30.01.2012
დინამო სამხრეთ ჩინეთის ვეფხვების წინააღმდეგ ითამაშებს (RU)

ესპანურ შეკრებაზე მყოფი დინამო თბილისი 31 იანვრას მორიგ, უკანასკნელ საკონტროლო შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი ჩინური სუპერ ლიგის მოქმედ ჩემპიონს – გუანჟოუ ევერგრანდს დაუპირისპირდება. 

მიმდინარე სეზონში დასახული მიზნები:

დინამოელებისგან განსხვავებით ჩინელები ახალი სეზონისთვის ემზადებიან. აზიის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მონაწილე გუანჟოუ სერიოზულად აძლიერებს საკუთარ რიგებს და ახალ სეზონს ახალი მიზნებით ეგებებიან. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჩინეთის სუპერ ლიგა სოლიდური უპირატესობით მოიგო. სამხრეთ კორეელი მწვრთნელის, იანგ სუ ლის გაწვრთნილმა გუნდმა 30 ჩატარებულ შეხვედრაში 68 ქულას მოუყარა თავი და უახლოეს მდევარს 15 ქულით გაასწრო. 2011 წელს გუანჟოუმ ისტორიაში პირველად მოახერხა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. აღსანიშნავია, რომ  2010 და 2011 წლები ჩვენი მომავალი მეტოქის ისტორიაში დიდი ძვრების წელიწადად მოინათლა – სამხრეთ ჩინეთის ვეფხვებმა ზედიზედ ორი ტიტულის მოპოვება მოახერხეს. მეორე ლიგის გამარჯვებულმა და სუპერ ლიგაში აღზევებულმა გუანჟოუმ თავის სადებიუტო სეზონშივე მოახერხა ქვეყნის უპირველესი გუნდის წოდების მოპოვება და რანგით დაბალი ლიგის ჩემპიონის ტიტულს, სუპერ ლიგის საუკეთესო გუნდის პრიზიც დაუმატა.

მწვრთნელი და გუნდი:

გუანჟოუს სამხრეთ კორეელ მწვრთნელს, იანგ სუ ლის საფეხბურთო კარიერა ტიტულებით დახუნძლული ნამდვილად არ გახლდათ, მეტიც უნდა ითქვას, მას როგორც ფეხბურთელს არცერთი ტიტული არ აქვს მოგებული. რადიკალურად განსხვავებული გახლავთ აზიელი მწვრთნელის სამწვრთნელო რეგალიები. იანგ სუ ლიმ, სხვადასხვა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობისას ორჯერ მოიგო ჩინეთის ფეხბურთის ასოციაციის თასი, სამხრეთ კორეის ჩემპიონატი და თითოჯერ იმარჯვა ჩინეთის მეორე ლიგასა და სუპერ ლიგაში. 2010 წელს გუანჟოუს თავკაცად დანიშნულმა სამხრეთ კორეელმა სპეციალისტმა სამხრეთ ჩინეთის ვეფხვებს უდიდესი წარმატება მოუტანა. ორი სეზონი – ორი ტიტული, მათ შორის ჩინეთის ჩემპიონობა. ახალ სეზონში იანგ სუ ლისა და მის გუნდს ძალიან დიდი გამოცდა ელის – ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებასთან ერთად, ჩვენს მომავალ მეტოქეს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება.

სუსტი და ძლიერი მხარეები:

ჩინური გუნდის ძლიერ მხარეს შემტევი ხაზი წარმოადგენს. თავდასხმის ხაზში შედეგიანად მოასპარეზე ბრაზილიური დუეტი გუანჟოუს მეტოქეთა მცველებისათვის  გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენენ. ბრაზილიელმა მურიკმა 26 ჩატარებულ შეხვედრაში მოწინააღმდეგეთა კარი 16–ჯერ აიღო. ჩინური სუპერ ლიგის ჩემპიონ გუნდში მოთამაშე მეორე ბრაზილიელმა ფორვარდმა, რომელმაც საფეხბურთო სამყაროს თავი კარგა ხსნის წინ დაამახსოვრა, კლეომ 10 ჩატარებულ შეხვედრაში 10 გოლის გატანა მოახერხა. ჩინეთის სუპერ ლიგაში გუანჟოუს მიერ გატანილი 67 ბურთიდან 26 სწორედ ბრაზილელ ფორვარდთა ანგარიშზეა.

ისტორია და დღევანდელობა:

1954 წლის ივნისში დაარსებული გუანჟოუ ჩინეთის ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბებისთვის  ყოველთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა. ჩვენი მომავალი მეტოქე საშინაო შეხვედრებს 58 000–ანი ტევადობის ტიანჰე სტადიუმზე მართავს. გუანჟოუს ხუთჯერ აქვს მოგებული ჩინეთის მეორე ლიგის ჩემპიონის ტიტული. სამხრეთ ჩინეთის ვეფხვებმა თითოჯერ მოიპოვეს ჩინეთის ასოციაციის თასისა და ჩინეთის სუპერ ლიგის გამაჯვებულის წოდება. აღსანიშნავია, რომ გუანჟოუმ უკანასკნელი ტიტული 2011 წელს მოიგო და დღემდე მოქმედი ჩემპიონია. გუნდის ყველადროის საუკეთესო ბომბარდირის წოდებას ჰონდურასელი ლუის რამირესი ინარჩუნებს. 2007–2009 წლებში მოასპარეზე რამირესმა გუანჟოუს მაისურით 48 გოლის გატანა მოახერხა. გუანჟოუს ბრაზილელი ლეგიონერი, მარიკი, რომელიც სუპერ ლიგის საუკეთესო გოლეადორი გახდა, ჩინეთის ფეხბურთის ფედერაციამ და ჩინეთის ფეხბურთის ასოციაციამ 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად  დაასახელა.

მეტოქე და ჩვენ:

ესპანურ შეკრებაზე მყოფი დინამო თბილისი არსებობის ისტორიაში პირველად დაუპირისპირდება ჩინურ კლუბს. თბილისელები გუანჟოუს საერთაშორისო ამხანაგური მატჩის სტატუსით დაუპირისპირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ დინამო არცერთ ჩინურ კლუბს არ შეხვედრია, ჩვენს გუნდს ჩინურ საფეხბურთო სამყაროსთან შეხება აქამდეც ჰქონია. დინამო შორეულ 1957 წელს, ჩინეთის მეორე ნაკრებს დაუპირისპირდა და ხასაიას გოლის წყალობით 1:0 იმარჯვა.

გუანჟოუს სავარაუდო შემადგენლობა:

იანგი – პაულაუ, ტუ, ფენგი, ლი, სუნი – ვონ ჰი ჩუ, ვუ, ჟენგი – კლეო, მარიკი

დასასრულს შეგახსენებთ, რომ გუანჟოუსა და დინამოს დაპირისპირება თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის ტექსტური LIVE-ს ხილვა ტრადიციულად ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. აღნიშნული მატჩის ორგანიზატორები სავარაუდოდ შეხვედრის ინტერნეტ ჩვენებასაც განახორციელებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024