• Geo
  • Eng
09.12.2011
დინამო VS კოლხეთი – მატჩის წინ

მიმდინარე სეზონში დინამო თბილისი  ფოთის კოლხეთს მეორედ დაუპირისპირდება. კვირას, დინამო არენაზე გასამართი დინამო – კოლხეთი ჩვენი გუნდისთვის შესაძლოა ერთ ჩვეულებრივ კალენდარულ მატჩზე მეტი იყოს. დინამოს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში, თავის მეხუთასე გამარჯვებასთან ერთი მოგებაღა აშორებს, ჩვენი გუნდი კოლხეთის დამარცხების შემთხვევაში, მორიგ მნიშვნელოვან აბზაცს ჩაწერს თავის მრავალფეროვან და მრავლისმთქმელ ისტორიაში.

უმაღლესი ლიგის გათამაშების ცხრილის ფსკერთან ახლო–მახლო მოტრიალე ფოთის კოლხეთს ზედიზედ ოთხი შეხვედრა არ მოუგია. საერთოდაც 17 სექტემბრის შემდეგ, რაც დინამომ ფოთელები ზუგდიდში 3:0 დაამარცხა, კოლხეთმა თერთმეტ ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ ორჯერ მოახერხა სამი ქულის მოპოვება.

საქართველოს ჩემპიონატის VII ტურის შეხვედრაში კოლხეთი სტუმრად ცხინვალის სპარტაკს დაუპირისპირდა და ზამირ ჯანაშიას გოლის წყალობით ქულის მოპოვებაც მოახერხა. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა 1:1 დასრულდა.

28 სექტემბერს კოლხეთმა დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა ზესტაფონში, დავით აბაშიძეზე გამართა. ფოთელები ზესტაფონს სტუმრად დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ. თუმცა სათასო გათამაშების სპეციფიკიდან გამომდინარე ეს მარცხი კოლხი ფეხბურთელებისთვის სულაც არ უნდა ყოფილიყო ტრაგედია, მათ საპასუხო შეხვედრის წინ მომდევნო ეტაპზე გასვლის შესანიშნავი შანსი დაიტოვეს.

თასზე წაგებულ შეხვედრას, ჩემპიონატში ზედიზედ ორი მარცხი მოჰყვა. ფოთელებმა უმაღლესი ლიგის VIII ტურში ჯერ შინ წააგეს მეგრული დერბი 0–1 მარტვილის მერანთან, შემდეგ კი IX ტურში ვიტ ჯორჯიასთან მატჩში ვერ მოახერხეს უპირატესობის შენარჩუნება და შეხვედრა პირველ ტაიმშივე დათმეს. ვეტერინარებთან შეხვედრაში ფოთელები წუთზე პავლე დათუნაიშვილის გოლის წყალობით  მატჩის 31–ე დაწინაურდნენ, თუმცა კოლხეთმა მოპოვებული უპირატესობა ფაქტობრივად თავადვე დაკარგა. 34–ე წუთზე ფოთელმა გიორგი ლემონჯავამ ავტოგოლი გაიტანა, 40–ე წუთზე კი ვეტერინართა კაპიტანმა, გიორგი ჯანელიძემ მოახერხა გოლის გატანა და საფინალო ანგარიშიც დაფიქსირდა –  2:1 მცხეთა პარკის ბინადართა სასარგებლოდ.

უმაღლესი ლიგის მეათე ტურის შეხვედრა ფოთელთათვის წარმატებული გამოდგა. კოლხეთი გათამაშების უპირობო აუტსაიდერს, ბოლნისის სიონს დაუპირისპირდა და მძიმე და დაძაბულ ბრძოლაში სამი ქულის მოპოვება მოახერხა. ევგრაფი შევარდნაძეზე გამართულ შეხვედრაში ფოთელები 62–ე წუთზე დავით ციცხვაიას გოლით დაწინაურდნენ. შეხვედრის დარჩენილი წუთები ისე წარიმართა, თითქოს ფოთელებს შეხვედრის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა არ უნდა გასჭირვებოდათ, მეტიც – სიონს შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ოთარ ხეცაძემ, გიორგი ოქროპირიძე 82–ე წუთზე მოედნიდან გაუძევა, თუმცა სტუმრებმა კუდის მოქნევა მაინც მოახერხეს. 89–ე წუთზე სიონმა ანგარიშში თანაფარდობა აღადგინა. კაცნაკლული სიონის რიგებიდან გატანილი გოლით თავი, გიორგი ქუცურუამ გამოიჩინა. საფინალო ანგარიში კი შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე დაფიქსირდა. 92–ე წუთზე ყოფილმა დინამოელმა, ალექსანდრე ინწკირველმა, კოლხეთისთვის გამარჯვების მომტანი გოლის გატანა მოახერხა. კოლხეთმა სიონი 2:1 დაამარცხა.

ფოთელებმა ოქტომბრის თვე რიხიანად დაასრულეს. მიმდინარე წელს კოლხეთმა კიდევ ერთი დასამახსოვრებელი თამაში ჩაატარა რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ. ფოთელებმა მეტალურგები 3:1 დაამარცხეს. გრიგოლ ბედიაშვილის კარში გოლები ლაშა გვალიამ, პაატა ცხვიტარიამ და დავით ციცხვაიამ გაიტანეს. საერთოდაც 2011 წელს (მიმდინარე და გასულ ჩემპიონატში) კოლხეთს რუსთაველებთან შეხვედრა არ აქვთ წაგებული, ორი მოგება და ორი ფრე – კოლხეთი რუსთაველთათვის გადაულახავ ბარიერად არის ქცეული.

ნოემბრის თვე ფოთელებმა სათასო შეხვედრით დაიწყეს. კოლხეთი ზესტაფონში წაგებული შეხვედრის შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გასვლის შესანიშნავ შანსს ინარჩუნებდა 90 წუთის განმავლობაში. საბოლოოდ კი კოლხეთი თასის გათამაშების მიღმა აღმოჩნდა – კოლხეთისა და ზესტაფონის საპასუხო მატჩი 0:0 დასრულდა.

სათასო დაპირისპირება უმაღლეს ლიგაშიც გაგრძელდა. საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან ჭიდილში კოლხები, რომ დამარცხდებოდნენ, ეს პირველივე ნახევარში ცხადი გახდა, როდესაც 39–ე და 43–ე წუთებზე აფციაურმა და გელაშვილმა მოახერხეს მეტოქის კარის აღება. საბოლოოდ კოლხეთი XIII ტურში ზესტაფონთან 0:2 დამარცხდა.

XIV ტურში ჩვენს ჩემპიონატში კიდევ ერთი მეგრული დაპირისპირება ვიხილეთ. ევგრაფი შევარდნაძეზე ფოთის კოლხეთი ზუგდიდის ბაიას დაუპირისპირდა. სტადიონზე მისულ მცირერიცხოვან მაყურებელს გატანილი გოლები არ უნახავს, შეხვედრა ფრედ – 0:0 დასრულდა.

ჩვენთან შეხვედრამდე ფოთელები გაგრასთან მეტად დაძაბულ და უხვგოლიან შეხვედრაში დამარცხდნენ. 22–ე და 45–ე წუთზე დუბლი ლევან შარიქაძემ შეასრულა და საკუთარი გუნდი შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გაიყვანა. მეორე ნახევარი ფოთელებმა რიხიანად დაიწყეს. 67–ე წუთზე პაატა ცხვიტარიამ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, 76–ე წუთზე კი გაგრელმა გიორგი ყურულაშვილმა ავტოგოლი მიითვალა და ანგარიში გათანაბრდა – 2:2. 87–ე წუთზე კი გაგრაში მოთამაშე ლეგიონერმა, მიკოლა ნაკონეჩნიმ საფინალო ანგარიში დააფიქსირა – 3:2 შეხვედრა გაგრელთა გამარჯვებით დასრულდა.

კვირას გასამართ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო  ფოთელებს ალექსანდრე ინწკირველი და ომარ გოგონაია დააკლდებიან, ჩვენს გუნდს კი კარლეს კოტა და გიორგი რეხვიაშვილი ვერ დაეხმარებიან.

ფოთის კოლხეთის სავარაუდო შემადგენლობა:

ნადირაშვილი – დათუნაიშვილი, ცხვიტარია, ლომაშვილი, შავგულიძე – გვალია, ქებაძე, ცხადაია, ლემონჯავა – ციცხვაია, მდივნიშვილი

საუკეთესო მეგოლეები 2011/2012 წლების სეზონში

დინამო: ჩისკო – 9 გოლი, მიკელ ალვარო – 5 გოლი

კოლხეთი: ციცხვაია, ცხვიტარია – 3 გოლი

მიმდინარე ჩემპიონატში კოლხეთი ყველაზე უკეთ 45–75 წუთამდე მონაკვეთს თამაშობს. აღნიშნულ მონაკვეთში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მოწინააღმდეგეთა კარში რვა გოლის გატანა მოახერხა.

2011/2012 წლების გათამაშებაში კოლხეთის რიგებში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი 17 წლის ლევან კაკულია გახლავთ.

ფოთის კოლხეთისა და დინამო თბილისის ურთიერთდაპირისპირების ისტორია   1990 წლიდან იღებს.ეს გუნდები დღევანდელ დღემდე ერთმანეთს 46–ჯერ დაუპირისპირდნენ.   თბილისელებმა 32 მატჩში მოახერხეს მეტოქის ძლევა. რვა შემთხვევაში დინამოსა და კოლხეთის დაპირისპირება ფრედ დასრულდა, 6–ჯერ კი ფაზისელებმა მოახერხეს გამარჯვება.  ბურთების შეფარდება დინამოელთა სასარგებლოდ 105:32–ზე გახლავთ.

11.09.2010 წელი

 

კოლხეთი 1 - 3 დინამო

გოლები: 0-1 ხმალაძე 7', 1-1 გვალია 26' 1-2 კოშკაძე 38', მუჯირი 83'

 

 

27.10.2010 წელი

 

დინამო 5 - 0 კოლხეთი

გოლები: 1-0 კვარაცხელია 10', 2-0,3-0 ლექვთაძე 49'. 62', 4-0 მუჯირი 72', 5-0 ხმალაძე 75'

6.03.2011 წელი

 

კოლხეთი 0 - 2 დინამო

გოლები: 0-1 კოშკაძე 24', 2-0 იელიჩი 40'

 

1.05.2011

 

დინამო 4 - 2 კოლხეთი

გოლები: 1-0 ფანცხავა 5', 1-1 გვალია 17', 2-1 არზიანი 26', 2-2 მდივნიშვილი 41', 3-2 კაკუბავა 53', 4-2 ჯუისი 65'

 

გასული სეზონი:

 

დინამო შინ: 18 თამაში, 8 მოგება, 9 ფრე, 1 წაგება

კოლხეთი სტუმრად: 18 თამაში, 2 მოგება, 12 ფრე, 4 წაგება

დასასრულს შეგახსენებთ, რომ დინამო – კოლხეთის დაპირისპირება 11დეკემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე 18:00–ზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე იქნება შესაძლებელი. შეხვედრის ტექსტური LIVE - სთვის თვალ–ყურის დევნება კი ტრადიციულად ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდის საშუალებით შეგეძლებათ.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024