• Geo
  • Eng
20.04.2012
22 აპრილი დინამოს ისტორიაში

კვირას დინამო თბილისი, ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურში გორს ესტუმრება და ადგილობრივ დილას დაუპირისპირდება. შეხვედრა 17.00 საათზე დაიწყება და მას თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

22 აპრილს დინამოს აქამდე სულ 8 შეხვედრა გაუმართავს. ოთხი მატჩი საქართველოს პირველობაზე, სამი სსრკ–ს ჩემპიონატში და ერთიც ევროთასზე. ბურთების შეფარდებაა 21/6.

1990 წელს სადებიუტო ჩემპიონატის მეხუთე ტურში თბილისელებმა ოჩამჩირეს ამირანს უმასპინძლეს და ექვსი უპასუხო ბურთით დაამარცხეს. აღნიშნულ მატჩში გოლები ქეცბაიამ, ცაავამ, გურულმა, გოგიჩაიშვილმა და კაჭარავამ (ორი) გაიტანეს. 1998 წელს მეცხრე ჩემპიონატის ოცდამესამე ტურში დინამომ თსუ დაამარცხა ანგარიშით 5–2. მუჯირის დუბლს, ხომერიკმა, ბურდულმა და ალექსიძემ თავისი წილი გოლები მიამატეს. 2000 წელს, მეთერთმეტე ჩემპიონატის მერვე სათამაშო დღეს თბილისური დერბი გაიმართა. დინამომ ვიტ–ჯორჯიას უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1–1 დაასრულა. ერთადერთი გოლი დინამოელთაგან– დათვაძემ გაიტანა. 2006 წელს, მეჩვიდმეტე ჩემპიონატის ოცდამეშვიდე ტურში დინამომ დიდი ანგარიშით 4–1 დაამარცხა გორის დილა. დვალმა ორი ბურთის გატანა მოახერხა, ხოლო თითო–თითოჯერ ბურდულმა და შაშიაშვილმა დაამწუხრეს გორელები.

სსრკ–ს პირველობაზე 22 აპრილს დინამომ სამი შეხვედრა გამართა. 1972 წელს თბილისელებმა მოსკოვში ადგილობრივი ტორპედო გავაშელის, ასათიანის და ნოდიას გოლებით, ანგარიშით 3–0 დაამარცხეს. 1973 წელს დინამომ მინსკში, თავის სეხნიას რეხვიაშვილის გოლით 1–0 მოუგო. 1980 წელს მტკვრისპირელებმა მოსკოვის დინამოს უმასპინძლეს და მინიმალური სხვაობით 1–0 იმარჯვეს. მატჩის ერთადერთი გოლი ჩელებაძემ გაიტანა.

1981 წლის 22 აპრილს, უეფას თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში თბილისელები ჰოლანდიურ როტერდამს ესტუმრნენ. პირველი მატჩი თბილისელებს საკუთარ არენაზე 3–0 ჰქონდათ მოგებული და როტერდამული შეხვედრის 0–2 დათმობის მიუხედავად, ფინალში გავიდნენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024