16 მაისს ოთხშაბათს, საქართველოს XXIII ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეცამეტე ტურში დინამო თბილისი რუსთავში ადგილობრივ მეტალურგს დაუპირისპირდება. შეხვედრა ფოლადის სტადიონზე 17.00 საათზე დაიწყება.
ეროვნულ ასპარეზზე დინამომ 16 მაისს ორი შეხვედრა გამართა და ორივეში დიდი ანგარიშით იმარჯვა. 1991 წელს თბილისელებმა სამტრედიის სანავარდოს უმასპინძლეს და ექვსი უპასუხო გოლი გაუტანეს. ყაველაშვილის ჰეთ–თრიქს, ქეცბაიამ, ინალიშვილმა და რევიშვილმა მიამატეს გოლები. 2007 წელს დინამომ მეთვრამეტე ჩემპიონატში საჩხერეს ჩიხურა– ფეიქრიშვილის, იაშვილის, მერებაშვილის, ხუციშვილის და გურამ კაშიას გოლებით 5–0 დაამარცხა.
სსრკ–ს ჩემპიონატში დინამომ 16 მაისს ათი შეხვედრა გამართა. აქედან ექვსში თბილისელებმა იმარჯვეს, სამი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ერთხელ კი მარცხი განიცადეს. ბურთების ბალანსია 20/8 დინამოს სასარგებლოდ. ერთადერთი მარცხი დინამომ 1959 წელს მოსკოვის ტორპედოსთან მატჩში იწვნია ანგარიშით 0–1. 1948 წელს და 1973 წელს შესაბამისად მოსკოვის კრილია სოვეტოვთან და მოსკოვის ცსკა–სთან დინამომ 1–1 ითამაშა. გოლები კი ანთაძემ და რეხვიაშვილმა გაიტანეს. 1949 წელს მინსკში ადგილობრივ დინამოსთან 2–2 დასრულდა შეხვედრა, რომელშიც თავის გამოჩენა ზაზროევმა და თოდრიამ მოახერხეს. 1954 წელს ჩვენმა გუნდმა ვარდიმიადის გოლით გორკის ტორპედო დაამარცხა. 1968 და 1975 წლებში მტკვრისპირელებმა ვოროშილოვგრადის ზარია და მოსკოვის ტორპედო ერთნაირი ანგარიშით 2–0 დაამარცხეს. პირველ შემთხვევაში გოლები გავაშელმა და მეტრეველმა გაიტანეს, ხოლო მეორე მატჩში ყიფიანმა და ქორიძემ გამოიჩინეს თავი. 1972 წელს თბილისელებმა დონის როსტოვის სკა–ს უმასპინძლეს. ძოძუაშვილის, გუცაევის, ნოდიას და პეტრიაშვილის გოლებით, დინამომ 4–1 იმარჯვა. 1980 წელს კი ჩვენმა გუნდმა ერთით მეტი ბურთი გაუტანა ლენინგრადის ზენიტს და დიდი ანგარიშით 5–1 დაამარცხა მეტოქე. გოლები კი ჩელებაძემ (ორი), მინაშვილმა (ორი) და ჩივაძემ გაიტანეს. 1982 წელს დინამო თბილისმა ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა და სვანაძისა და მუჯირის გოლებით 2–1 იმარჯვა.