გასაღები და დავანებე ფეხბურთს თავი.
წამოვედი, მაგრამ 2002 წელს, როცა მიხვდნენ, რომ პრეზიდენტობა არა მარტო თანამდებობის დაკავება, არამედ პასუხისმგებლობაცაა, ოლქის გუბერნატორმა მთხოვა - დაბრუნდიო. ვეუბნები, სეზონისწინა ყველა შეკრება უკვე დასრულებულია, გუნდი ჩემს ხელში არ ყოფილა და არც იქნება იმიტომ, რომ მის დაკომპლექტებაში მონაწილეობა არ მიმიღია. საბოლოოდ, ჩემსა და გუბერნატორს შორის არსებული მეგობრობის გამო დავთანხმდი, დავბრუნდი და დღესაც ძალიან ვნანობ. თუმცა, ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა, სარატოვის ქომაგები, ალბათ, ადგილობრივი მთავრობის სახლს შტურმით აიღებდნენ. იქაურებს ცხოვრებაში არ ენახათ ისეთი სიხარული და ფეხბურთით მიღებული სიამოვნება, რაც იმ წლებში მიანიჭა “სოკოლმა”...
ძალიან მალე მივატოვე ფეხბურთი, რადგან სულ სხვა გუნდი იყო უკვე ჩემს ხელში. შეკრება ნორმალური არ ჰქონდათ გავლილი, სელექცია არ იყო გაკეთებული - როგორც მზე და მთვარე, ისე განსხვავდებოდა ჩემი და ეს გუნდი. ვერ ვგრძნობდი ამ გუნდს და თვით გუნდი ვერ მგრძნობდა მე - ამიტომ იყო, რომ სეზონის დამთავრებას ვეღარ დავუცადე და უკვე საბოლოოდ დავტოვე “სოკოლი”.
2001 წელს, ოჯახი გადავიყვანე საფრანგეთში. ამ ფაქტს ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ხშირად პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს სარატოვის გუბერნატორს ცუდად რომ წაუვიდა საქმე, ამის გამო დავტოვე რუსეთი. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს მცდარი და არასწორი ინფორმაციაა. საფრანგეთში გადასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გაცილებით ადრე მივიღე. ჩამოვიყვანე თვითმფრინავი, მოვაგროვე ყველა და ყველაფერი: ხატი, წიგნი, მოსამსახურე, ძაღლი, კატა, თუკი ვინმეს 10 წელიწადი ჩვენს სახლში უცხოვრია და გავფრინდით საფრანგეთში. არც სახლი მქონდა, არც კარი - მოვეწყვეთ სასტუმროში, ცოტა ხანში კი, სახლი ვიქირავე, მერე შევიძინე კიდეც და ოჯახიც უკვე ნიცაში დამკვიდრდა საცხოვრებლად, ბავშვებმაც განათლება საფრანგეთში მიიღეს, მე კი რუსეთში ვიყავი.
2002 წლიდან მოსკოვში გადავედი, ხოლო სარატოვში ძალიან იშვიათად ჩავდიოდი, ისიც იმიტომ, რომ იქ ჩვენი პატარა ქალიშვილი იყო დაკრძალული...
ვცდილობდი, მოსკოვში გადმომეტანა ჩემი კორპორაციის საქმეები, თუმცა, არც იმას დაგიმალავთ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ბევრი ბიზნესი დავკარგე. “რუსეთის არაკეთილმოსურნე ქართველის” იარლიყი მომდეს, რამაც ხელი მართლაც შეუშალა ჩემს რუსეთში საქმიანობას. ამას ოფიციალური პირები კი არა, ისინი აკეთებდნენ, ვისაც ჩემი ქონებისთვის ბრძოლაში უნდოდა გაემარჯვებინა.
- როგორც ვიცით, აგვისტოს ომის შემდეგ, თქვენ რუსეთში არ ყოფილხართ. შესაბამისად, ალბათ, იქ ბიზნესსაც არ აწარმოებთ.
- დღეს ჩემს ბიზნესს რუსეთთან არავითარი კავშირი არ აქვს. შემეძლო სხვაგვარად მოვქცეულიყავი და ამ შემთხვევაში, აუცილებლად შევინარჩუნებდი რუსულ სეგმენტს, მაგრამ როგორც იტყვიან - როცა არ მეღიმება, ვერ გავიღიმებ. მაქვს ბიზნესი ბალტიისპირეთის ქვეყნებში და უფრო მეტი - საქართველოში.
- საყოველთაო კრიზისმა, ალბათ, თქვენს ბიზნესსაც დაასვა დაღი.
- 2008-დან 2010 წლამდე დიდი ძალისხმევა და შრომა დამჭირდა, რათა ჩემი მდგომარეობა როგორმე დამებალანსებინა და ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ამ პერიოდში გადავდგი, ვფიქრობ, რომ აუცილებელი და სწორი იყო.
- თქვენი ბიზნესის ქართული სეგმენტი რას მოიცავს?
- საქართველოში ვარ რუსთავის ”აზოტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზესტაფონის ”ფეროს” ერთ-ერთი აქციონერი, ყოფილი რესტორან ”არაგვის” ტერიტორიაზე სასტუმრო ”ჰაიატის” ძალიან დიდი პროექტი მქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, საქმემ ჯერჯერობით, სასურველი განვითარება ვერ ჰპოვა, არადა, მასში უკვე 30 მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული.
- ეს პროექტი აღარ გაგრძელდება?
- ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე, ძალიან რთულია ამ პროექტის განხორციელება. კრიზისის გამო, ძალიან სტაბილურმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა თქვეს უარი ამ პროექტის განხორციელებაზე. ესაა 200 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელსაც ერთი და ორი ადამიანის დაფინანსება არ ეყოფოდა. გვქონდა IBRD-სა და OPIC-ის წინასწარი ხელმოწერები, მაგრამ ერთმაც უარი გვითხრა კრიზისის შემდეგ და მეორემაც.
- მალე 1 წელიწადი შესრულდება, რაც თბილისის ”დინამოს” მფლობელი ხართ. ფაქტია, ვინც ამ შენაძენის გაკეთება გირჩიათ, ქართული ფეხბურთისთვის საშური საქმე გააკეთა...
- თქვენ გაინტერესებთ, ვინ დამიყოლია? გეტყვით პირდაპირ - დიდად არავის უთხოვია ამ შენაძენის გაკეთება. მე თვითონ ვიკითხე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან - მომეცემოდა თუ არა ამის საშუალება. როცა თანხმობა მივიღე, ვერ გეტყვით, რომ ამ ამბავმა ჩემს ოჯახში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია - მათ ახლაც კარგად ახსოვთ, რა დღეში ვიყავი, როცა სარატოვის ”სოკოლს” ვპატრონობდი.
თუ რა არის ჩემთვის თბილისის ”დინამო”, ალბათ, ამის ასე მარტივად აღწერა ძალიან გამიჭირდება. ეს უბრალოდ კლუბზე მეტია. როცა სპორტულ წრეებში საქართველოზე ლაპარაკობ კაცი, ალბათ, “დინამოს” გულისხმობ. აქედან გამომდინარე, წარმოიდგინეთ, რა შეიძლება იყოს ის პირადად ჩემთვის. ”დინამო” ჩემთვის ყველაფერია. ესაა ძალიან ძვირფასი სახელი, რომელსაც თუ არ მოუარე, ვერაფერს მიაღწევ.
დარწმუნებული ვარ, ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ”დინამოს” ახლა აქვს, ამ გუნდს არასოდეს ჰქონია. ვთვლი, რომ ეს კლუბი ამის ღირსია და მერწმუნეთ, კიდევ ბევრი გაკეთდება, მისი ძველი დიდების დასაბრუნებლად.
- რუბრიკის ტრადიციული კითხვა – რა თანხას შეადგენს, კლუბის ჩაბარების შემდეგ, თქვენს მიერ გაწეული ინვესტიცია?
- დღემდე 14 მილიონი დოლარი მაქვს დახარჯული. გეტყვით იმასაც, რომ ამ თანხის ჩათვლით, მარტო ინფრასტრუქტურაში 30 მილიონი დოლარის ინვესტიციას განვახორციელებთ.
ეს მარტო “დინამოს” “დინამოზე” დამსგავსება არ იქნება - ეს იქნება ქართული ფეხბურთის გული. ჩვენ ხომ, იდეაში, ყველანი ერთად ვაშენებთ საქართველოს ნაკრებს, რომელსაც მუდმივად შევსება სჭირდება. საამისოდ კი, ძლიერი კლუბების არსებობაა აუცილებელი. ამიტომ უნდა იყოს ძლიერი “დინამო”, “ზესტაფონი”, “დილა”, “მერანი”, “ტორპედო”, “მეტალურგი” და სხვა. ჩვენ უნდა გავიღოთ ინვესტიცია, რომ ქართულ ფეხბურთს ღირსეული ცვლა გავუზარდოთ.
მე მინდა, რომ “დინამო” იყოს უმაღლესი დონის გუნდი. სანამ მე ვეყოლები ამ გუნდს პატრონად, ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის.
აქ მიმდინარე სამუშაოების პირველი ეტაპი თებერვალში დამთავრდება და საწვრთნელი ბაზის გახსნაზე, რომელიც მარტში გვექნება, თქვენც მოგიწვევთ. დავპატიჟებთ “დინამოს” ყველა ვეტერანს, რომლებსაც მაქსიმალურად დავაფასებთ.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ფუნქციონირებას დაიწყებს ვიტალი დარასელიას სახელობის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია.
რომ მკითხოთ, რას გამოასწორებდითო, გიპასუხებთ - გუნდის მშენებლობას ძლიერი ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის დაარსებიდან დავიწყებდი და სწორედ აკადემიაში გაზრდილი ბავშვებით დავაკომპლექტებდი “დინამოს”. მალე ისეთი პლეადა წამოვა, გარედან არავის მოყვანა აღარ დამჭირდება, თუმცა, ქომაგს დღესვე უნდა მიიღოს შედეგი. ქომაგის აზრი კი, ყოველთვის გასათვალიწინებელია. ესაა ჩვენი მეზურგე - ხალხი, ვისი იმედიც ყოველთვის აქვს “დინამოს” და მის მოთხოვნას ვერსად გავექცევით.
გეგმის მიხედვით, თებერვლის ბოლოს დავიწყებთ აკადემიის მშენებლობას, რასაც ექვს თვეში დავამთავრებთ. აქ განთავსდება 3 მოედანი, რომელთაგან ერთზე, დუბლებს, ჩემპიონატის მატჩების გამართვის საშუალება მიეცემათ. ეს იქნება უმაღლესი დონის სკოლა, სადაც გაიზრდება მომავალი თაობა.
აკადემიაში ბავშვები 12 წლიდან ჩაირიცხებიან. 50 ბავშვისთვის საცხოვრებელი პირობების ადგილზე უზრუნველყოფის საშუალება გვექნება. იმედია, 3-4 წელიწადში, აკადემიაში აღზრდილი კადრები “დინამოსთვის” უმთავრესი დასაყრდენი გახდება.
- როგორ ატყობთ, კონკრეტულად რა უნდა ხალხს და რას გინდათ რომ მიაღწიოს “დინამომ” საკმაოდ შემჭიდროვებულ ვადებში?
- იცით, რომ როგორც “დინამოს” ქომაგი, არ შემიძლია ვიყო კმაყოფილი შედეგებით. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ჩამოვიყვანეთ ესპანელი მწვრთნელი, მერე ფეხბურთელებიც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “დინამო” დღეს ყველაზე დიდბიუჯეტიანი კლუბია საქართველოში (ჩვენი ინფორმაციით, გუნდის შენახვა თვეში დაახლოებით 300 ათასი დოლარი ჯდება - რედ.). რა თქმა უნდა, ის შედეგი არ გვაქვს, რასაც ვვარაუდობდით, მაგრამ მაიმედებს ამ დღეებში მიღებული შევსება - გუნდში უკვე გვყავს მერებაშვილი, ძარია გადმოვიდა “ზესტაფონიდან”.
- აბა, თქვენს კოლეგას ჰკითხეთ?
- სხვათა შორის, არაფერს ვხედავ ცუდს იმაში, რომ ირაკლი ძარია გადმოვიდა ჩვენთან. თუ უკრაინაში წავიდოდა, ე.ი. მაგარი ბიჭი იქნებოდა, თუ “დინამოში” მოვიდა, ცუდი ბიჭია? “დინამო” არცერთ იმ გუნდზე ნაკლები არაა, სადაც ეს ფეხბურთელი უნდა წასულიყო.
მე ფეხბურთელის მოსვლამდე ვესაუბრე ბატონ ილია კოკაიას და მან, ისევე როგორც “ზესტაფონის” მთავარმა მწვრთნელმა, იცოდა, რომ ძარია “დინამოში” მოდიოდა. ამიტომ, კარგი იქნებოდა, ეს ინფორმაცია “ზესტაფონის” ქომაგებისთვის და საერთოდ საფეხბურთო სამყაროსთვის ზუსტად მიეწოდებინათ - ისე, როგორც რეალურად იყო.
- მოიყვანეთ მერებაშვილი და ძარია. კიდევ?
- გოგუაც უნდა მოვიყვანოთ (ინტერვიუ ჩაწერილია 13 იანვარს – რედ.). ველით, მოლაპარაკება გვაქვს, მაგრამ გადაწყვეტილება მაშინ იქნება მიღებული, როცა ოფიციალური კონტრაქტი გვექნება. შეთანხმებული ვართ, ველოდები დეტალების დაზუსტებას.
- ამ 3 ფეხბურთელით დამთავრდება სეზონში ”დინამოს” გაძლიერება, თუ ცვლილებებს კიდევ უნდა ველოდოთ?
- გვეყოლება კიდევ ერთი ესპანელი - ანდრე გერაუ, რომელიც ჯერ ნახევარი წლით მოდის. თუ გაამართლებს, ითამაშებს როგორც ეს, ისე დანარჩენი ესპანელები. მომავალი სეზონიდან, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს გუნდი - მწვერვალზე, თუ ქვემოთ, “დინამოში” უნდა შეიქმნას ჯანსაღი კონკურენცია.
- ე.ი. მწვრთნელის ჩათვლით, “დინამოს” ყველა ესპანელს ამ სეზონის ბოლომდე აქვთ თავის გამოჩენის ვადა.
- მინდა გითხრათ, რომ ალექს გარსიას სხვა ქართველ მწვრთნელზე მეტი საშუალება მიეცა ასეთ ვითარებაში გააგრძელოს მუშაობა. მე მას ნდობა გამოვუცხადე, მაგრამ ყველა სახის ნდობას გამართლება სჭირდება - გარსიამ ამ სეზონის დამთავრებისას უნდა დაანახოს ყველას, რომ “დინამო” ჩემპიონია.
- გარსია მხოლოდ ამ შემთხვევაში დარჩება “დინამოში”?
- გარსიას ამოცანა “დინამოს” ჩემპიონობაა - დაველოდოთ სეზონის დამთავრებას.
ჩვენ ევროტურნირებამდეც გვექნება გაძლიერების საშუალება, მაგრამ მე ვუყურებ ამ ჩემპიონატის დამთავრებას და რაღაც ზომები, ალბათ, მაინც იქნება მისაღები. აუცილებლად გადასახედია ჩემპიონატის დებულების საკითხი. ახლახანს მქონდა საუბარი ფედერაციის პრეზიდენტთან და მან დამარწმუნა, რომ ახალი სეზონიდან, საუკეთესო 8 გუნდი და მერე კიდევ ხელახლა ქულების დაანგარიშება აღარ იქნება - ჩატარდება ჩვეულებრივი ჩემპიონატი, როგორიც იყო ყოველთვის.
- გუნდების რაოდენობა ხომ არ იზრდება?
- არა - ისევ 12 იქნება. მეც გავიგე, თითქოს მომატებას ფიქრობენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხის განხილვაში ჩვენც ჩავერთვებით და აქტიურ მონაწილეობასაც მივიღებთ.
გუნდი, რომელსაც არ აქვს მინდორი, შხაპი, ელემენტარული საშუალებები, არ უნდა იყოს უმაღლეს ლიგაში. ჩვენ ამით დავაქვეითებთ ქართული ფეხბურთის დონეს.
ძალიან დიდ პატივს ვცემ ფრიდონ ინჯიას, რომელიც მარტვილის “მერანის” მეპატრონეა. იქ ჩვენ ბოლო მატჩი ვითამაშეთ და წავაგეთ, მაგრამ იმ მოედანზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელი იყო. იმედი მაქვს, რომ მინდვრის საფარი მათ ექნებათ, იქიდან გამომდინარე, რომ ფეხბურთის თამაში უნდათ და შეუძლიათ. ასევე იმედი მაქვს, რომ მალე გორის “დილაც” გაძლიერდება და სხვა გუნდებშიც სასიკეთო ძვრები განხორციელდება.
მერწმუნეთ, რაც უფრო მეტი ძლიერი გუნდი გვეყოლება, მეტი პროდუქტიული სათამაშო პრაქტიკა გვექნება. ჩვენთვის, ძლიერ ქართულ გუნდებთან თამაშზე უკეთესი არაფერია. ამის შემდეგ ევროპულ ასპარეზზეც არ გაგვიჭირდება ღირსეულად გამოსვლა.
- ბატონო რომან, თქვენ კი მსჯელობთ ასე, მაგრამ ფედერაციის აღმასკომში არც თქვენ ხართ და არც რომელიმე თქვენი კოლეგა-პრეზიდენტი, რომელიც მის ყველა წევრამდე მიიტანს ქართული ფეხბურთის ამ გასაჭირს.
- იმ აღმასკომში თუ არ იქნება წარმოდგენილი “ზესტაფონი”, “ტორპედო”, “დინამო”, მაშინ ვინ უნდა იყოს? ყველას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ. თუ გასაზრდელია წევრთა რაოდენობა - გავზარდოთ.
- თქვენ მსაჯობითაც არ უნდა იყოთ კმაყოფილი.
- “დინამოს” სტადიონზე ვაპირებთ იმ ტექნიკის დაყენებას, რომელიც ყველა სათამაშო მომენტს სხვადასხვა რაკურსით დააფიქსირებს. მოგეხსენებათ, არის მომენტები, როცა მსაჯი ცდება და ამას ვერ გავექცევით. იყო მომენტები, როცა მსაჯები ცდებოდნენ და ამით ჩვენ ვზარალდებოდით. გვჯერა, რომ მსაჯი სპეციალურად არ ცდება ხშირად მათ გამოცდილება არ ჰყოფნით, რაზეც ცალკეა სამუშაო.
- როცა ამდენი ინვესტიცია იდება ფეხბურთში - ჩვენთან ერთად ვგულისხმობ ზესტაფონს, ქუთაისს, გორს - აუცილებელია, რომ მსაჯთა კორპუსი მაქსიმალურად კვალიფიცირებული იყოს; აუცილებელია, ამ ადამიანებმა რეგულარულად მიიღონ მონაწილეობა უცხოეთში მიმდინარე სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში. ამაში ფული უნდა დაიხარჯოს.
- ხომ არ გიფიქრიათ ნამდვილი პროფესიული ლიგის დაფუძნებაზე?
- ჩვენ ამ თემაზეც გვქონდა ლაპარაკი ფედერაციის პრეზიდენტთან. სახელმწიფოდან დღეს ფედერაცია იღებს ფულს, რომლითაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად, ჩემპიონატის ჩატარება ფინანსდება. თუ კლუბები მზად ვიქნებით დავაფინანსოთ მსაჯთა მომსახურება და სხვა ორგანიზაციული ხარჯებიც დავფაროთ, რატომაც არა - დავაფუძნებთ.
თუ მოვილაპარაკებთ და ყველა მზად იქნება საჭირო ხარჯების დასაფარად, “დინამო” მზადაა და ფედერაციის პრეზიდენტიც თანახმაა - წაიღეთ ჩემპიონატი და თქვენ თვითონ დააფინანსეთო. პრინციპში, ყველა დაწყობილ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთია, იქ პროფესიული ლიგაცაა. მაშინ მსაჯების კორპუსი აუცილებლად დამოუკიდებელი უნდა იყოს - მარტო დააფინანსე და იქ მისვლაც არ უნდა დაგჭირდეს, მაგრამ თუ მსაჯმა დააშავა, ის აუცილებლად მკაცრად უნდა დაისაჯოს.
- რა არის ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებული თქვენი ოცნება?
- რეალისტი ვარ და ფეხბურთში “კოსმოსში გაფრენაზე” არ ვფიქრობ. მინდა, ის ტალანტები, რომლებიც საქართველოში იბადებიან, სწორად აღიზარდონ და ამ თაობათა აღზრდაში მეც მსურს მონაწილეობა.
დღეს, მაღალი დონის საფეხბურთო სკოლების უკმარისობის გამო, ძალიან ბევრ ნიჭიერ ფეხბურთელს ვკარგავთ. თორემ 30 თუ 60 წლის წინ რომ იბადებოდნენ ტალანტები საქართველოში, მეტი თუ არა, ნაკლები ნამდვილად არც დღეს იბადებიან. მათ სწორი აღზრდა, ვარჯიში და კვება სჭირდებათ - ამ კომპონენტების ერთმანეთის გარეშე არსებობა წარმოუდგენელია. მინდა, რომ ყველამ ერთად, ვინც ამ საქმეში ვართ ჩართული, არაფერი დავაკლოთ მომავალი თაობის სწორ აღზრდას.
თუკი “დინამოში” ამ მხრივ გარკვეული ინვესტიციები იდება, ე.ი. მომავალზე გვაქვს გათვლა. ჩვენ იმის პრეტენზია გვაქვს, რომ “დინამო” სკოლაა, ბრენდია, არა მარტო საქართველოს მასშტაბით. დღეს თქვენთან წავიკითხე, რომ ბოლო რეიტინგში 120-ე ვართ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა “დინამო” რეიტინგში 60-დან 50-ე ადგილამდე დამკვიდრდეს. სანამ “დინამოში” მისივე აკადემიის ბავშვები არ ითამაშებენ, “დინამო” დიდ მწვერვალებს ვერ დაიპყრობს.