22.03.2014
საქართველოს თასი: თბილისის "დინამომ" რუსთავის "მეტალურგი" დაამარცხა

20 მარტს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 1/4-ფინალის საპასუხო მატჩები გაიმართა. დღის ბოლოს "დინამო არენაზე" გამართულ შეხვედრაში თბილისის "დინამომ" რუსთავის "მეტალურგს" შანსი არ დაუტოვა - 4:1.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირებაც "დინამოს" გამარჯვებით (2:0) დასრულდა.

ანგარიში უკვე მესამე წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა გახსნა. მე-16 წუთზე სხვაობა ორ ბურთამდე გიორგი მერებაშვილმა თერთმეტმეტრიანით გაზარდა, ტაიმის დასრულებამდე კი სტუმართა კარი მესამედ ჩისკომ (39-ე წუთი) დალაშქრა.

შესვენების შემდეგ, თამაშის განახლებიდან 2 წუთში რუსთაველები უკვე დარკო გლიშიჩმა დაამწუხრა - 4:0.

59-ე წუთზე ბესიკ ჩიმაკაძემ პრესტიჟის გოლი გაიტანა და როგორც აღმოჩნდა, მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:1.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გამართულ შეხვედრებში ნახევარფინალების საგზურები საჩხერის "ჩიხურამ" და გორის "დილამ" მოიპოვეს, მარტვილის "მერანსა" და ქობულეთის "შუქურას" შორის მატჩი კი სამტრედიის სტადიონზე მომხდარი ინციდენტის გამო შეწყდა.

 

სპორტალი  20.03.2014

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019