კვირას 6 მაისს, დინამო არენაზე საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეთერთმეტე ტურში ქართული კლასიკო გაიმართება. დინამო თბილისი ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს.
6 მაისს ეროვნულ პირველობაზე დინამოს სამი შეხვედრა აქვს გამართული. 1990 წელს პირველი ჩემპიონატის მერვე ტურში თბილისელებმა ხობში ადგილობრივი კოლხეთი ანგარიშით 2–1 დაამარცხეს. გოლების გატანა რევიშვილმა და ქეცბაიამ მოახერხეს. 2000 წელს გამართული შეხვედრა დინამოსა და ბათუმის ბათუმს შორის გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 2006 წელს მეჩვიდმეტე პირველობის ოცდამეცხრე სათამაშო დღეს დინამომ ფოთის კოლხეთს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 5–0 დაამარცხა. დვალის ჰეთ–თრიქს თითო გოლი ბობოხიძემ და კობახიძემ მიამატეს.
სსრკ–ს პირველობაზე 6 მაისს დინამომ ექვსი შეხვედრა ჩაატარა. აქედან ხუთში ჩვენმა გუნდმა იმარჯვა, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა. ბურთების ბალანსი 12/4. 1946 და 1948 წლებში დინამომ მინსკელ სეხნიებს უმასპინძლა და შესაბამისად 3–1 და 2–0 დაამარცხა მეტოქე. პირველ შეხვედრაში გოლები პაიჭაძემ (ორი) და პანიუკოვმა გაიტანეს, ხოლო მეორე მატჩში ზაზროევმა და აროშიძემ გამოიჩინეს თავი. 1964 წელს ალმა–ათის კაირატთან ფრედ დასრულებულ შეხვედრაში გოლები სიჭინავამ და მესხმა გაიტანეს. 1971 წელს მაჩაიძის გოლით დინამომ დონის როსტოვში ადგილობრივი სკა დაამარცხა. 1973 წელს მტკვრისპირელებმა დნეპროპეტროვსკის დნეპრს უმასპინძლეს. თბილისელებმა ებრალიძისა და წერეთელის გოლებით 2–0 დაამარცხეს სტუმრები. 1985 წელს დინამომ საკუთარ არენაზე ბაქოს ნეფთჩი მიიღო და 2–1 იმარჯვა. შეხვედრაში თავი სულაქველიძემ და შენგელიამ გამოიჩინეს.