• Geo
  • Eng
19.04.2012
დილა vs დინამო – ურთიერთშეხვედრები

კვირას 22 აპრილს, საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურის შეხვედრაში, დინამო თბილისი გორს ესტუმრება. დილასთან შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.

ეროვნული ასპარეზობის ეგიდით ეს გუნდები ერთმანეთს ორმოცდაოთხჯერ შეხვედრიან. შეიძლება ითქვას, რომ დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა გააჩნია ამ შეხვედრებში. ოცდაცხრამეტჯერ გამარჯვება თბილისელებს დარჩათ და მხოლოდ ხუთი შეხვედრა დამთავრდა ფრედ. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 136/20 დინამო თბილისის სასარგებლოდ. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. მეთექვსმეტე ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა ანგარიშით 9–0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა შვიდი ბურთი შეაგდეს მეტოქის კარის ბადეში, გორელთა ორი გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ–სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა – 6–1 და 5–0, ხოლო ოთხ–ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4–1 და 4–0 . ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან სამი მატჩი უგოლოდ, ხოლო ორი შეხვედრა კი ანგარიშით 2–2 დასრულდა.

ბოლოს დინამო და დილა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის პირველ ტურში, 29 მარტს შეხვდნენ ერთმანეთს. ის შეხვედრა 12 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ დიდთოვლობის გამო მარტის ბოლოსთვის გადაიდო. მატჩი უგოლოდ, ანგარიშით 0–0 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024