22.01.2012
ალექს გარსია – ის მიზნები რაც დასახული გვქონდა შევასრულეთ (RU)

ესპანური შეკრების კატალონიური ნაწილი დასრულდა. ბარსელონაში ყოფნის 10 დღის მანძილზე გუნდმა ორჯერად ვარჯიშებთან ერთად 3 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. რამდენიმე ფეხბურთელმა პირველად მოირგო დინამოს მაისური. მიმდინარეობს იმ ფუნდამენტის ჩაყრა, რომელმაც თავი სეზონის განახლებისას უნდა იჩინოს. შეკრების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ჩვენი კლუბის გულშემატკივრისთვის საინტერესო თემებზე საუბარი, გუნდის მთავარ მწვრთნელს ალექს გარსიას ვთხოვეთ.


ალექს გარსია - ის მიზნები რაც დასახული გვქონდა შევასრულეთ. ამხანაგური შეხვედრები რაც დაგეგმილი გვქონდა ვითამაშეთ. ამინდმაც ხელიშეგვიწყო. მზადების პირველი ფაზა დავასრულეთ. ძალიან კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ, რაც კიდევ ერთი დიდი პლიუსია. ისეთი ფეხბურთელები შემოგვიერთდნენ, რომელთაც საზღვარგარეთ თამაშის გამოცდილება აქვთ. ეს ის არის რაც გვჭირდებოდა. ამხანაგურ თამაშებში მათ საქმეში ნახეს რა სისტემით ვთამაშობთ. კონკრეტულად ანდრეუს რაც შეეხება, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი ნაკლებად იცნობს, გეტყვით, რომ იგი დაცვითი ფუნქციების ნახევარმცველია. ამ ადგილზე ჩვენ მხოლოდ კვეკვესკირი გვყავდა. ყველა პოზიციაზე ორი მოთამაშე უნდა გვყავდეს. ამის მიღწევა გვინდოდა. გუნდში კონკურენციის ხარისხი გაიზარდა. ვფიქრობ ყველა რგოლში თანაბრად დაკომლექტებული და დაბალანსებული გუნდი გვყავს. ის სუსტი ადგილები რომელიც გვქონდა შევსებულია. თუმცა ამა თუ იმ პოზიციაზე თუ კიდევ უფრო ძლიერი ფეხბურთელის მოყვანის შესაძლებლობა იქნა უარს არ ვიტყვით, ვნახოთ. ვცდილობთ ახალ ფეხბურთელებს ჩვენს სათამაშო სისტემაში ადგილი მივუჩინოთ. უკვე რეალურად გამოჩნდა ნახევარდაცვის და შეტევის გაძლიერების კონტურები. მიუხედავად იმისა, რომ მარბელაში უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი თამაშებია, შედეგს მაინც არ ექნება პრიორიტეტული მნიშვნელობა. კმაყოფილი ვარ ბიჭებითა და მათი მონდომებით. 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024