30.01.2012
დინამოს გიორგი დევდარიანი უთავკაცებს (RU)

თბილისის დინამოს ერთ-ერთი წარმატებული ქართველი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი უთავკაცებს. გიორგი დევდარიანი ბოლო პერიოდში ჩვენი გუნდის დუბლშემადგენლობას ედგა სათავეში,  რომელიც 18 ტურის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობს გათამაშებას და უახლოეს მდევარს 6 ქულით უსწრებს. ამავდროულად 6 თვის მუშაობის შედეგად, დუბლშემადგენლობიდან 8-9 ფეხბურთელი  უმაღლესი ლიგის გუნდებში გამოცდილების მისაღებად იქნა მივლინებული.
პარალელურად იგი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელიც გახლავთ. 2011 წლის შემოდგომაზე თურქეთში, ნაკრებმა ჯგუფური ტურნირი წარმატებით დასძლია და ელიტ რაუნდში იასპარეზებს. გუნდმა ჯერ 3:1 მოუგო პოლონეთს, შემდეგ 2:0 დაამარცხა ლუქსემბურგი და ფრედ ითამაშა მასპინძლებთან. დევდარიანის ხელმძღვანელობით 25-30 მაისს, 19-წლამდელთა ნაკრები ხორვატ, ბოსნიელ და ავსტრიელ თანატოლებს დაუპირისპირდება და ევროპის ჩემპიონატის ფინალური საგზურისთვის იბრძოლებს. ელიტრაუნდში თამაშის უფლება მანმადე მისმა გაწვრთნილმა 17-წლამდელთა  ნაკრებმაც მოიპოვა, როდესაც პორტუგალიის, შოტლანდიის და კვიპროსის ნაკრები გუნდებით დაკომპლექტებული ჯგუფური სტადიის წარმატებით დაძლევა შეძლო.  ელიტრაუნდში გუნდმა ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენა, მოუგო ჩეხეთს, ფრედ ითამაშა უკრაინასთან და 1:2 დამარცხდა ჰოლანდიასთან. ჭანტურია, ყაზაიშვილი, სხირტლაძე, გიგაური, პარუნაშვილი, პაპავა, ხოჭოლავა, ეს იმ ფეხბურთელთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც  თავიანთ კლუბში პირველ გუნდში დაწინაურდნენ. გიორგი დევდარიანს საკლუბო დონეზე მუშაობის გამოცდილებაც გააჩნია. იგი 30 წლის ასაკში, 2003-2004 წლების  სეზონში  უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ თბილისის თბილისს ჩაუდგა სათავეში და გუნდს ბრინჯაოს მედლები და ევროპულ არენაზე თამაშის უფლებაც მოუპოვა, სადაც წარმატებით იქნა დაძლეული პირველი ეტაპი. იმ პერიოდში თბილისის თბილისი ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდად იქცა. საქართველოს ჩემპიონატის ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი ანგარიშით 0:5 ჩვენი გუნდი 2003-2004 წლების სეზონში, სწორედ თბილისის თბილისთან დამარცხდა. გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით იმ ფორმაციის გუნდში დინამოელები დავით ოდიკაძე და გოგიტა გოგუა გამოდიოდნენ. საფეხბურთო კლუბ თბილისიდან ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებში 11 ფეხბურთელი გახლდათ მიწვეული.
 




FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024