21.02.2012
გიორგი მერებაშვილი: იმედი მაქვს, თემურ ქეცბაია ნაკრებში მიმიწვევს (RU)

გიორგი მერებაშვილმა ნოვი სადის "ვოევოდინადან" თბილისის "დინამოში" დაბრუნება გოლით აღნიშნა. 25 წლის ფეხბურთელი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს შეცვლილ კლუბზე, ესპანელებზე, განახალებულ დიღმის ბაზაზე...

- "მეტალურგთან" შენი გამოკვეთილ თავდამსხმელად გამოჩენა ბევრისთვის ალბათ, სიურპრიზი იქნებოდა...
- ამ პოზიციაზე ადრეც მითამაშია, მაგრამ ჩემთვის მაინც უჩვეულოა. თუმცა, მოულოდნელი და ალოგიკური ნამდვილად არ ყოფილა.

- რატომ?
- მოსამზადებელ ეტაპზე ტერფმა შემაწუხა და გუნდთან ერთად სამი კვირა ვერ ვივარჯიშე. მხოლოდ ინდივიდუალურად, ტრენაჟორებში ვიტვირთებოდი და ისიც მსუბუქად. ვარჯიში მატჩამდე სამი დღით ადრე დავიწყე. სწორედ აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ გამოკვეთილ თავდამსხმელად დაყენება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს იმიტომ, რომ ნაკლებს ვირბენდი. გიორგი დევდარიანიც მატჩამდე ამას ამბობდა, რომ ჩემი თამაში თავდასხმაში, ან მარცხენა ფლანგიდან აჯობებდა.

- ფაქტია, "დინამოში" გოლით დაბრუნდი - კარგი დასაწყისია.
- მეც ძალიან გამიხარდა. ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს კარიერაში, როდესაც სადებიუტო მატჩი გოლით აღვნიშნე. "ვოევოდინაში" პირველი მატჩი კარგად ვითამაშე და საგოლე გადაცემა ჩავიწერე, ასევე იყო "დინამოშიც", როდესაც კარიერას ვიწყებდი. მაგრამ გოლი პირველად ახლა გავიტანე. რაც მთავარია, პრინციპულ მატჩში კონკურენტს 3 ქულა ავართვით.

არ შემიძლია, ორიოდე სიტყვა ჩვენი გულშემატკავრზე არ ვთქვა: როდესაც სერბეთში წავედი, "დინამოს" საშინაო მატჩს 20-დან 50-მდე ფანი თუ ესწრებოდა. ჩამოვედი, პირველი თამაში გასვლაზე გვქონდა და თვალებს ვერ ვუჯერებდი, როდესაც ერთბაშად 100-მდე ადამიანი გვქომაგობდა, თანაც ასე გულიანად. ჩვენს უშუალო კონკურენტს რომ მოვუგეთ, მათი დიდი დამსახურებაც არის. მე ის მიხარია, "დინამო" რომ ძლიერდება საფეხბურთო კუთხითაც და ქომაგობითაც.

- თავად გუნდში რა დაგხვდა შეცვლილი?
- ძალიან ბევრი რამ. უპირველესად, არ შეიძლება არ აღვნიშნო ახალი ბაზა. სავარჯიშო მოედნებით და გასახდელებით დასრულებული, ყველანაირი პირობაა, ფეხბურთელმა მხოლოდ თამაშზე რომ იფიქროს და მოუმატოს. ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა, რაც საერთოდ მინახავს. ასეთი პირობების მქონე გუნდს უფლებაც არ აქვს, დიდი მიზნები რომ არ დაისახოს.

თავად გუნდს რაც შეეხება, ადრე სხვა ვითარება იყო, უმრავლესობა "დინამოს" აკადემიიდან და დუბლებიდან ერთად მოვდიოდით და ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებდით. ახლა განსხვავებულია სათამაშო სქემა, მოთამაშეები, პოტენციალის გამოსავლენად შეთამაშება და დრო გვჭირდება. მაგრამ მჯერა, ამ გუნდით წარმატებას მივაღწევთ და ხალხს გავახარებთ.

- ახლა "დინამოს" ბაზა გამჭირვალე მესერით არის შემოღობილი, თითქოს ღია ქალაქში ვარჯიშობთ - ეს დისკომფორტს არ გიქმნით?
- მიმაჩნია, ეს უკეთესია, ვიდრე სამხედრო ბაზის მსგავსი კედლის მიღმა ვარჯიში. ჯერ ერთი, "დინამო" ხალხის გუნდია და სასიამოვნოა, თვალს რომ გადევნებენ. ასე ფეხბურთელი საკუთარ თავს ვეღარ მისცემ უფლებას უგულოდ ივარჯიშო, გულშემატკივარის მოგერიდება.

- ახალ თანაგუნდელებთან საერთო ენა გამონახე?
- ესპანელების გარდა, უცხო არავინ იყო, თუმცა შეთამაშება გვჭირდება. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ და გულშემატკივარს პირობასაც ვაძლევ, რომ რამდენიმე მატჩის შემდეგ "დინამო" სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს.

სხვათა შორის, პრობლემა ესპანელებთანაც არ მქონია, ოთხივე კარგი ადამიანია და ეს ურთიერთობას გვიადვილებს. მაგალითად, ჩისკო ავიღოთ: კაცს რა დონეზე უთამაშია და ძალიან უბრალო და უშუალო ადამიანია. ასეთი ფეხბურთელისა და პიროვნების გვერდით თამაში სასიამოვნოა.

- აშკარაა, რომ სერბეთში წასული ინდივიდუალისტი გუნდურ მოთამაშედ ჩამოყალიბდი.
- ამას მეც ვატყობ. სერბეთის ჩემპიონატს ბევრი ზერელედ უყურებს, მაგრამ იქ ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან ბევრს ისწავლის. მართლაც დიდი სკოლა გავიარე, შევეჩვიე მეტ სირბილს, ბრძოლასა და გუნდურ თამაშს. ზედმეტი ინდივიდუალისტობა ასაკის ბრალიც იყო, საკუთარ თავზე მეტს ვიღებდი. ახლა 20 წლის ბიჭი აღარ ვარ, თუმცა, სასწავლი კიდევ ბევრი მაქვს.

- შენი აზრით, "დინამოდან" ნაკრებში მიგიწვევენ?
- იმედი ნამდვილად მაქვს. სერბეთის ჩემპიონატს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ და თავს გარიყულად ვგრძნობდი. მაგრამ თემურ ქეცბაია საქართველოს ჩემპიონატის ლიდერთა მატჩებს ესწრება და ახლა ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული.

- "დინამო" კი გაძლიერდა, მაგრამ ლიდერ "ზესტაფონთან" ჩამორჩენა მაინც სოლიდურია. ამ სხვაობის შემცირება ლამის შეუძლებელი ჩანს...
- ჩამორჩენა მართლაც საგრძნობია, თან "ზესტაფონი" ძლიერი გუნდია და ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. თუმცა, ჩვენთან ისეთი მწვრთნელი და ფეხბურთელები მოვიდნენ, რომ უიმედოდ არ ვარ. ჩვენ ყველა მატჩში ვიბრძოლებთ და დრო გვაჩვენებს, რა გამოგვივა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტორი: მერაბ მამულაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024