თბილისის დინამო ბოლო პერიოდში ევროპის კლუბთა ასოციაციის (ECA) მიერ ჩატარებულ აქციებზე ძალიან გააქტიურდა და ფაქტობრივად ყველა სფეროში თანამშრომლობს ასოციაციასთან. რეგიონალური სხდომა, რომელსაც დონეცკის შახტარმა ამასწინათ დონბას არენაზე უმასპინძლა, მიზნად ისახავდა ასოციაციის წევრი კლუბებისთვის უეფასთან გაფორმებული მემორანდუმის წარდგენას და განხილვას, ასევე კლუბთა შეხედულებების შეჯამებას სხვადასხვა საკითხებზე. სხდომა ეხებოდა ასევე საერთაშორისო კალენდარს, სამედიცინო პროტოკოლს, მოლაპარაკებებს ფიფასთან, ცვლილებებს უეფას რეგლამენტში (2012/2015 ციკლისთვის) და უეფას მიერ ფინანსური ფეარ-ფლეის მიზნებისთვის შექმნილ კომპიუტერულ პროგრამას. ჩვენი კლუბიდან ამ სხდომაზე საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელი- თეა შამათავა იმყოფებოდა.
თეა შამათავა- უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის კლუბთა ასოციაციის მიერ უეფასთან გაფორმებული მემორანდუმი, საფეხბურთო კლუბებისთვის მეტად მნიშვნელოვან პუნქტებს მოიცავს. მემორანდუმის თანახმად, უეფა აიღებს პასუხისმგებლობას ფეხბურთლების დაზღვევაზე, ნაკრების როგორც ოფიციალურ ასევე ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობისას და გავრცელდება ყველა იმ ფეხბურთელზე, რომელიც დარეგისტრირებულია ევროპულ კლუბში, მიუხედავად მისი ეროვნებისა. გარდა ამისა, კლუბები მიიღებენ 100 მილიონ ევროს, ევრო 2012-ის ფინალური ეტაპის შემოსავლებიდან, ხოლო ევრო 2016-სთვის ეს ოდენობა 150 მილიონამდეც გაიზრდება! მომავალში სხვადასხვა კლუბების წარმომადგენლებისგან შემდგარ უეფას საშეჯიბრო კომიტეტს, არსებითად, უფლება ექნებათ მიიღონ გადაწყვეტილებები ყველა იმ საკითხთან მიმართებაში, რაც კლუბების შეჯიბრებებს შეეხება.
ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო ECA-ს მიერ წამოყენებული წინადადება გარკვეული ცვლილებების შეტანაზე უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის რეგლამენტში 2012/2015 ციკლისათვის. მათ შორის მინდა გამოვყო ის ცვლილება, რომლის თანახმადაც ფეხბურთელი, რომელიც მონაწილეობას იღებდა უეფას ჩემპიონთა ლიგისა ან ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებსა და ფლეი-ოფში, ჯგუფური ეტაპიდან, შეძლებს ითამაშოს ახალი კლუბის შემადგენლობაში.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს ფიფასთან, აქ უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ECA-ს თავმჯომარის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს დიდი ძალისხმევისა, უეფასგან განსხვავებით ვერ ხერხდება რაიმე სახის შეთანხმების მიღწევა ფიფასთან, აქედან გამომდინარე ევროპის კლუბთა ასოციაცია მოუწოდებს მის წევრ კლუბებს ერთობლივად შეეცადონ გარკვეული გზების მოძიებას.
რეგიონალურ სხდომაზე, ერთ-ერთი განხილვის საკითხი იყო ასევე სამედიცინო პროტოკოლი, რომელიც წარმოდგენილი იქნება ფიფაში, ამა წლის ოქტომბრისთვის. პროტოკოლი ითვალისწინებს გარკვეულ ნორმებს კლუბისა და ნაკრების ექიმების უფლებებზე ტრავმირებულ ფეხბურთელთან მიმართებაში ნაკრების თამაშების დროს და მიზნად ისახავს კლუბებსა და ფედერაციებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას.