• Geo
  • Eng
19.11.2011
დინამო VS ტორპედო - კლასიკოს წინ

უმაღლესი ლიგის XIV ტურის შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება. სატურნირო თვალსაზრისით კვირას გასამართი შეხვედრა ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი გახლავთ, მეტიც ქართულ კლასიკოდ მონათლულ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება ღირსების საკითხსაც წარმოადგენს. განახლებული არენა, საღამოს განათება და სტადიონზე მოსული გულშემატკივარი ჩვენი გუნდის წარმატებული გამოსვლის წინაპირობა იქნება. დინამოს ზედიზედ სამი შეხვედრაა ქუთაისური კლუბისთვის არ მოუგია და ამ უსიამოვნო სტატისტიკის დარღვევას სწორედ 20 ნოემბერს შეეცდება.

მიმდინარე სეზონში დინამო და ტორპედო ერთმანეთს უკვე მეორედ დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი, რომელიც დაგეგმილზე გვიან გაიმართა ქუთაისში (იქიდან გამომდინრე, რომ ჩვენი გუნდი ათენის აეკ–თან ევროპის ლიგის პლეი–ოფის შეხვედრებს მართავდა) მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის დებიუტში გაშვებულ ორ ბურთს დინამოელთაგან მხოლოდ და მხოლოდ ალბერტ იაგუემ უპასუხა და დინამომ შეხვედრა 1:2 წააგო.

მეორე ეტაპზე, ჩვენთან შეხვედრამდე, ტორპედომ უმაღლესი ლიგის ორი და დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ერთი შეხვედრის გამართვა მოასწრო. ახალი მწვრთნელითა და ახალი შემართებით ტორპედო წაუგებელ სერიას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ ქუთაისელთა წაუგებელი სერია  სწორედ ჩვენ გუნდთან მოგებული შეხვედრის შემდეგ დაიწყო და მას შემდეგ ჩატარებულ ათ შეხვედრაში (ორი თასის მატჩი) რვა გამარჯვება მოიპოვა, ორჯერ კი ფრედ ითამაშა.

მეორე ეტაპი ტორპედომ პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვებით დაიწყო. გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა ტორპედომ იმერული დერბის მოგება მოახერხა. საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მწვრთნელმა ის გასაღები მოუძებნა, რომლითაც შეძლებდა წარმატების მიღწევას და 90 წუთის შემდეგ შედეგიც აისახა ტაბლოზე. რიონისპირელებმა ფეროელები სტუმრად, მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.

ორ ნოემბერს ტორპედომ დავით ყიფიანის სახელობი 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრა გამართა. ბათუმში წარმატებულად დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ჩვენს მომავალ მეტოქეს არ გასჭირვებია და საკუთარ მოედანზე ფრედ – 1:1 ითამაშა (შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ტორპედოს ბათუმის დინამოსთან 2:0 ჰქონდა მოგებული) და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.

ქართულ კლასიკომდე ტორპედომ კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვება მოახერხა, თუმცა სამი ქულის ასაღებად ქუთაისში დიდი ბრძოლის გადახდა მოუწიათ. გორის დილასთან ჭიდილში ტორპედოელები მეთოთხმეტე წუთზე დავით გამეზარდაშვილის გატანილი გოლით დაწინაურდნენ, თუმცა ზუსტად ცხრა წუთში ვალტერ ხორგუაშვილმა საპასუხო ბურთის გატანა მოახერხა და კიდევ უფრო საინტერესო შეხვედრას, უფრო მეტი დაძაბულობა და ინტრიგა შეჰმატა. ყველაფერი კი შეხვედრის 65–ე წუთზე გადაწყდა, როდესაც გია მეგრელაძემ მეტოქის კარში გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა და ტაბლოზეც საფინალო ანგარიში აციმციმდა – 2:1

მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ქუთაისელები არც თუ წარმატებულად ასპარეზობდნენ და ყოველი მეორე შეხვედრის დამთავრების შემდეგ მინდორს თავჩაღუნულები ტოვებდნენ. პირველ ტურში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჯერ ზესტაფონთან წააგო 0:1, შემეგ კი მარტვილში დამარცხდა მერანთან, უკანასკნელად კი ტორპედომ რუსთავში, ადგილობრივ მეტალურგთან წააგო 0:2. უმაღლესი ლიგის პირველ ეტაპზე ტორპედომ მეტოქეთა კარში 14 გოლის გატანა მოახერხა, საპასუხოდ კი 8 ბურთი მიიღო. პირველ ეტაპზე გამართულ თერთმეტ შეხვედრაში ქუთაისელმა ფეხბურთელებმა 16 ყვითელი და 2 წითელი ბარათი მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ტორპედომ თერთმეტიდან სამ შეხვედრაში კორექტულად ითამაშა და მსაჯისგან შენიშვნა ერთ ქუთაისელ ფეხბურთელსაც კი არ მიუღია. ყველაზე დიდი ანგარიშით მიმდინარე სეზონში ქუთაისელმა ფეხბურთელებმა გამარჯვება ფოთის კოლხეთთან შეხვედრაში მოახერხეს. ტორპედოელებმა მეტოქეს 4:1 სძლიეს. საგულისხმოა, რომ ჩვენთან შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ყოფილი დინამოელი, დავით დიღმელაშვილი და თორნიკე თარხნიშვილი გამოტოვებენ.

ქუთაისის ტორპედოს სავარაუდო შემადგენლობა:

მიგინეიშვილი – თოდუა, გამეზარდაშვილი, ფოფხაძე, ჩიკვილაძე – ბოლქვაძე, დოლიძე, დათუნაიშვილი, იოსელიანი – გოცირიძე, მეგრელაძე

 

საქართველოს ჩემპიონატში დინამო და ტორპედო ერთმანეთს 48-ჯერ შეხვდა. აქედან 23-ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 14 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდებაა 81-47 თბილისელთა სასარგებლოდ.  დინამო ტორპედოს დაპირისპირება მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით არ შემოიფარგლბა. ეს გუნდები საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 26-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქაც უპირატესობა დინამოელთა მხარესაა. ამ დაპირისპირებებიდან დინამომ 13 თამაშში მიაღწია წარმატებას, 9 შეხვედრა დასრულდა ფრედ და 4-ჯერ მინდორი დამარცხებულმა დატოვა. ბურთების შეფარდებით 38-21.

გასული სეზონი. ურთიერთშეხვედრები

 2.10.2010 

ტორპედო 1-1 დინამო 

გოლები: 1-0 ჩიკვილაძე 53' 1-1 ჯუისი 60' 

 

12.12.2010

დინამო 1-0 ტორპედო

გოლი: 1-0 მუჯირი 57' 

 

02.04.2011 

ტორპედო 0-0 დინამო 

 

22.05.2011 

დინამო 1-2 ტორპედო 

გოლები: 0-1 გოცირიძე 41' 1-1 ჯიღაური 55' 1-2 გუგუჩია 77'

 

საუკეთესო მეგოლეები 2011/2012 წლების სეზონში

დინამო: ჩისკო – 8 გოლი, მიკელ ალვარო – 5 გოლი

ტორპედო: დოლიძე, საბანაძე, დათუნაიშვილი – 2 გოლი

 

როგორც ტორპედოში, ასევე დინამოში არიან ფეხბურთელები, რომელთაც სხვადასხვა დროს მეტოქე გუნდის რიგებში აქვთ ნათამაშები... ჩვენი გუნდის კაპიტანი ალექსანდრე კოშკაძე 2004/2005 წლების სეზონში ქუთაისელთა ღირსებას იცავდა და 32 შეხვედრაში იმერული კლუბის სასარგებლოდ ხუთი გოლის გატანაც შესძლო.

ქუთაისის ტორპედოს რიგებში მოთამაშე თენგიზ ჩიკვილაძე კი 2009/2010 წლების სეზონში დინამო თბილისის ერთ–ერთი საკვანძო ფიგურა გახლდათ. მან 16 ჩატარებულ შეხვედრაში ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 6 გოლის გატანა მოახერხა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დავით დიღმელაშვილი, ფეხბურთელი, რომელიც ქუთაისური ტორპედოს ღირსებას იცავს, დინამო თბილისის ერთგულ გულშემატკივართათვის დღემდე ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ რჩება. 2006 წლიდან 2010 წლამდე დინამოს რიგებში მოთამაშე დიღმელაშვილმა 58 ჩატარებულ შეხვედრაში ოთხჯერ შესძლო მეტოქეთა კარის აღება. გარკვეული პერიოდი დიღმელაშვილი ჩვენი გუნდის კაპიტანიც გახლდათ. სულ ცოტა ხნის წინ, დინამოდან ტორპედოში წასულ ფეხბურთელთა სიას ნიკოლოზ ფირცხალავაც დაემატა. იგი წლების მანძილზე დინამოს ღირსებას იცავდა, ახლა კი იგი ტორპედოს შეუერთდა.

აქვე უნდა ითქვას ერთი მეტად მნიშვნელოვანი დეტალის შესახებაც. გასულ სეზონში ტორპედო ქუთაისი ერთადერთი გუნდი გახლდათ, რომლის წინააღმდეგაც ჩვენმა გუნდმა ერთადერთი საშინაო მარცხი იწვნია.

დასასრულს კი გეტყვით, რომ დინამო თბილისისა და ტორპედოს დაპირისპირების ხილვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი. შეხვედრა 21 სექტემბერს, დინამო არენაზე 18:00 საათზე დაიწყება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024