21.04.2012
დილა VS დინამო – მატჩამდე (RU)

კვირას, 22 აპრილს დინამო თბილისი გორში, ადგილობრივ დილას დაუპირისპირდება. უმაღლესი ლიგის გათამაშებაში დედაქალაქელების მსგავსად გორელებსაც წაუგებელი სერია აქვთ. დინამოელები, რომელთაც ზედიზედ 12 თამაშია არ წაუგიათ, გორის დილას 6 მატჩიან წაუგებელ სერიას ემუქრებიან.

მიმდინარე სეზონში დასახული მიზნები:

რვა საუკეთესოში მოხვედრისთვის მებრძოლმა დილამ მიმდინარე სეზონი არც თუ ისე სახარბიელოდ დაიწყო, თუმცა ოცდამეორე სათამაშო დღის შემდეგ გუნდმა რვა საუკეთესოში შესვლა მოახერხა და მეტიც - მეექვსე ადგილზეც მოკალათდა. გუნდმა საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის დაძლევაც მოახერხა და დავით ყიფიანის სახეობის ტიტულის მოსაპოვებლად ზესტაფონთან ბრძოლისთვის ემზადებიან. გორელთა მთავარი მამოტივირებელი ძალა ევროპის ლიგის საგზური არის, გორელები პირველ ტიტულს იოლად რომ არ დათმობენ ეს, ისედაც ნათელია. მიმდინარე სეზონში დასახული ამოცანა დილამ ფაქტობრივად გადაჭრა - გორელები რვა გუნდიან ელიტაში მოხვდნენ, მთავარი საზრუნავი  კი - თასის ფინალში წარმატებული თამაში იქნება.

მწვრთნელი და გუნდი:

გორის დილამ მიმდინარე სეზონში კიდევ ერთხელ შეიცვალა მთავარი მწვრთნელი და გუნდს სათავეში თემურ შალამბერიძე ჩაუდგა. მას შემდეგ, რაც თემურ გუნდს შალამბერიძისა და გია ცეცაძის დუეტი წვრთნის დილამ ჩემპიონატში ჩატარებული 6 მატჩიდან 3 მოიგო, 3 კი ფრედ დაასრულა. გუნდმა საქართველოს თასის ფინალში გასვლა მოახერხა, რაც სავსებით დამაკმაყოფილებელი შედეგია. უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის მეორე წრე გორელთათვის მოსამზადებელი ეტაპი იქნება ერთი კონკრეტული მატჩისთვის, რომელსაც დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი ჰქვია – გორელები ტიტულის მოლოდინში არიან.

სუსტი და ძლიერი მხარეები:

დილაზე საუბრისას შეუძლებელია ყურადღება არ მივაქციოთ ყველა სათამაშო რგოლში თანაბრად დაკომპლექტებულ, კონკურენტუნარიან ფეხბურთელებს, რომელთაგანაც რამდენიმეს სულაც მარტოს შეუძლია შეხვედრის საკუთარ თავზე აღება და მატჩის ბედის გადაწყვეტა. გუნდის ძლიერ მხარეს ნახევარდაცვის ხაზი წარმოადგენს - დინამოდან იჯარის წესით დამატებული ირაკლი ლექვთაძე და ყოფილი დინამოელი - გიორგი კახელიშვილი ნებისმიერი მეტოქისთვის თავ-გზის აბნევას შეეცდებიან... ასევე აღსანიშნავია ქართული საფეხბურთო ამინისტიის შემდეგ ფეხბურთში დაბრუნებული გიგა ბეჭვაიაც, რომელლის სათამაშო კლასის შესახებ კარგად მოგვეხსენება. ასევე მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს საქართველოში დაბრუნებული ზურაბ არზიანი, რომელიც ერთი წლის დინამოს ღირსებას იცავდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ასევე რუსეთიდან დაბრუნებული გოჩა ხოჯავა, რომლის არაერთი კარგი თამაში ახსოვს ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს.

ისტორია და დღევანდელობა:

1949 წელს გორში დაარსებულ საფეხბურთო კლუბს მოგვიანებით - 1961 წელს გორის დილა დაარქვეს. წითელი მაისურებით მოთამაშე გორელებმა პირველი ტიტული გასული საუკუნის 60-იან წლებში მოიპოვეს, 1968 წელს გორის დილამ შოთა შავგულიძის სახელობის ტურნირი მოიგო. 1969 წლის სპორტული სეზონი გორის დილამ მოწოდების სიმაღლეზე ჩაატარა და ერთი საფეხურით წინ წაიწია... გუნდმა საქართველოს ბ კლასის ფეხბურთელთა ტურნირებიდან, ა კლასის გათამაშებებში გადაინაცვლა.

ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან გორის დილა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობდა 1990 წლიდან მოყოლებული გორელებმა 18 წელი უმაღლეს ლიგაში გაატარეს - 2008 წელს კი გუნდი რანგით დაბალ ლიგაში დაქვეითდა, ფინანსების არ ქონის გამო კი მოგვიანებით გუნდი სულაც მეორე ლიგაში იქნა დაქვეითებული.

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დილას საუკეთესო მონაგარი 2004 წლით თარიღდება, როდესაც გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში მეექვსე ადგილის დაკავება მოახერხა და ინტერტოტოს თასის გათამაშებაზე იასპარეზა. ევროასპარეზზე გორელთათვის პირველივე რაუნდი გადაულახავი გამოდა. დილა ბულგარულ მარეკს დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში ( 0:0, 0:2) - 0:2 დამარცხდა.

გორელებმა 2009/2010 წლების სეზონი მეორე ლიგაში დაიწყეს და საფეხბურთო წლის ამოწურვის შემდეგ პირველ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვეს. 2010/2011 წლების სეზონში კი გუნდმა პირველ ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგაში აღსაზევებელლ თამაშში სამტრედიას 2:0 მოუგო.

დღეს გუნდი საკუთარი ისტორიის გადაწერისთვის ემზადება და განგებისგან ოქროსფერი კალმით ჩაწერილ სიტყვებს ელოდება. წინ სეზონის მეორე ნახევარის მეორე ეტაპი და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი ფინალია.

მეტოქე და ჩვენ:

მიმდინარე სეზონში დინამო დილას მეექვსედ დაუპირისპირდება. აქამდე გამართულ ხუთ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა ტრადიციულად დაუმარცხებლად იასპარეზა. დინამომ ჩემპიონატის ეგიდით გამართული სამი მატჩიდან ორი მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა. (სტუმრდ - 2:1, შინ - 2:0, შინ – 0:0), თასზე კი ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა (შინ - 2:2, სტუმრად - 0:0)

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში თბილისის დინამომ პირველი შეხვედრა გორის დილასთან 1990 წელს გამართა თბილისში და მეტოქე დიდი ანგარიშით 5:0 გაანადგურა. ამავე სეზონში დინამომ მეტოქეს სტუმრადაც 3:0 სძლია.

თბილისის დინამომ ყველაზე მეტი გოლი ერთ შეხვედრაში გორელებს 2004/05 წლების სეზონში გაუტანა, როდესაც დილა 9:0 დაამარცხა.

თბილისის დინამო და გორის დილა ერთმანეთს ისტორიაში დღევანდელ დღემდე 52–ჯერ დაუპირისპირდნენ, სადაც დედაქალაქელებმა 44–ჯერ იმარჯვეს, 7 მატჩი ფრედ დასრულდა და მხოლოდ ერთადერთხელ მოახერხა დილამ დინამოს დამარცხება. ბურთების შეფარდება 156:2.

მხოლოდ ჩემპიონატის ეგიდით კი დინამომ 44 შეხვედრიდან 39 მოიგო და 5 ფრედ დაასრულა. ბურთების შეფარდება 136:20.

სტატისტიკა ძალზედ მნიშვნელოვანია, იგი ისტორიის განუყოფელი ნაწილია,თუმცა წარსულში ნაჩვენები შედეგებით მომდევნო მატჩის მოგება შეუძლებელია. დინამო მოედანზე საბრძოლო ემადგენლობით გავა და შეხვედრის მოგებას შეეცდება, მით უფრო, რომ ჩვენს გუნდ დილასგან მიმდინარე სეზონში წყენა ახსოვს... საქართველოს თასის გათამაშებიდას ხომ სწორედ გორელებთან ორი ფრედ ნათამაშები შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა დინამო.

გორის დილას სავარაუდო შემადგენლობა:

სკენდერი – ალადაშვილი, სალუქვაძე, კაშია, ინწკირველი – ბეჭვაია, კახელიშვილი, მეგრელიშვილი, ხოჯავა – გურული, ვაწაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024