01.03.2018
კახა კაჭარავა: როცა საქმე ეხება თბილისის "დინამოს", მიზანი ყოველთვის მაქსიმალურია

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მეორე თურქული შეკრებიდან დაბრუნდა და ეროვნული ლიგის სტარტისთვის მზადებას თბილისში აგრძელებს.

თბილისის "დინამომ" სამეზობლოში არაერთი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. უცვლელია კლუბის გეზი, რომელიც ახალგაზრდა მოთამაშეების დაწინაურებას გულისხმობს.

გუშინ "ლელო" "დინამოს" მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას დაუკავშირდა და წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდის შეფასება სთხოვა...

ორივე შეკრება ძალიან
სასარგებლო იყო

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ორივე თურქული შეკრება ძალიან სასარგებლო იყო. ჩავატარეთ არაერთი საკონტროლო მატჩი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ კარგ ფორმაში შევხვდეთ მომავალ სეზონს.

ვიმუშავეთ სხვადასხვა კომპონენტზე. მოგეხსენებათ, ჩვენ კვლავ დავაწინაურეთ არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი. ზოგიერთი მათგანი უკვე მზადაა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ, ზოგიერთმაც კიდევ უნდა იმუშაოს ამისთვის.

თითოეულ შეხვედრაში მოვსინჯეთ სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზი, საქმეში ვნახეთ ყველა ფეხბურთელი და ამის გათვალისწინებით, ჩვენი მოსამზადებელი პერიოდი ნაყოფიერი გამოვიდა.

მხოლოდ ივანისენია
და რუხაია...

- შეკრებაზე რამდენიმე ლეგიონერს დავაკვირდით. საბოლოოდ, მხოლოდ ორი ახალი ფეხბურთელი ავიყვანეთ - გუჯა რუხაია და უკრაინელი საყრდენი ნახევარმცველი დმიტრო ივანისენია.

ამ ეტაპზე უარი ვთქვით ლუცევიჩსა და მარუსიჩზე. ჩემი პრინციპი ასეთია: თუ გუნდში მოგყავს ლეგიონერი, მაშინ ის ქართველ ფეხბურთელზე ძლიერი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლეგიონერის ჩამოყვანას აზრი არ აქვს.

ვფიქრობ, ახალწვეულები "დინამოს" გაძლიერებას მოახერხებენ. ორივეს აქვს ნათამაშები გარკვეულ დონეზე და ორივეს აქვს გამოცდილება.

ერთი ცენტრალური მცველი და ერთიც ფორვარდი

- რა თქმა უნდა, ყველა გუნდს სჭირდება გაძლიერება და გამონაკლისი არც თბილისის "დინამოა". ამ დროისთვის, ჩვენი სურვილია, რომ დავიმატოთ ერთი ცენტრალური მცველი და ერთიც ფორვარდი.

ამ პოზიციებზე თურქეთში სხვადასხვა ფეხბურთელი მოვსინჯეთ. გარდა ამისა, ყურადღებით ვაკვირდებოდით იმ მოთამაშეებს, რომლებიც თურქეთში სხვადასხვა კლუბების შემადგენლობაში გადიოდნენ შეკრებას.

ჯერჯერობით, არ გამოჩნდა შესაბამისი კანდიდატურა, მაგრამ მუშაობა გრძელდება. სადღეისოდ, "დინამოში" არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელია. აქედან გამომდინარე, ალბათ ამ ორ პოზიციაზე აქცენტი გაკეთდება გამოცდილ მოთამაშეებზე, რომელთაც ნათამაშები აქვთ სერიოზულ დონეზე.

მიზანი უცვლელია...

- როცა საქმე ეხება თბილისის "დინამოს", მიზანი ყოველთვის მაქსიმალურია და უცვლელი. ამის პარალელურად, ჩვენი მიზანია ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურება.

ყველა ვხედავთ, რომ "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილები იმკვიდრებენ ადგილს გუნდის ძირითად შემადგენლობაში. საქართველოს ჩემპიონატის პარალელურად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ "დინამომ" ღირსეულად ითამაშოს ევროთასებზე. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. როგორც იცით, ევროპალიგაზე გვიწევს ასპარეზობა და აქედანვე უნდა მოვემზადოთ.

ჩემპიონატი დაძაბული იქნება

- ჩემი აზრით, საქართველოს მომავალი ჩემპიონატი ძალიან დაძაბული იქნება. ჩვენ ჯერ კიდევ გასულ სეზონში ვნახეთ, რომ იყო დიდი კონკურენცია და ჩემპიონის ბედი ბოლო ტურში გადაწყდა.

უკლებლივ ყველა შეხვედრაში ველი ბოლომდე ბრძოლას. ასევე, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფეხბურთელები მოახერხებენ ოსტატობის დახვეწას და სასარგებლონი იქნებიან არა მხოლოდ "დინამოსთვის", არამედ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. ჩვენ ხომ იმისთვის ვმუშაობთ, რომ ეროვნულ გუნდს კადრები შევმატოთ.

სასტარტო მატჩზე

- როგორც იცით, ეროვნული ლიგის პირველ ტურში ჩვენი მოწინააღმდეგე "რუსთავი" იქნება. ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ეს ყველამ იცის. საინტერესო მატჩის მოლოდინში ვარ და, ვფიქრობ, სტადიონზე მოსული გულშემატკივარი კარგი ფეხბურთით ისიამოვნებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
2018.03.01
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018