19.04.2018
ლევან ხარაბაძე: არ მაინტერესებს არც მანქანა და არც ფული

საქართველოს ეროვნული ლიგის დამფასებელთ მხედველობიდან არ გამორჩებოდათ თბილისის "დინამოს" ფლანგელი მცველის, ლევან ხარაბაძის პროგრესი.

18 წლის გუშინდელი იუნიორი მართლაც მეტეორივით შემოიჭრა ჩვენი საკლუბო ფეხბურთის არცთუ მდიდარ სივრცეში.

სწრაფი, ფიზიკურად ძლიერი და შეტევაზე ორიენტირებული მცველი თანამედროვე ფეხბურთის ყველა მოთხოვნას პასუხობს. თამაში ისე არ გავა, რაიმე დასამახსოვრებელი არ შემოგვთავაზოს. ბევრის აზრით, ახლოა დრო, როცა ლევან ხარაბაძე საქართველოს ნაკრების კარსაც შეაღებს.

გუშინ "ლელო" ახალგაზრდა ტალანტს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა...

- მოდი, გავაცნოთ თქვენი თავი გულშემატკივარს. როგორი იყო ლევან ხარაბაძის პირველი ნაბიჯები ქართულ ფეხბურთში?

- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. ვარჯიშიც იქვე დავიწყე. ჩემი პირველი მწვრთნელები იყვნენ დათო ჩხაბერიძე და თენგო ხელიძე. ამის შემდეგ გადავედი ქუთაისის "ტორპედოში".

გასვლითი მატჩი გვქონდა თბილისის "დინამოსთან", რომელიც წავაგეთ, მაგრამ ეტყობა, ჩემი თამაში მოეწონათ "დინამოს" აკადემიის ხელმძღვანელებს - ლევან გვანცელაძესა და თემურ უგრეხელიძეს. მოეწონათ და მიმიწვიეს. ასე მოვხვდი თბილისის "დინამოში".

- გამიგონია, რომ თავიდან თავდამსხმელი იყავით...

- "იმედშიც" და "ტორპედოშიც" მარცხენა თავდამსხმელად ვთამაშობდი. ამპლუა მას შემდეგ შემიცვალეს, რაც "დინამოში" მოვედი. სხვათა შორის, თავდამსხმელის გამოცდილება ძალიან მეხმარება. თანამედროვე ფლანგელ მცველს შეტევაში ჩართვებიც მოეთხოვება.

- მცველის პოზიციაზე თავს კომფორტულად გრძნობთ?

- კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ ეგ არის, უფრო უკეთ ვუტევ, ვიდრე თავს ვიცავ. არა უშავს, ამ მინუსს აუცილებლად გამოვასწორებ.

- გამოდის, რომ შეტევაში თამაშია თქვენი სტიქია...

- ნამდვილად ასეა. ოღონდ, ნებისმიერ შემთხვევაში ბალანსი დაცული უნდა იყოს.

- კახა კაჭარავა არასოდეს ერიდება ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურებას. თქვენი ისტორია როგორია?

- წინა სეზონში "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდში ვთამაშობდი. საჩემპიონო მატჩი 17-წლამდელთა ანალოგიურ თამაშს დაემთხვა. ჯერ ერთი თამაში ჩავატარე და გოლი შევაგდე, ერთსაათიანი შუალედის შემდეგ კი მეორე მატჩი იყო და იქაც გავიტანე.

ორივე თამაშს "დინამოს" სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა ესწრებოდა. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ძირითად გუნდთან ერთად წავიდოდი თურქულ შეკრებაზე. იქაც ვითამაშე.

ოღონდ, ეს სხვებმა უნდა შეაფასონ, რა და როგორ იყო. ჩემი მოკრძალებული აზრით, ცუდად არ გამოვიყურებოდი. მერე დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი, რომელშიც უდიდესი ნდობა გამომიცხადა სამწვრთნელო შტაბმა.

- როგორი გუნდია თანამედროვე "დინამო"?

- ერთ მუშტად შეკრული. ძალიან ერთიანები ვართ როგორც მინდორზე, ისე მის მიღმა. ეს მაიმედებს, რომ საქართველოს ჩემპიონატშიც და ევროთასებზეც წარმატებით ვითამაშებთ. სხვათა შორის, აქედანვე ვემზადებით ევროთასებისთვის. გვინდა, გავახაროთ გულშემატკივარი.

- ევროთასები ახსენეთ და, რას ელით იქ "დინამოსგან"?

- ჩვენი მიზანია, მოვიგოთ რაც შეიძლება მეტი მატჩი და წავიდეთ რაც შეიძლება შორს. ეს დიდი გამოცდილება იქნება ძალიან ახალგაზრდა "დინამოსთვის".

- როცა საქმე ახალგაზრდა ფეხბურთელს ეხება, შიში გაგვკენწლავს ხოლმე - პირველი ფული, პირველი მანქანა... ასეთ დროს ბევრს ფეხბურთი ავიწყდება...

- გასაგებია, რასაც გულისხმობთ. მართლა მაქვს ჩემი თავის იმედი. ბავშვობიდან საერთოდ არ მაინტერესებს მანქანა და არც ფულია ჩემთვის პირველ ადგილზე. უბრალოდ, მინდა, ფეხბურთი ვითამაშო და მინდა, გულშემატკივრებისგან ტაში დავიმსახურო.

- დამატებით თუ ვარჯიშობთ?

- ახლა "დინამოს" პირველ გუნდში ვარ და აქ ისედაც ძალიან ინტენსიური ვარჯიშებია. ამ დროისთვის ვერ ვხედავ დამატებითი ვარჯიშების აუცილებლობას. ისე კი, არასოდეს დამზარებია ვარჯიში და შრომა. როცა ირჩევ ფეხბურთელის პროფესიას, ისიც უნდა იცოდე, რომ დიდი შრომის გარეშე არაფერი გამოვა.

- რას აკეთებთ ფეხბურთისგან თავისუფალ დროს?

- უფრო ვისვენებ. ეს აუცილებელია, რათა მზად ვიყო მომავალი ვარჯიშებისთვის. როცა საამისო საშუალება ჩნდება, ქუთაისში მივდივარ მშობლებთან.

- პატარა ასაკიდან გიწევთ მარტო ცხოვრება. არ გიჭირთ?

- არა, არასოდეს გამჭირვებია. ეს არ არის ჩემთვის პრობლემა.

- ვინ არის თქვენი იდეალი ფეხბურთში?

- ჩემი ამპლუის ფეხბურთელია "რეალის" ბრაზილიელი მცველი მარსელო...

- საყვარელი ტოპლიგა?

- უდავოდ, ესპანეთის ლა ლიგა, რადგან სწორედ იქ თამაშობენ ისეთ ფეხბურთს, როგორიც ძალიან მიყვარს.

- საქართველოს ნაკრები და ლევან ხარაბაძე. ამ პერსპექტივაზეც გექნებათ ნაფიქრი...

- ყველა ფეხბურთელი ფიქრობს ამაზე. ეს ჩემი ოცნებაა. როცა გესმის შენი ქვეყნის ჰიმნი და რაღაც შეგიძლია გააკეთო შენი ქვეყნისთვის, ეს უდიდესი ბედნიერებაა.

- როგორი თაობა მოდის ქართულ ფეხბურთში?

- ჩვენს ფეხბურთში სულ იყვნენ, დღესაც არიან და მომავალშიც იქნებიან ტალანტები, რადგან საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
19.04.2018    ალეკო კაკაურიძე
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018