• Geo
  • Eng
13.12.2011
ზესტაფონი VS დინამო თბილისი – მატჩის წინ

უმაღლესი ლიგის XV ტურის გადადებული მატჩი ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი ზესტაფონი და დინამო თბილისი დაუპირისპირდებიან. 

მიმდინარე ჩემპიონატის სტარტზე ზესტაფონმა იმერული დერბი მოიგო. ქუთაისში ადგილობრივ ტორპედოსთან ჯახში ფეროელებმა 2:1 იმარჯვეს და XXIII ეროვნული ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს. ხუთ დღეში კი ზესტაფონს მეორე ტურის შეხვედრის გამართვა მოუწია. დავით აბაშიძეზე ჩვენი მომავალი მეტოქე ფოთის კოლხეთს დაუპირისპირდა და ფრედ – 1:1 ითამაშა. 31–ე წუთზე ირაკლი ძარიას გატანილ გოლს, ფოთელთა რიგებიდან 52–ე წუთზე ლაშა ქებაძემ უპასუხა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან გამოვარდნილმა და ევროპის ლიგის ფლეი–ოფში გადაბარგებულმა ზესტაფონმა 18 აგვისტოს ბრიუგეს წინააღმდეგ ითამაშა. ეროვნულ სტადიონზე გამართული შეხვედრა მეტად უხვგოლიანი გამოდგა და საქართველოს მოქმედმა ჩემპიონებმა ფრედ – 3:3 ითამაშეს. ერთ კვირაში კი საპასუხო შეხვედრა 0:2 დათმო და საბოლოოდ გათამაშებასაც გამოეთიშა.

ევროპული ბატალიების შემდეგ, მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში დინამოსა და ზესტაფონის პირველი დაპირისპირებაც გაიმართა. აღნიშნული მატჩი ფრედ – 2:2 დასრულდა. გორგიაშვილისა და დვალის გოლებს ჩვენი გუნდის ესპანელმა ლეგიონერმა, ჩისკო მუნიოსმა გასცა საკადრისი პასუხი და დინამომ შეხვედრა გადაარჩინა. ისიც აღსანიშნავია, რომ დინამოელთა კარში ერთი არარსებული გოლი ჩაითვალა, ბურთს დინამოელთა კარის ხაზი არ გადაუკვეთავს.

უმაღლესი ლიგის V და VI ტურის შეხვედრებში ზესტაფონმა იოლად იმარჯვა. ჯერ იყო და 10 სექტემბერს დავით აბაშიძეზე უმაღლესი ლიგის დებიუტანტ მარტვილის მერანს სძლია 3:1, შემდეგ კი გათამაშების უპირობო აუტსაიდერს, ბოლნისის სიონს გასვლითი შეხვედრა 2:1 მოუგო.

21 სექტემბერს მოქმედმა ჩემპიონმა ჩემპიონატში პირველი მარცხიც იწვნია. ზესტაფონი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გორის დილას დაუპირისპირდა. გათამაშების დებიუტანტებმა სტუმრის უფლებებს გადააჭარბეს და ზესტაფონი 4:0 დაამარცხეს.

მეშვიდე ტურის შეხვედრაში ზესტაფონი უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლ რუსთავის მეტალურგს დაუპირისპირდა და საქმე პირველივე ტაიმში მოამთავრა. გელაშვილისა და დვალის გოლებით ფეროელებმა მეტალურგები 2:0 დაამარცხეს.

28 სექტემბერს ზესტაფონი ფოთის კოლხეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა, ამჯერად მათი გზები დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე გადაიკვეთა. ჯაბა დვალის დუბლს ფოთელთაგან ერთი გატანილი გოლით მანუჩარ წიქარიშვილმა უპასუხა და განმეორებითი თამაშის წინ საკუთრ გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის რეალური შანსი დაუტოვა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, ფოთელთათვის ზესტაფონური ბარიერი გადაულახავი გამოდგა.

VIII ტურის შეხვედრაში ზესტაფონმა ზუგდიდში ადგილობრივ ბაიასთან გაჭირვებით, თუმცა მაინც იმარჯვა. 18–ე წუთზე ირაკლი ქობალიამ ზუგდიდელები დააწინაურა და ზესტაფონელებს სანერვიულოც მოემატათ. შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე კი ფეროელებმა კლანჭები გამოაჩინეს და ჯერ 81–ე წუთზე რატი წინამძღვრიშვილმა აღადგინა წონასწორობა, 90–ე წუთზე კი გამარჯვების მომტანი გოლი თეიმურაზ ღონღაძემ გაიტანა.

უმაღლესი ლიგის IX ტურის შეხვედრა ჩვენი ქვეყნის სუპერ თასის მატჩის დარი გახლდათ. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი – ზესტაფონი, დავით ყიფიანის თასის გათამაშების მოქმედ გამარჯვებულს – გაგრას დაუპირისპირდა. დავით აბაშიძეზე მისულმა ათასამდე გულშემატკივარმა ზესტაფონის დამაჯერებელი გამარჯვება იხილა – ფეროელებმა მეტოქე 4:1 დაამარცხეს.

მეათე ტურის შეხვედრაში ზესტაფონმა კიდევ უფრო იოლად იმარჯვა. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები მიხეილ მესხზე ცხინვალის სპარტაკს დაუპირისპირდნენ და 5:1 გაანადგურეს. ცხინვალელთა კარში გატანილი გოლებით დვალი ( 3 გოლი ), გელაშვილი და გრიგალაშვილი გამოირჩნენ.

ზესტაფონელებმა მეთერთმეტე ტურის შეხვედრა ვეტერინარებთან გამართეს. ერთობ პრინციპულ ბრძოლაში გამარჯვებულნი მოქმედი ჩემპიონები დარჩნენ. რატი წინამძღვრიშვილმა და ჯაბა დვალმა მეტოქეს თითოჯერ გაუტანეს და ფეროელებმა 2:0 იმარჯვეს.

რიხიანად დაწყებული ოქტომბერი ზესტაფონმა მტკივნეულად დაასრულა. ზედიზედ ოთხი მოგებული შეხვედრის შემდეგ, ჩვენი მომავალი მეტოქე საკუთარ მოედანზე ქუთაისის ტორპედოსთან დამარცხდა. 85–ე წუთზე ზესტაფონის კარში გატანილი გოლით ყოფილი დინამოელი, დავით დიღმელაშვილი გამოირჩა.

ორ ნოემბერს ზესტაფონმა ფოთის კოლხეთთან თასის საპასუხო შეხვედრა გამართა. პირველი შეხვედრის შემდეგ, განმეორებით მატჩს, თავისებური ინტრიგა ახლდა. ფოთის სტადიონზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო კოლხეთი – ზესტაფონი ლანჩხუთში გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა – მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება ზესტაფონმა მოიპოვა.

ფეროელებმა XIII და XIV ტურის შეხვედრებში ერთნაირი ანგარიშით 2:0 იმარჯვეს. ზესტაფონმა აღნიშნული ორივე მატჩი სტუმრად გამართა: 15 ნოემბერს კოლხეთი დაამარცხა, ზუსტად ხუთ დღეში კი დილას სძლია და ერთპიროვნული ლიდერის სტატუსიც შეინარჩუნა

ზესტაფონმა უმაღლესი ლიგის პირველი წრე მაჟორულ ნოტაზე ჩაატარა. გუნდმა ჩატარებული 11 თამაშიდან 9 შეხვედრის მოგება მოახერხა, ორი ფრედ ითამაშა და მხოლოდ ერთი მატჩი წააგო. მეტოქეთა კარში 25 გოლის გატანა მოახერხა და 13 გაუშვა. ყველაზე დიდი ანგარიშით ზესტაფონმა ცხინვალის სპარტაკი დაამარცხა 5–1, დიდი ანგარიშით კი გორის დილასთან დამარცხდა 0:4.

ჩვენთან შეხვედრამდე ზესტაფონმა, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის გათამაშებიდან, ქუთაისის ტორპედო გამოთიშა. ფეროელებმა იმერული დერბი შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე გადაარჩინეს და 2:1 იმარჯვეს, რის შედეგადაც საქართველოს თასის გათამაშების მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

გასულ უქმეებზე ზესტაფონმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრის მოგება მოახერხა. უმაღლესი ლიგის XVII ტურის შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონებმა გათამაშების უპირობო აუტსაიდერს, ბოლნისის სიონს მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლიეს.

ზესტაფონის სავარაუდო შემადგენლობა: მამალაძე – ღონღაძე, ონიანი, საჯაია, ელიავა – აფციაური, გრიგალაშვილი, ბაბუნაშვილი, ძარია – დვალი, გელაშვილი 

აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს ოცდაორჯერ შეხვედრიან. აქედან თერთმეტ შემთხვევაში დინამომ იმარჯვა, ხუთი შეხვედრა ფრედ დამთავრდა, ხოლო ექვს მატჩში გამარჯვებული მეტოქე დარჩა.   ბურთების შეფარდება 28/16 თბილისელთა სასარგებლოდ. ყველაზე პოპულარული ანგარიში ამ გუნდების დაპირისპირებაში არის 1–0, რომელიც რვა შეხვედრაში დაფიქსირდა. ექვსი შეხვედრა კი ანგარიშით 2–0 დასრულდა. დიდი ანგარიში მხოლოდ ორ შეხვედრაში დაფიქსირდა. 2009 წლის 10 აპრილს, მეოცე ჩემპიონატის ოცდამეშვიდე ტურში თბილისელებმა გასვლაზე , ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხეს მოწინააღმდეგე. იმავე წლის 29 აგვისტოს, ოცდამეერთე ჩემპიონატის მეოთხე ტურში კი ზესტაფონელებმა იმარჯვეს ანგარიშით 4–1, ეს შეხვედრაც ფეროელთა ქალაქში გაიმართა.

15.08.2010

დინამო 2–1 ზესტაფონი

გოლები: 1–0 ვაწაძე 7’ 1–1ალადაშვილი 17’ 2–1 ფირცხალავა 89’

23.10.10

ზესტაფონი 0–1 დინამო

გოლი: 0–1 ალექსანდრე კოშკაძე

19.02.2011

დინამო 0–0 ზესტაფონი

10.04.2011

ზესტაფონი 1–0 დინამო 

გოლი: 1–0 ჭანკოტაძე 89’

საუკეთესო მეგოლეები 2011/2012 წლების სეზონში

დინამო: ჩისკო – 9 გოლი, მიკელ ალვარო – 5 გოლი

ზესტაფონი: დვალი – 8 გოლი,  გელაშვილი – 6 გოლი

მიმდინარე ჩემპიონატში ზესტაფონი ყველაზე უკეთ 30–45 წუთამდე მონაკვეთს თამაშობს. აღნიშნულ თხუთმეტწუთიან მონაკვეთში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მოწინააღმდეგეთა კარში ცხრა გოლის გატანა მოახერხა.

2011/2012 წლების გათამაშებაში ზესტაფონის რიგებში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი მალხაზ გაგოშიძე გახლავთ. მან თავისი სადებიუტო შეხვედრა მარტვილის მერანთან ჩაატარა, სადაც იგი ფეროელთა ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა.

დასასრულს კი გეტყვით, რომ ზესტაფონისა და დინამო თბილისისა დაპირისპირების ხილვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი. შეხვედრა 14 დეკემბერს დავით აბაშიძეზე 17:00 საათზე დაიწყება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024