• Geo
  • Eng
07.03.2012
გაგრა vs დინამო – მატჩის წინ

უმაღლესი ლიგის ოცდამეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს თასის მოქმედი მფლობელი– გაგრა, დინამო თბილისს უმასპინძლებს. ეს შეხვედრა 8 მარტს, 15:00 საათზე, მეტოქე გუნდის თხოვნის საფუძველზე დინამო არენაზე გაიმართება.
ჩვენი მომავალი მეტოქე ოცდაერთი გამართული ტურის შემდეგ, გათამაშების ცხრილში, მეთერთმეტე პოზიციას იკავებს და საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის ყველანაირი იმედი გადაწურული აქვს.

XXIII ეროვნულ ჩემპიონატი გაგრამ რიხიანად დაიწყო. უმაღლესი ლიგის დებიუტანტებმა, პირველი ლიგის 2010/2011 წლებისა და დავით ყიფიანის სახელობის თასის 2010/2011 წლების გათამაშების გამარჯვებულმა გაგრამ ჩემპიონატი ზედიზედ სამი მოგებით გახსნა.
პირველი ტურის შეხვედრაში გაგრამ ასევე დებიუტანტ მარტვილის მერანს სძლია. პირველ ლიგაში დაწყებული გაგრა - მერანის დაპირისპირება უმაღლეს ლიგაშიც გაგრძელდა. 7 აგვისტოს გამართული შეხვედრაში გაგრამ დამაჯერებლად - 3:0 მოიგო და უეფას ევროპის ლიგა მოვლილმა პისკოვეცის კრებულმა, ცხრილის სათავისკენ გაიხედა.
მეორე ტურში გაგრა ბოლნისის სიონს დაუპირისპირდა. ბოლნისურ შეხვედრაში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ უსიამოვნო სტატისტიკა შეწყვიტა და ისტორიაში პირველად დაამარცხა სიონი, თანაც სტუმრად 3:1 და გაგრაზე ქართული ფეხბურთის მოყვარულნი უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ.
მესამე ტურის შეხვედრა გაგრამ რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართა. გაგრამ არც საქართველოს ორგზის ჩემპიონთან შეირცხვინა თავი და ჯერ იყო ლევან შარიქაძემ ჯარიმიდან შეხვედრის მე-40 წუთზე გახსნა ანგარიში, 69-ე წუთზე კი შეცვლაზე შემოსულმა ორდინსკიმ გაზარდა ანგარიშში სხვაობა და გაგრამ მორიგი წარმატებული შეხვედრა ჩაატარა. სამი თამაშიდან სამი მოგება, ქულათა მაქსიმუმი და გაგრამ გათამაშების ცხრილში ერთპიროვნული ლიდერის სტატუსიც მოიპოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული მატჩი გაგრაში მოთამაშე ნიგერიელი ლეგიონერისათვის - უმარ მაგაჯისთვის სადებიუტო გამოდგა.
მეოთხე და მეხუთე ტურის შეხვედრებში გაგრამ გულშემატკივართა მოლოდინი გაუცრუა. ჯერ იყო და უმაღლესი ლიგის მეოთხე სათამაშო დღეს გაგრამ ზუგდიდში უიმედოდ დათმო ადგილობრივ ბაიასთან შეხვედრა 0:3, შემდეგ კი შინ, ფოთის კოლხეთთან ვერ მოახერხეს მეჩვიდმეტე წუთზე მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება - 1:2 ფოთის კოლხეთის სასარგებლოდ.
მეექვსე ტურში ზედიზედ ორი წაგებული შეხვედრის შემდეგ გაგრამ ქულის მოპოვება მოახერხა. 2000 გულშემატკივრის წინაშე გაგრელებმა უგოლო ფრე ითამაშეს ცხინვალის სპარტაკთან.
მეშვიდე ტურში მცხეთა პარკზე გაგრა ვიტ ჯორჯიასთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მსაჯის მიერ დამატებულ უკანასკნელ წუთზე გაგრამ თავადვე დაკარგა ქულა, გიორგი ტყეშელაშვილმა ავტოგოლი მიითვალა და ვიტ ჯორჯიას ჰაერივით საჭირო 3 ქულა აჩუქა.
გაგრამ 28 სექტემბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალური რაუნდის პირველი შეხვედრა გამართა. ჩვენი მომავალი მეტოქე ვანში, ადგილობრივ სულორთან სათამაშოდ ჩავიდა. პირველი ლიგის ბინადართან გასვლითი შეხვედრა, გაგრელთათვის არც თუ ისე იოლი სათამაშო გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ 37-ე წუთზე უკრაინელმა ლეგიონერმა, მიკოლა ნაკონეჩნიმ გაგრა დააწინაურა. მიუხედავად გაგრელთა უპირატესობისა, სტუმრებს შეხვედრის სასურველი ანგარიშით დასრულება მაინც გაუჭირდათ. პირველი ტაიმის მიწურულს სულორმა ანგარიში გაათანაბრა. გაგრელთა უამრავი მცდელობის მიუხედავად მეტოქის კარში გასული გოლი 90-ე წუთამდე არ ჩანდა. გამარჯვების მომტანი ბურთი ნიგერიელმა ფორვარდმა, უმარი მაგაჯიმ გაიტანა.
თასზე მოგებულ შეხვედრას ზედიზედ ორი წაგებული შეხვედრა მოჰყვა. VIII და IX ტურში გაგრამ ორჯერ მიიღო იმერული შხაპი. ქუთათურებთან წაგებულ შეხვედრის შემდეგ გაგრას უკრაინელმა თავკაცმა, ანატოლი პისკოვეცმა თანამდებობა დატოვა. შინ ქუთაისის ტორპედოსთან მეტად ხისტ და დაძაბულ შეხვედრაში 0:1 წააგო. მომდევნო ტურში კი საქართველოს მოქმედი ჩემპიონისა და თასის მოქმედი მფლობელის დაპირისპირება იხილა გულშემატკივარმა. დავით აბაშიძეზე შეკრებილმა ათასამდე მაყურებელი ხუთი გატანილი გოლის მნახველი გახდა. ზვიად ჯელაძის გაწვრთნილი გაგრა დიდი ანგარიშით დამარცხდა - 1:4.
ჩვენმა მომავალმა მეტოქემ უშუალო კონკურენტთან გორთან მოახერხა საჭირო თამაშის მოგება და სასიცოცხლო მნიშვნელობის სამი ქულის მოპოვება. შემდეგი თამაში გაგრამ ჩვენი გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა და სამ გაშვებულ გოლს ვერაფრით უპასუხა.

მეორე წრეში, კი არასასურველად წარიმართა გაგრას სატურნირო მდგომარეობა. გადამწყვეტი ამ წარუმატებლობაში უშუალო კონკურენტებთან მარცხი შეიძლება მივიჩნიოთ. გაგრამ ვერ შეძლო გადამწყვეტ თამაშებში ქულების მოპოვება. 30 ოქტომბერს 0–1 დამარცხდა მერანთან. თითქმის მოგებული შეხვედრა ფრედ დაასრულა რუსთავის მეტალურგთან, მას შემდეგ რაც ჯერემიას გატანილ გოლს 92–ე წუთზე ტატანაშვილმა უპასუხა. ფრედ 0–0 ითამაშა გაგრამ სიონთან. საკუთარ მოედანზე დამარცხდა უშუალო კონკურენტ ბაიასთან. ამის შემდეგ გაგრამ გასვლაზე  ფოთთან, დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 3–2 იმარჯვა. ამ წარმატებას ისევ მარცხი მოჰყვა სპარტაკთან, არადა იმ შეხვედრაში ჯერემიამ დააწინაურა გაგრელები, მაგრამ...საბოლოოდ მარცხი ანგარიშით 1–2. ამას მოჰყვა გამარჯვება ვიტ ჯორჯიასთან, კვანტალიანის მიერ 79– ე წუთზე გატანილი გოლით. ზამთრის პაუზის შემდეგ გაგრამ ზესტაფონს უმასპინძლა და მეტად დაძაბულ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ამას მოჰყვა მარცხი ქუთაისში ადგილობრივ ტორპედოსთან ანგარიშით 2–5. ბოლო შეხვედრაში 26 თებერვალს გაგრა 0–1 დამარცხდა გორის დილასთან, იმ შეხვედრაში 82 წუთზე თავი ვაწაძემ გამოიჩინა.

რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებას, ამ ტურნირზე გაგრა ნახევარფინალშია გასული და სადაც მისი მეტოქე, ერთობ მოძლიერებული– გორის დილა იქნება. მეოთხედფინალში გაგრელები მარტვილის მერანს დაუპირისპირდნენ და პირველივე შეხვედრაში ფაქტიურად გადაწყვიტეს ნახევარფინალის საგზურის ბედიც, გაიმარჯვეს რა ოთხი უპასუხო ბურთით. მატჩში თავი გამოიჩინეს კალანდაძემ, შარიქაძემ, ჯერემიამ და ტყეშელაშვილმა. საპასუხო შეხვედრა გაგრამ 0–2 დათმო და ნახევარფინალში გავიდა.
დინამო - გაგრას შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო, დინამო თბილისის მეკარე და ვიცე კაპიტანი– გიორგი ლორია და ბრაზილიელი შემტევი- რობერტინიო გამოტოვებენ.

ამ სეზონში გაგრამ ოცდაერთ ჩატარებულ შეხვედრაში, ოცჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის დალაშქვრა, ხოლო საკუთარი კარიდან ოცდაათჯერ გამოიტანა ბურთი. საკუთარ კედლებში ოთხჯერ მოახერხა გამარჯვება, ამდენჯერვე დამარცხდა და ორჯერ ფრედ ითამაშა. გასვლაზე ერთხელ ითამაშა ფრედ, ორჯერ იმარჯვა და რვაჯერ მარცხი იწვნია.
გაგრასავარაუდო შემადგენლობა:
ბეგაშვილი - ყურულაშვილი, ხოჯაშვილი, ტყეშელაშვილიზვიადაძე, ჭკუასელი, ხუციძე, ჯიშკარიანი– სარდალიშვილი, ჯერემია, როსტიაშვილი.

დინამოსა და გაგრას დაპირისპირების ისტორია სათავეს 2008 წლიდან იღებს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა გაგრელთა მოულოდნელი გამარჯვებით (2:1) დასრულდა. თუმცა დინამომ ამის შემდეგ ურთიერთშეხვედრებში სრული უპირატესობის მოპოვება მოახერხა. ზედიზედ რვა გამართული შეხვედრიდან ჩვენმა გუნდმა გაგრას შვიდ შეხვედრაში სძლია, ერთხელ კი მატჩი ფრედ დასრულდა. უკანასკნელი მატჩი, რომელიც მეთერთმეტე ტურში შედგა დინამოსა და გაგრას შორის, ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 3–0 დასრულდა. იმ შეხვედრაში ჩისკომ შეასრულა დუბლი, ხოლო ერთი გოლი კოტომ გაიტანა.

ქალთა საერთაშორისო დღეს, დინამოს თავის ისტორიაში ერთადერთი შეხვედრა აქვს გამართული. ეს მატჩი 1994 წელს, მეხუთე ჩემპიონატის პირველ ტურში შედგა, რომელშიც დინამომ სამტრედიას უმასპინძლა. მიხეილ ყაველაშვილისა და ალექსანდრე იაშვილის გოლებით თბილისელებმა ანგარიშით 2–0 დაამარცხეს მეტოქე.

დასასრულს კი შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 15:00-ზე დაიწყება და ტრადიციულად შეხვედრის ტექსტური LIVE- სთვის თვალ–ყურის დევნება ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდის საშუალებით შეგეძლებათ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024