• Geo
  • Eng
28.03.2012
29 მარტი დინამოს ისტორიაში

29 მარტს ხუთშაბათს, დინამო თბილისი გორის დილას უმასპინძლებს. ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა, 12 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ დიდთოვლობის გამო მატჩი გადაიდო. ეს შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება და 18.00 საათზე დაიწყება.

29 მარტს დინამოს აქამდე შვიდი შეხვედრა ჩაუტარებია. საქართველოს ჩემპიონატში ოთხი მატჩიდან თბილისელებმა ორში იმარჯვეს და ორი შეხვედრაც ფრედ დაასრულეს. ბურთების შეფარდებით 8/2. ორ შემთხვევაში დინამომ უგოლო ფრე ითამაშა. 1992 წელს, მესამე ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურში ბათუმის წინააღმდეგ და 2006 წელს, მეჩვიდმეტე ჩემპიონატის ოცდამეერთე სათამაშო დღეს– ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ. მეხუთე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1994 წელს, თბილისელებმა გასვლაზე ბათუმში, ადგილობრივი გუნდი ანგარიშით 3–2 დაამარცხეს. მატჩში თავი ყაველაშვილმა, ანჩაბაძემ და კიკნაძემ გამოიჩინეს. 1998 წელს დინამომ მერანი –91 დიდი ანგარიშით, 5–0 დაამარცხა. მეცხრე ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურში თბილისელთა შემადგენლობაში აშვეთიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ხომერიკმა, პეტრიაშვილმა და მუჯირმა გაიტანეს.

სსრკ–ს ჩემპიონატში თბილისელებმა სამი შეხვედრა გამართეს. აქედან ორში იმარჯვეს, ხოლო ერთში დამარცხდნენ. ბურთების ბალანსი 3/2. 1982 წელს მტკვრისპირელებმა სტუმრად ოდესაში, ადგილობრივი ჩერნომორეცი, ვაჟა ჟვანიას გოლით 1–0 დაამარცხეს. 1986 წელს დინამომ დონეცკის შახტარს უმასპინძლა და ასევე მინიმალური ანგარიშით 1–0 იმარჯვა. გოლი რევაზ ჩელებაძემ გაიტანა. 1987 წელს სტუმრად ხარკოვში, მეტალისტთან მინიმალური ანგარიშით 1–2 დამარცხდა ჩვენი გუნდი. იმ შეხვედრაში დინამოს შემადგენლობიდან თავი ნუკრი კაკილაშვილმა გამოიჩინა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024