22.03.2014
2002 2014-ში - ქუთაისში "დინამოს" ერთნაირად ერჩიან

თბილისის "დინამო"-"ტორპედოს" დაპირისპირება მთლად ისეთი მარადიული თემა არ არის, როგორიც, დავუშვათ, ქათმისა და კვერცხის ამბავი, მაგრამ ქართულ საფეხბურთო სამყაროში ამათ მეტოქეობაზე ისეთი სიხშირითა და სიმწვავით ლაპარაკობენ, ხანდახან კაცს ქათამიც უკან რჩება და კვერცხიც.

მსოფლიოში ბევრი დერბი არსებობს, "ტორპედო"-"დინამოს" ქართულ დერბიზე გაცილებით ძველიც, მაგრამ ჩვენი ხანმოკლე, თუმც ერთობ შუღლიანი ისტორია უფრო ცნობილთა დაპირისპირებასაც ბევრი არაფრით ჩამოუვარდება.

ცხადია, მატჩის ირგვლივ შექმნილ ზოგად ვითარებას ვგულისხმობ, თორემ თამაშის ხარისხით ქუთაისურ-თბილისურ შებმას ხშირად არც შეეხედება. შთაბეჭდილება რჩება, რომ "ტორპედოსა" და "დინამოს" შორის მთავარი - ქომაგთა ურთიერთობაა, ხოლო დანარჩენი მეორეხარისხოვანია... ასე იყო ზუსტად 14 წლის წინ და ასე იქნება, ალბათ, კიდევ კარგა ხანს...

...მაშინ "სარბიელში" ვმუშაობდი და დღესაც კარგად მახსოვს, "დინამოს" ხორვატი მწვრთნელის, ივო შუშაკის გუნდთან ერთად ქუთაისში პირველი სტუმრობა და იქ მომხდარი ამბავი.

ქუთაისში თამაში თბილისის "დინამოსთვის" მაშინაც საშიში იყო და როგორც გამოჩნდა, 12 წლის შემდეგაც არაფერი შეცვლილა.

მეტოქე ქომაგებს ერთმანეთი არც მაშინ ეხატებოდათ გულზე და დღეს - მით უმეტეს.

ქუთაისის სტადიონზე მასპინძლები მაშინაც ქვებს ისროდნენ და სტუმრები იგინებოდნენ - დღესაც ასეა;

პოლიცია მაშინაც უმოქმედო იყო და წესრიგი ვერც ახლა უზრუნველყო;

ქომაგების უსაქციელობისთვის წაგებული მაშინაც "ტორპედო" დარჩა და ახლაც;

ქუთაისელთა მწვრთნელი მაშინაც რევაზ ძოძუაშვილი იყო და ახლაც ისაა...

მთავარი კი სულ სხვაა - მთავარი რევაზ ძოძუაშვილის სიტყვებია, რომელიც მან 2002 წლის მარტში "სარბიელს" უთხრა და 2014 წლის მარტში "ლელოს" გაუმეორა. სწორედაც რომ გაუმეორა - მისი სიტყვები და აზრი ახლაც იგივეა, რაც 12 წლის წინათ.

გაინტერესებთ? აგერ, ბატონო:

"ქართული ფეხბურთის ორი ფლაგმანის მატჩი იყო, თუმცა ტრიბუნაზე 250 თბილისელი და ამდენივე ქუთაისელი ჩხუბობდა.

მგონი, ყველაფერი მესამე ძალისგან იყო პროვოცირებული. ძალიან მაინტერესებს, ფედერაცია თუ სადისციპლინო კომიტეტი მომხდარი არეულობისთვის ვის დასჯის, "ტორპედოს"?

ქუთაისელები სანიმუშოდ იქცეოდნენ, ფეხბურთელები თავის საქმეს აკეთებდნენ, ქომაგები - თავისას. "ტორპედოში" დისციპლინა არ დაიწუნება, ჩემი გუნდის თამაშითაც, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ",
- თქვა "ტორპედოს" მწვრთნელმა 12 წლის წინათ, როცა ქუთაისის სტადიონზე ადგილობრივ და თბილისელ ქომაგებს შორის მორიგი არეულობა მოხდა, "დინამომ" კი ქუთაისს თავი ძლივს დააღწია და შინ ფანჯრებდალეწილი ავტობუსით დაბრუნდა.

ახლა კი 2014 წლის 10 მარტის "ლელო" გადავფურცლოთ:

"ორი სახელოვანი გუნდი თამაშობდა და ასეთ დაბოლოებას არც ერთი იმსახურებდა. არადა, ძალიან კარგი თამაში იყო, ფეხბურთელები კორექტულად იქცეოდნენ.

ამ მოვლენას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, რადგანაც შეიძლება შეუქცევადი ხასიათი მიიღოს და სხვა ქალაქებშიც ანალოგიური მოხდეს. აშკარად დაგეგმილი პროვოკაცია იყო. რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია, ამას გამოძიება სჭირდება.

მთელი უბედურება ისაა, რომ ქართული ფეხბურთის ჩაძირვა უნდათ თავიდან ბოლომდე და ვინ არის ამ მუხანათური საქმის სათავეში, იმას უნდა მივაკვლიოთ.


"ტორპედო" რატომ უნდა დასაჯონ? ახლა ისედაც გვიჭირს და რატომ უნდა ჩავატაროთ საშინაო მატჩები ნეიტრალურ მოედანზე? თუმცა ესეც არაფერი, "ტორპედო" ყველაფერს აიტანს", - თქვა ძოძუაშვილმა.

ყურადღება მიაქციეთ - პროვოკაცია, მესამე ძალა, მაღალი დონის ფეხბურთი, რატომ უნდა დაისაჯოს "ტორპედო"? სიტყვები - იგივე, ფრაზები - იგივე და, ცხადია, აზრიც - იგივე. ასე სჯერა ამ კაცს და რა გაეწყობა?! ვინ არის პროვოკატორი, ვინ იგულისხმება მესამე ძალაში, რატომ არ უნდა დაისაჯოს "ტორპედო"? - სამწუხაროდ, რევაზ ძოძუაშვილს ეს არც მაშინ უთქვამს და არც ახლა თქვა.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - 2002 წლის იმავე დღეს რევაზ ძოძუაშვილის სიტყვების გვერდით ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებული "დინამოს" ხელმძღვანელობის (კონკრეტულად ვისი, უცნობია) ის სიტყვებია მოცემული, რომლითაც "დინამოს" უფროსებმა ფეხბურთის ფედერაციას შესჩივლეს:

"სანამ "ტორპედოს" სტადიონზე არ იქნება უზრუნველყოფილი თბილისელ გულშემატკივართა უსაფრთხოება და არ დამყარდება წესრიგი, "ტორპედოსა" და "დინამოს" შეხვედრები (რომლებიც ქუთაისში უნდა გაიმართოს) ჩატარდეს ნეიტრალურ სტადიონზე".

ახლა კი "დინამოს" ამჟამინდელი პრეზიდენტის, რომან ფიფიას სიტყვები წაიკითხეთ, რომელიც, მართალია, ემოციურ განწყობაზე, მაგრამ "ტორპედო"-"დინამოს" ჩაშლილი მატჩის შემდეგ თქვა:

"ჩვენ ქუთაისში ვეღარ ვითამაშებთ, ეს შეუძლებელია. ჩვენი მატჩები მომავალში ნეიტრალურ მოედანზე უნდა ჩატარდეს".

შეიცვალა რამე? რევაზ ძოძუაშვილის გარდა, მხოლოდ "მოქმედი პირნი და შემსრულებელნი", მოედანზე სხვა ფეხბურთელები და ქომაგები დარბიან, ფედერაციაში და სადისციპლინო კომიტეტში სხვა ხალხი მუშაობს და, სხვათა შორის, ფან-კლუბებშიც სულ სხვა ბიჭები ჩანან...

ეტყობა, მტრობა აქაც თაობიდან თაობაზე გადადის...

 

გაზეთი ლელო      13.03.2104

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019