კვირას დინამო თბილისი ქუთაისში ტორპედოს წინააღმდეგ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს. დედაქალაქელები მეტად პრინციპულ მეტოქეს მათსავე სტადიონზე დაუპირისპირდებიან და ქართულ კლასიკოდ წოდებულ მატჩს ქართველი გულშემატკივარი 50–ჯერ იხილავს. საიუბილეო ჯეო–ჯახი ორივე გუნდისთვის დიდ დატვირთვას ატარებს. გარდა იმისა რომ შეხვედრა პრინციპული ხასიათისაა, ჩვენი გუნდის დარად ქულები ტორპედოსაც ჰაერივით სჭირდება. ამრიგად კვირას ქუთაისში უკომპრომისო, უშეღავათო და დაძაბული შეხვედრის მომსწრენი გავხდებით. შეხვედრა, რომლის პირდაპირი რეპორტაჟიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე განხორციელდება, 18:00 საათზე დაიწყება.
მიმდინარე სეზონში დასახული მიზნები:
ქუთაისის ტორპედო უმაღლეს ლიგაში დაბრუნების დღიდან მაღალი პოზიციებისთვის მიისწრაფის. სეზონის სტარტზე უმაღლესი ლიგის საევროპო ზონისთვის მებრძოლი ტორპედო დღემდე ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებს. ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონში თასის გათამაშებაზე მეოთხედფინალს უწიეს, თუმცა ორ ფრონტზე მებრძოლნი საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან, ზესტაფონთან ორ მატჩიან დაპირისპირებაში 2:3 დამარცხდნენ. დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მიღმა დარჩენილი გია გეგუჩაძის შეგირდები უმაღლესი ლიგის საპრიზო ადგილებისთვის უკანასკნელ ტურამდე გააფთრებულ ბრძოლას აპირებენ.
მწვრთნელი და გუნდი:
მიმდინარე სეზონში ტორპედომ მთავარი მწვრთნელი სეზონის სტარტზევე გამოიცვალა და ქუთაისურ გუნდში სამუშაოდ გია გეგუჩაძე იქნა მიწვეული. გასული სეზონის ტრიუმფატორი მწვრთნელისთვის ტორპედოსთან ერთად პირველი სერიოზული გამოცდა, სწორედ დინამოსთან შეხვედრა იყო. თბილისში დინამო არენაზე გამართული კლასიკო ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, აღნიშნული მატჩი თბილისელებმა 2:0 მოიგეს და ტორპედოსთან ოთხმატჩიანი მოუგებელი სერიაც დამაჯერებელი გამარჯვებით შეწყდა. მას შემდეგ ტორპედომ კიდევ ორი შეხვედრა წააგო, თუმცა გია გეგუჩაძის კოლექტივის ჯერ კიდევ აქვს ჩემპიონობის თეორიული შანსი.
სუსტი და ძლიერი მხარეები:
ქუთაისური კლუბის სუსტ და ძლიერ მხარეზე საუბრისას რთულია არ გამოვყოთ დაცვის ხაზისა და მეკარის შეთანხმებული, ნაყოფიერი თამაში. საგულისხმოა, რომ ტორპედოს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 20 ბურთი აქვს მიღებული საკუთარ კარში, ამ მაჩვენებლით კი უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის მეორე ადგილს იკავებს. გამოცდილი დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზთან შედარებით ტორპედო თავდასხმაში შედარებით სუსტად გამოიყურება. ქუთაისელთა შემტევი ხაზის საშუალო ასაკი 21 წლით განისაზღვრება, ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც შემტევი კოლექტივიდან გამოცდილებით შეიძლება გამოვარჩიოთ, რევაზ გოცირიძე არის. პარტნიორებისგან განსხვავებით მრავლისმნახველ 31 წლის რევაზ გოცირიძეს არც გამოცდილება აკლია და არც ტიტულები. საქართველოს ორგზის ჩემპიონმა და თასის ფინალისტმა, თავისი კარიერის განმავლობაში 15–მდე კლუბში მოასწრო თამაში.
ისტორია და დღევანდელობა:
ქუთაისის ავტოქარხნის ბაზაზე 1946 წელს ჩამოყალიბებული ტორპედო სამ წელიწადში იმჟამინდელი საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. საკავშირო ჩემპიონატის ბ კლასის გუნთა გათამაშებაში ტორპედომ 1960 წელს პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა ხსენებულ სეზონში ა კლასის საგზური არ გათამაშებულა და ტორპედომ კვლავ ბ კლასის გუნდებს შორის განაგრძო ასპარეზობა. 1960 წელს მოპოვებული წარმატება ტორპედოს არ დაუკარგეს და სპორტის ოსტატის წოდება მიანიჭეს. ქუთაისურმა კლუბმა წარმატებული სვლა 1961 წელს განაგრძო და მათ ა კლასში აღზევებას ვერც კიშინოვში გამართულმა სამთა ტურნირის მონაწილე ტალინის კაევმა და თბილისის ლოკომოტივმა შეუშალეს ხელი. მომდევნო სპორტული სეზონი ტორპედომ რანგით მაღალ დივიზიონში დაიწყო. ა კლასის დონეზე მოთამაშე ქუთაისის ტორპედომ სადებიუტო სეზონში გაზეთ სოვეტსკი სპორტისგან 1962 წელს სამართლიანი თამაშისთვის დაწესებული პრიზი მიიღეს. 1963 წელს ქუთაისის ტორპედოს ისტორიაში, მათ საშინაო შეხვედრას სარეკორდო რაოდენობის მაყურებელი დაესწრო – 40 000 გულშემატკივარმა ქუთაისის ტორპედოსა და დინამო თბილისის უგოლო ფრე იხილეს. 1963 წელს მოსკოვური გუნდებისთვის უხერხულ მეტოქედ ქცეული ტორპედოს გოლკიპერი, რევაზ ურუშაძე სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა და ლევ იაშინის შემდეგ მეორე მეკარედ იქნა დასახელებული. 1964–1966 წლებში ტორპედო ა კლასის აუტსაიდერ გუნდებს შორის ტრიალებდა, 1966 წელს კი ტორპედო დაემშვიდობა კიდეც ელიტას.
ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის პერიოდში ტორპედო ქუთაისი ნომერ მეორე ქართული კლუბი გახდა. ქუთაისელებმა ზედიზედ სამჯერ მოახერხეს საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. საქართველოს ჩემპიონის სამ ტიტულს ქუთაისელმა ფეხბურთელებმა ორი საქართველოს თასიც მიუმატეს. დინამო თბილისის შემდეგ ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბი 2008 წელს ფინანსური გარანტიების არ ქონის გამო უმაღლესი ლიგის გათამაშებიდან მოკვეთეს. 2008/2009 წლების სეზონი ტორპედომ მეორე დივიზიონში დაიწყო და პირველი ლიგის საგზურიც უპრობლემოდ მოიპოვა. 2008/2009 წლების სეზონში დაწყებული წარმატებული სვლა გუნდმა 2009/2010 წლების სეზონშიც განაგრძო და პირველ ლიგაში მოასპარეზე ტორპედომ უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა. უმაღლეს ლიგაში აღზევებულმა ტორპედომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ფინალში გასვლაც მოახერხა, თუმცა გია გიგატაძის შეგირდები რანგით დაბალი დივიზიონის გუნდთან, გაგრასთან დამარცხდნენ.
მეტოქე და ჩვენ:
კვირას, 25 მარტს დინამო თბილისი ქუთაისში, ტორპედოს ესტუმრება. მატჩი გივი კილაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება და 18.00 საათზე დაიწყება. შეხვედრა, რომელსაც საქართველოში “ქართულ კლასიკოს" უწოდებენ, ყოველთვის საინტერესოდ მიმდინარეობს. ყოველი მატჩი უკომპრომისო ბრძოლით და თავდადებული თამაშით აღინიშნება, მომავალი მატჩი კი ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში საიუბილეო, 50– ე იქნება.
საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით, აქამდე სულ 49-ჯერ შეხვედრია დინამო და ტორპედო ერთმანეთს. აქედან 24-ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 11 შეხვედრა დასრულდა ფრედ, ხოლო 14 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდებაა 83/47 თბილისელთა სასარგებლოდ.
ამ შეხვედრებიდნ აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5-1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის პირველ აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0-3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ფლაგმანმა ანგარიშით 5-0 გაიმარჯვა.
დინამო ტორპედოს დაპირისპირება მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით არ შემოიფარგლბა. ეს გუნდები საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 26-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქაც უპირატესობა დინამოელთა მხარესაა. ამ დაპირისპირებებიდან დინამომ ცამეტ თამაშში მიაღწია წარმატებას, 9 შეხვედრა დასრულდა ფრედ და 4-ჯერ ტორპედომ მოიგო. ბურთების შეფარდება 38-21. თბილისელებმა სამჯერ გაიმარჯვეს ანგარიშით 3-1, აქედან ერთხელ სტუმრად. შესაბამისად 1966 წლის 26 აპრილს, 1969 წლის 26 მაისსა და 1962 წლის 25 მაისს. მეტოქემ ანგარიშით 4-2 მიაღწია წარმატებას 1968 წლის 31 ივლისს. აღნიშვნის ღირსია უხვგოლიანი ფრე 3-3 რომელიც დაფიქსირდა ქუთაისში 1966 წლის 30 ნოემბერს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრაში თბილისში, დინამო არენაზე მასპინძლებმა ჩისკოსა და თომაშვილის გოლებით, ანგარიშით 2–0 იმარჯვეს.
25 მარტს დინამო თბილისს აქამდე ორი შეხვედრა აქვს გამართული. ერთი საქართველოს ჩემპიონატში 2006 წელს, როდესაც მეჩვიდმეტე პირველობის მეოცე ტურში, მეგრელაძის და ბობოხიძის გოლებით ცხინვალის სპარტაკი 2–0 დაამარცხეს. მეორე კი, სსრკ–ს პირველობაზე 1981 წელს. თბილისელებმა მინსკელ სეხნიებს უმასპინძლეს და ანგარიშით 1–2 დამარცხდნენ. იმ შეხვედრაში თავი დინამოელთა ლიდერმა – დავით ყიფიანმა გამოიჩინა.
ტორპედოს სავარაუდო შემადგენლობა:
მიგინეიშვილი – გამეზარდაშვილი, რიგვავა, კვახაძე, გურული – დიღმელაშვილი, იოსელიანი, დოლიძე, დათუნაიშვილი – გოცირიძე, საბანაძე
დასასრულს კი შეგახსენებთ, რომ შეხვედრის ტექსტური და ვიდეო LIVE-ს ნახვა ტრადიციულად ჩვენი გუნდის ოფიციალურ ვებ–გვერდზე იქნება შესაძლებელი. მატჩი ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.