05.07.2018
დინამომ დილა დაჯაბნა

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მეთვრამეტე ტურის და მეორე წრის ბოლო მატჩი შედგა, რომელშიც დინამომ გორის დილას უმასპინძლა. პირველივე წუთებზე დინამოელებმა სახიფათოდ შეუტიეს და გუჯა რუხაიას აქტიური თამაშის შემდეგ საჯარიმოში მიხეილ ერგემლიძე ამწვავებდა სიტუაციას, თუმცა ბოლო მომენტში მცველებმა განმუხტეს სახიფათო მომენტი. მე- 15 წუთზე დინამომ გახსნა ანგარიში. ოთარ კიტეიშვილმა ჩვეულ სტილში აუარა გვერდი რამდენიმე მეტოქეს და ტექნიკური დარტყმით გაიტანა გოლი. ორიოდე წუთში კარგი მომენტი ბუდუ ზივზივაძესაც შეექმნა, თუმცა ბოლო მომენტში მეტოქის მეკარემ დაასწრო ბურთზე. 22- ე წუთზე კი დმიტრო ივანისენია წააქციეს შეტევისას, საჯარიმო დარტყმა რათქმაუნდა არავის დაუთმო ლაშა თოთაძემ და ანგარიში საფირმო სტილში 2:0 გახადა. დედაქალაქელებმა შესანიშნავი შეტევით ოთხიოდე წუთში ანგარიში სამამდე გაზარდეს. გოლი კაპიტნის გადაცემით ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. თავად კაპიტანმა კი მეორმოცე წუთზე ულამაზესი გოლით ანგარიში 4:0 გახადა. ტაიმი ესეც მორჩა, მეორე ნახევრის დებიუტში კი ოთარ კიტეიშვილი ჰეთ თრიქისთვის გაიქცა, იგი ანზორ სუხიაშვილმა აკრძალული ილეთით შეაჩერა და წითელი ბარათიც დაიმსახურა. 59- ე წუთზე დინამოს კაპიტანმა ჩვეულ სტილში ტექნიკურად ითამაშა, ზუსტი გადაცემით ბუდუ ზივზივაძე დილას კიპერს შეატოვა და ბუდუმაც დუბლი გაიფორმა. მომდევნო შეტევაში თავისი შანსი დმიტრო ივანისენიამ ვერ გამოიყენა, რომელმაც თავით ითამაშა არაზუსტად. 72- ე წუთზე მოედანზე დინამოს ფორმით 8 წლიანი პაუზის შემდეგ მათე ვაწაძე გამოჩნდა. მოედანზე ასევე გამოვიდა გიორგი ზარია, რომელიც 8 თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა გუნდს. მან ბრწყინვალედ მოთამაშე გუნდის კაპიტანი - ოთარ კიტეიშვილი შეცვალა, რომელიც სტადიონზე მყოფმა მაყურებელმა ოვაციებით გააცილა. საბოლოოდ შეხვედრა დედაქალაქელთა გამარჯვებით 5:0 დასრულდა.

ამით ეროვნულ ლიგაში შესვენება გამოცხადდა, დინამო კი მომდევნო მატჩს 12 ივლისს სლოვაკეთში გამართავს. ჩვენი გუნდი უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში დუნაისკა სტრედას შეხვდება.

 

დინამო  5:0  დილა

 

გოლი: 1:0 კიტეიშვილი 15’  2:0 თოთაძე 22’  3:0 ზივზივაძე 26’  4:0 კიტეიშვილი 40’  5:0 ზივზივაძე 59’

გაფრთხილება: რაზმაძე 22’  ნონიკაშვილი 61’ 

გაძევება: სუხიაშვილი 54’ 

 

დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, ლოჩოშილი, კობოური, ნინუა (ქარდავა 77), ივანისენია, ივანიშვილი, ო. კიტეიშვილი (ზარია 81), ერგემლიძე (ვაწაძე 72), ზივზივაძე

დილა: ბეგაშვილი, მაჩაიძე, რაზმაძე, ქავთარაძე, ნონიკაშვილი, კორიფაძე, კვახაძე, კოვტალიუკი (კერელეიშვილი 74), ლამპტი (ნონდი 46), რიბეირუ (რაჟამაშვილი 46), სუხიაშვილი

 

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018