09.09.2017
დინამო შუქურას დაუზავდა

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის 25- ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ქობულეთის შუქურას უმასპინძლა. პირველი სახიფათო მომენტი მატჩის მეხუთე წუთზე შეიქმნა. ბექა მიქელთაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა, ბურთი ქობულეთელთა მეკარემ მოიგერია. ორიოდე წუთში მასპინძლებს უკვე რეალური საგოლე მომენტი შეექმნა. ლაშა სალუქვაძემ ჩააწოდა მარცხენა ფრთიდან, ბექა მიქელთაძემ თავით ითამაშა, ბურთი კი ძელმა მოიგერია. მე- 17 წუთზე ლაშა ქოჩლაძის და ერეკლე მალაზონიას საჯარიმო დარტყმებია აღსანიშნავი. ორივე შემთხვევაში მეკარეებმა განმუხტეს სიტუაცია. 36- ე წუთზე სტუმრებმა შექმნეს სახიფათო მომენტი, მარსელინიუს ჩაწოდებას შალამბერიძე აგვირგვინებდა, თუმცა დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა. მომდევნო შეტევაში უკვე შუქურა გადაურჩა გოლს. აკაკი შულაიას თავური დარტყმული ხარიხამ მოიგერია. პირველი ტაიმის ბოლოს სტუმართა კარი კიდევ ერთხელ გადარჩა. მიქელთაძის პასის შემდეგ ლაშა ქოჩლაძეს მართებდა გატანა, მაგრამ დარტყმული ბურთი ოდნავ აცდა კარს და შეხვედრის პირველი ნახევარიც დასრულდა. მეორე ნახევარი ისევ მასპინძელთა შეტევით განახლდა. დინამოელებმა სწრაფი კომბინაცია მარჯვენა ფრთიდან განახორციელეს, მიქელთაძეს კი მცირედი დააკლდა მომენტის დასაგვირგვინებლად. მატჩის 62- ე წუთზე დინამომ სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, ნიკა ნინუამ ითამაშა კარგად მოედნის ცენტრში და ზუსტი პასით მეკარესთან პირისპირ ლაშა ქოჩლაძე გაიყვანა, რომელმაც მელნიჩენკოს ვერ აჯობა. ამ მომენტის შემდეგ სწორედ ქოჩლაძის ნაცვლად მოედანზე გიორგი ზარია შევიდა, რომელსაც ტრავმის გამო საკმაო ხანი გაუცდა. 71- ე წუთზე მასპინძლებს კონტრშეტევა გამოეპარათ და კობა შალამბერიძემ გახსნა ანგარიში. ათ წუთში აკაკი შულაიას სწრაფი შეტევა გიორგი კახელიშვილმა აკრძალული ილეთით შეაჩერა, მსაჯისგან მეორე ყვითელი ბარათი დაიმსახურა და მოედანი დატოვა. დინამოელებმა მასირებულ შეტევებს უმატეს, ლევან გეგეჭკორის ზუსტი ჩამოწოდებული და ბექა მიქელთაძე მაკრატელა დარტყმით ცდილობდა შუქურას კარის აღებას, ბურთი სანტიმეტრებში აცდა მეტოქის კარს. მატჩის კომპენსირებულ დროში ლაშა ქოჩლაძემ იაქტიურა, თუმცა არც მისი დარტყმული გამოდგა ზუსტი. სამაგიეროდ ბექა მიქელთაძემ შორიდან გაისროლა, მისი დარტყმული მელნიჩენკომ მოიგერია, დასწრებაზე კი ენვერ ლილუაშვილმა ითამაშა კარგად და ანგარიში გაათანაბრა. თბილისელებს ბოლო წუთზე მოგებაც შეეძლოთ, ლაშა თოთაძემ დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ბურთი კი ისევ კარის ძელმა უკუაგდო. საბოლოოდ ფრე 1:1. შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 13 სექტემბერს საქართველოს თასზე გამართავს. მეოთხედფინალურ მატჩს დინამო რუსთავში, ფოლადის სატადიონზე რუსთავთან ჩაატარებს.

 

 

დინამო  1:1  შუქურა

 

გოლი: 0:1 შალამბერიძე 71’  1:1 ლილუაშვილი 90+3’

გაფრთხილება: კახელიშვილი 16’  ქარდავა 17’  კახელიშვილი 82’  მალაზონია 90’  დაგარგულია 93’ 

გაძევება: კახელიშვილი 82’ 

 

დინამო: რევიშვილი, თოთაძე, კობოური, სალუქვაძე, გეგეჭკორი, ქარდავა, ნინუა (ლილუაშვილი 72), ქოჩლაძე (ზარია 62), შულაია, ერგემლიძე (კუცია 54), მიქელთაძე

შუქურა: მელნიჩენკო, დასე, კალანდაძე, გოგიტიძე, კახელიშვილი, კლიმიაშვილი, მალაზონია (დაგარგულია 82), გურული, თუხარელი (ართმელაძე 57), შალამბერიძე (ცეცხლაძე 88), მარსელინიუ

 

მსაჯი: დავით სანოძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017