ზუგდიდში წაგებული შეხვედრის შემდეგ დინამოელები საკადრისი პასუხის გასაცემად ემზადებიან. კვირას, 26 თებერვალს დინამო არენაზე დინამო ზუგდიდის ბაიას დაუპირისპირდება. ჩემპიონობისთვის მებრძოლი თბილისელები რევანშისთვის ემზადებიან, ბაია კი რვა საუკეთესოში მოსახვედრად ბოლოსწინაჯერ გაიბრძოლებს.
მიმდინარე სეზონში დასახული მიზნები:
ზუგდიდის ბაია უმაღლესი ლიგის ფორმატიდან გამომდინარე რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრას უმიზნებს. თასის გათამაშებიდან გამოვარდნილი ბაია ეროვნულ ჩემპიონატზე აკეთებს სრულ აქცენტს, თუმცა მიმდინარე წელს ორ ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულის აღება მოახერხა. რვა საუკეთესო გუნდის გამოვლენამდე ორი ტურით ადრე, ზუგდიდელები ორქულიანი უპირატესობის შენარჩუნებას შეეცდებიან და ბოლო წუთამდე იბრძოლებენ უმაღლესი ლიგის ელიტარულ გუნდებში ადგილის შენარჩუნებას.
მწვრთნელი და გუნდი:
გოჩა ტყებუჩავას გუნდი დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმუმისთვის იბრძოლებს. ზუგდიდელები ზამთრის პაუზიდან ეროვნულ ჩემპიონატს საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობით დაუბრუნდნენ. გუნდი ხუთმა წამყვანა ფეხბურთელმა (სამუშია, გუგუჩია, რიგვავა, წურწუმია და მგელაძე) დატოვეს. დანაკლისთან ერთად ბაიაში მატებაც იყო, ზუგდიდში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო ბოსნიიდან დაბრუნებულმა ლევან კუტალიამ. ბაიას მაისურით ითამაშებენ ასევე ლევან ტყებუჩავა და მაკარ აქუბარდიაც. მიმდინარე წელს გოჩა ტყებუჩავას გუნდს არ მოუგია, მეტიც... ბაიას გასული წლის 27 ნოემბრის შემდეგ, ექვსი ჩატარებული შეხვედრიდან არცერთში არ უმარჯვია.
სუსტი და ძლიერი მხარეები:
უმაღლესი ლიგის ბინადართაგან ზუგდიდელები იმ კლუბთან კატეგორიას განეკუთვნებიან, რომლებიც თავს ყველა რგოლში თანაბრად დაკომპლექტებული გუნდით იწონებენ. ზუგდიდელთა სუსტ მხარეებზე საუბრისას, რთულია არ შევეხოთ თავდასხმას. ჩვენი მომავალი მეტოქის რიგებში მოთამაშე ექვსი თავდამსხმელიდან მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთ ფორვარდს – ირაკლი ქობალიას გაჰქონდა გოლები, სანამ ტრავმის გამო არ მოუწია უქმობა – დღემდე მის ანგარიშზე სამი გატანილი ბურთია, მის შედეგს კი ვერცერთი ფორვარდი ვერ აუმჯობესებს. ბაიას ძლიერ მხარეს მეკარესთან შეთანხმებულად მობურთალი დაცვის ხაზი წარმოადგენს. ის, რომ ზუგდიდელებმა მიმდინარე სეზონში რვაჯერ მოახერხეს კარის მშრალად შენახვა უპირველესად გიორგი სომხიშვილისა და მცველთა კვარტეტის (აკობია, მგელაძე, პაჭკორია, სიხარულია) დამსახურებაა.
ისტორია და დღევანდელობა:
2006 წელს დაარსებული ზუგდიდის ბაია უმაღლეს ლიგაში 2009/2010 წლის სეზონიდან ასპარეზობს. ჩვენი მომავალი მეტოქისთვის ისტორიის განმავლობაში საუკეთესო გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგი გახლავთ, როდესაც გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში მეექვსე ადგილი დაიკავა, ამავე წელს გუნდმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე მეოთხედფინალს უწია. მიმდინარე სეზონში კი ბაიამ კვლავაც მოკრძალებული მიზნები დაისახა. რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა და თასზე წარმატებული ასპარეზობა.
ისტორია და დღევანდელობა:
აქამდე დინამო თბილისი ზუგდიდურ კლუბებს ოცდათერთმეტჯერ შეხვედრია. ამ თამაშებიდან თბილისელებმა ოცდაორჯერ იმარჯვეს, ხუთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ოთხჯერ კი გამარჯვება ზუგდიდელებს დარჩათ. ბურთების შეფარდებაც შესაბამისად 77 : 22 დინამოს სასარგებლოდ არის. სხადასხვა დროს თბილისელთა წინააღმდეგ იასპარეზეს ოდიშმა, დინამომ, მგლებმა და ბაიამ.
რაც შეეხება დინამოსა და ბაიას დაპირისპირებას, ეს გუნდები სულ ცხრაჯერ შეხვედნენ ერთმანეთს და მტკვრისპირელთა უპირატესობა აქაც თვალშისაცემი არის. ხუთი მოგება, სამი ფრე და ერთი მარცხი, ხოლო ბურთების შეფარდება 16 : 5. ეს ერთადერთი მარცხი თბილისელებმა შარშან, პირველი წრის შეხვედრაში განიცადეს. 22 ოქტომბერს, მეათე ტურის შეხვედრაში გულია თუთბერიძის სახელობის სტადიონზე ბაიამ ანგარიშით 2 : 1 გაიმარჯვა. დიდი ანგარიშით დინამომ ორჯერ იმარჯვა: თბილისში 2010 წლის 9 მაისს, ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამეთოთხმეტე ტურში ანგარიშით 3 : 0 და ზუგდიდში ოცდამეერთე ჩემპიონატის მეექვსე ტურში, 2009 წლის 19 სექტემბერს, ანგარიშით 6 : 0. აქვე აღსანიშნავია, რომ თუ არ ჩავთვლით ამ ორ შეხვედრას, ყველა მატჩი უკომპრომისო და დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა.
ბაიას სავარაუდო შემადგენლობა:
სომხიშვილი – აკობია, პაჭკორია, სიხარულია, ტყებუჩავა – კუტალია, ეხვაია, ლომია, აფაქიძე – გაბედავა, ტყემალაძე
შეგახსენებთ, რომ დინამოსა და ბაიას დაპირისპირება დინამო არენაზე 26 თებერვალს 14:00 საათზე დაიწყება და აღნიშნული შეხვედრის ტექსტური და ვიდეო LIVE–ს ხილვა ტრადიციულად ჩვენი ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.