კვირას 20 ნოემბერს, საქართველოს ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურში, განახლებული დინამო არენა ქართულ კლასიკოს უმასპინძლებს. მტკვრისპირელებისა და რიონისპირელების შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. დინამო თბილისს 20 ნოემბერს აქამდე სულ ოთხჯერ უასპარეზია. თბილისელებმა ორი შეხვედრა სსრკ-ს პირველობაზე გამართეს და ორი მატჩიც ეროვნულ ჩემპიონატში. 1963 წელს დინამომ კიეველ სეხნიებს უმასპინძლა და ერთი უპასუხო გოლით დაამარცხა. 1967 წელს კი ვოროშილოვგრადის ზარიასთან უხვგოლიანი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 3-3 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ანგარიში 3-3 დაფიქსირდა ეროვნული პირველობის მატჩებშიც. შესაბამისად ხაშურის ივერიასთან 1993 წელს მეხუთე ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურში და 1996 წელს ბათუმის ბათუმთან მერვე ჩემპიონატის მეთოთხმეტე სათამაშო დღეს.