ოთარ კაკაბაძე თბილისის დინამოს დუბლშემადგენლობისა და საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრების ერთ–ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. მან საკუთარი თამაშით თავი გერმანიის ნაკრებთან შეხვედრაშიც დაგვამახსოვრა. ქართველთა მარჯვენა მცველი შეტევაშიც დინამიურად ერთვებოდა. საფრანგეთთან თამაშის წინ ოთარ კაკაბაძეს UEFA.com–ის ჟურნალისტი გაესაუბრა.
UEFA.com: მაშინ, როდესაც საკვალიფიკაციო ეტაპი იწყებოდა, იფიქრებდით, რომ თქვენ ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე ითამაშებდით?
ოთარ კაკაბაძე: როგორც იქნა გამოგვივიდა, ისე... როგორც ამას ცნობილი ლათინური გამოთქმა გვეუბნება – "veni, vidi, vici" ["მივიდა, ნახა, გაიმარჯვა"]. ჩვენ იმედი გვქონდა, თუმცა ორ ნაწილად დაყოფილ შესარჩევ ეტაპზე მხოლოდ ლოკალურ გამარჯვებებზე ვფიქრობდით. ჩვენ ყველა შეხვედრაში მოსაგებად ვიბრძოდით. ახლა კი შეიძლება ითქვას, რომ ოცნება ახდა.
UEFA.com: Что რას იტყოდით იმ გამოცდილებაზე, რომელიც ფინალურ ეტაპამდე მიიღეთ შესარჩევ ეტაპზე?
ოთარ კაკაბაძე: ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ! თბილისში ჩვენ 12 ათასი გულშემატკივრის თანდასწრებით ვთამაშობდით, ეს კი ელიტ–რაუნდის რეკორდია. ასეთი წარმოუდგენელი ატმოსფერო კიდევ უფრო გვმატებდა მოტივაციას, ვიცოდით, რომ ჩვენს უკან ხალხი იყო და უფრო მეტი მონდომებით ვთამაშობდით. სლოვენიაში ყოფნა ჩვენთვის დიდი პატივია. ძალიან სასიამოვნოა, რომ ფინალურ ეტაპზე ისეთი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქვეყნების წარმომადგენლები არიან ჩვენი მეტოქეები, როგორებიც საფრანგეთი და გერმანიაა. ჩვენ არ ვგრძნობთ არანაირ ზეწოლასა და წნეხს. პირიქით, ჩვენ ძალიან ამაღლებულ განწყობაზე ვიმყოფებით, ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ვთამაშობთ. ეს ყოველივე კი ძალიან სასიამოვნოა.
UEFA.com: რთული იყო საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრებში მოხვედრა?
ოთარ კაკაბაძე: დიახ. მე, ისევე როგორც ჩემი თანაგუნდელები, იოლად არ მოვხვედრილვართ ნაკრებში. ეს უდიდესი პატივია - როდესაც შენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენ. ჩვენ აქ ვართ – ხანგრძლივი და დაუღალავი შრომის შედეგად.
UEFA.com: გყავთ თუ არა კუმირად ისეთი ქართველი ფეხბურთელი, რომლის მიღწევის განმეორების და გაუმჯობესების სურვილი გაქვთ?
ოთარ კაკაბაძე: ჩემი კუმირი და მისაბაძი მაგალითი - დავით ყიფიანია. იგი გახლდათ შესანიშნავი ნახევარმცველი, თბილისის დინამოსთან ერთად მან თასების მფლობელთა თასის გათამაშებაზეც იმარჯვა და სსრკ–ს წლის ფეხბურთელადაც დასახელდა.
UEFA.com: ფიქრობთ, რომ ერთ დღესაც თქვენ გაიმეორებთ და გააუმჯობესებთ ყიფიანის მიღწევებს?
ოთარ კაკაბაძე: მე გამუდმებით ამაზე ვფიქრობ. ეს ჩემი ოცნებაა. ძალიან მსურს ვითამაშო ისეთი მაღალი დონის ფეხბურთი, როგორსაც დავით ყიფიანი თამაშობდა. მსურს ეროვნული ნაკრების მაისურით ჩემი ქვეყანა ვასახელო.
UEFA.com: ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ რას გააკეთებს ოთარ კაკაბაძე?
ოთარ კაკაბაძე: ვარჯიშს, ვარჯიშს და კიდევ ვარჯიშს! ამჟამად მე დინამო თბილისის დუბლშემადგენლობაში ვირიცხები, ასე რომ... მე ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაო, რათა მომავალში პირველი გუნდის შემადგენლობაში ვითამაშო.
UEFA.com: საუბრის დასასრულს საფრანგეთთან თამაშსაც შევეხოთ – შეძლებს თქვენი ნაკრები ისეთივე ძალებით შეტევას, როგორც გერმანიის ნაკრებს შეუტიეთ?
ოთარ კაკაბაძე: მოახლოებული შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მეტიც... ჩვენთვის ფინალის ტოლფასია. ჩვენ მხოლოდ მოსაგებად გავალთ მოედანზე, მთავარია მოვიგოთ, ამის გაკეთებას შემტევი ფეხბურთით მოვახერხებთ თუ დაცვითი სტილის თამაშით, დიდი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს.
UEFA.com: დასასრულს რას ეტყოდით ქართველ გულშემატკივართ?
ოთარ კაკაბაძე: კვირას მთელი საქართველო ერთ–ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ რელიგიურ დღესასწაულს, გიორგობას აღნიშნავდა, მინდა მთელს საქართველოს, ჩემს ოჯახსა და მეგობრებს მივულოცო გიორგობა.
მასალა მომზადებულია UEFA.COM–ის მიხედვით