• Geo
  • Eng
19.03.2012
დინამო vs ზესტაფონი – ურთიერთშეხვედრები

21 მარტს თბილისში დინამო არენაზე, ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მესამე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება. დინამო თბილისი ზესტაფონის ზესტაფონს უმასპინძლებს.

აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს ოცდასამჯერ შეხვდნენ. აქედან თერთმეტ შემთხვევაში მტკვრისპირელებმა დატოვეს მინდორი თავაწეულებმა, ხუთი შეხვედრა ფრედ დამთავრდა, ხოლო შვიდ მატჩში გამარჯვებულები ყვირილისპირელები დარჩნენ. ბურთების შეფარდება 29/21 თბილისელთა სასარგებლოდ. ამ გუნდების დაპირისპირებაში ყველაზე პოპულარული ანგარიში 1–0 არის, რომელიც რვა შეხვედრაში დაფიქსირდა. ექვსი შეხვედრა კი ანგარიშით 2–0 დასრულდა. დიდი ანგარიში მხოლოდ სამ შეხვედრაში დაფიქსირდა. 2009 წლის 10 აპრილს,  თბილისელებმა გასვლაზე, ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხეს მოწინააღმდეგე. იმავე წლის 29 აგვისტოს, ოცდამეერთე ჩემპიონატის მეოთხე ტურში კი ზესტაფონელებმაანგარიშით 4–1 იმარჯვეს, ეს შეხვედრაც ფეროელთა ქალაქში გაიმართა. ასევე ზესტაფონში დაფიქსირდა მესამე დიდი ანგარიში ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში. შარშან 14 დეკემბერს, პირველობის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს, ზესტაფონმა 5–1 დაამარცხა დინამო თბილისი.

დინამოს ზესტაფონური გუნდებიდან, ასევე მარგვეთთან და მეტალურგთან უთამაშია. ამ შეხვედრებში თბილისელებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ. ოცდაერთ ჩატარებულ მატჩში ზესტაფონელებმა მხოლოდ ორჯერ იმარჯვეს, სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო თექვსმეტ შემთხვევაში თბილისელებმა იზეიმეს გამარჯვება. ბურთების შეფარდება 82/15 დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 1994 წლის 15 ოქტომბერს იმარჯვა. მეექვსე ჩემპიონატის მერვე ტურში ჩატარებულ შეხვედრაში თბილისელებმა მარგვეთი ორნიშნა ანგარიშით 10–1 დაამარცხეს. 1996 წლის 17 ნოემბერს დინამომ რვა უპასუხო ბურთი გაუტანა მარგვეთს. ანგარიშებით 6–0 და 6–1 კი, დინამომ სამ–სამჯერ იმარჯვა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024