05.03.2019
ლევან შენგელია: ვიცით, რა გვინდა და როგორ უნდა ვითამაშოთ

განახლებულმა “დინამომ” საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში საჩხერის “ჩიხურას” მოუგო. დუბლი მიითვალა წლის ლევან შენგელიამ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა წევრმა, ვინც თუ ასე გააგრძელა, ეროვნული გუნდის კარიც მალე უნდა შეაღოს.

განსაკუთრებით ლამაზი გამოუვიდა შენგელიას პირველი გოლი, როცა მან მიწაზე დაუშვებლად გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში გუჯა რუხაიას პასის შემდეგ...
- თურქეთში ძალიან სასარგებლო შეკრება გავიარეთ.ხანგრძლივი, ერთთვიანი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა და 7 ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ ძლიერ გუნდებთან.

ვფიქრობ, კლუბს სწორი კურსი აქვს აღებული. ვიცით, რა გვინდა და მინდორზე გასულებმა როგორ უნდა ვითამაშოთ. გუნდში არის კონკურენცია, - გვითხრა შენგელიამ საუბრის დასაწყისში.

- როგორ ფეხბურთს ხვეწს “დინამო”, რა არის მისი მთავარი არსი?

- ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ მაღალი პრესინგი ვითამასოთ. ვცდილობთ, სწრაფად გადავიდეთ კონტრშეტევაზე და როცა არის ამის საშუალება, ასეთი კონტრშეტევებით დავსაჯოთ მოწინააღმდეგე. “ჩიხურასთან” პირველი თამაში იყო, ყველაფერი ეს სამომავლოდ კიდევ დაიხვეწება.გასათვალისწინებელია ისიც, რომმ ჩვენ აქედანვე ვემზადებით ევროპალიგის გათამაშებისათვის.

- “დინამოში” ბევრი ახალი ლეგიონერია, როგორ შეეგუეთ მათ, გუნდური კლიმატი როგორია?

- გუნდში ატმოსფერო იდეალურია. ამას გადაჭარბების გარეშე ვიტყვი. ლეგიონერებს რაც შეეხება, ძალიან კარგი ბიჭები არიან. ეს უფრო მეტად სამწვრთნელო შტაბის შესაფასებელია, მაგრამ მე ჩემს აზრს მოგახსენებთ - მგონი, ვინც ითამაშა მათგან, ყველამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

- “ჩიხურასთან” შეხვედრას როგორ აფასებთ?

- პირველი მატჩის ჩატარება იოლი არასოდეს არის. გარდაამისა, “ჩიხურამ” ცვლილებები კი განიცადა, მაგრამ მაინც ძალიან კარგი გუნდია. ყველა ფეხბურთელი გამოცდილია და ბურთი იცის. წლების განმავლობაში ამ გუნდის მთავარი მახასიათებელი სტაბილურობაა.

- დაბოლოს, დუბლზეც შეგეკითხებით. განსაკუთრებით პირველ გოლზე, რომელიც ულამაზესი გამოვიდა...

- სიმართლე გითხრათ, ბოლოს დავინახე ბურთი და მიხარული ვარ, რომ სიტუაციაში მალევე შევძელი გარკვევა. ვეცდები, მომავალშიც დავეხმარო გუნდს წარმატების მიღწევაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
https://bit.ly/2SFlmSI        05.03.19
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019