• Geo
  • Eng
16.11.2011
დინამო თბილისი vs ტორპედო ქუთაისი

20 ნოემბერს დინამო თბილისი, განახლებულ დინამო არენაზე ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს. შეხვედრა, რომელსაც საქართველოში “ქართულ კლასიკოს" უწოდებენ, ყოველთვის საინტერესოდ მიმდინარეობს. ყოველი მატჩი უკომპრომისო ბრძოლით და თავდადებული თამაშით აღინიშნება.

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით, აქამდე სულ 48-ჯერ შეხვედრია დინამო და ტორპედო ერთმანეთს. აქედან 23-ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 11 შეხვედრა დასრულდა ფრედ, ხოლო 14 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდებაა 81-47 თბილისელთა სასარგებლოდ.

ამ შეხვედრებიდნ აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5-1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის პირველ აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0-3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ფლაგმანმა ანგარიშით 5-0 გაიმარჯვა.

დინამო ტორპედოს დაპირისპირება მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით არ შემოიფარგლბა. ეს გუნდები საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 26-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქაც უპირატესობა დინამოელთა მხარესაა. ამ დაპირისპირებებიდან დინამომ ცამეტ თამაშში მიაღწია წარმატებას, 9 შეხვედრა დასრულდა ფრედ და 4-ჯერ   ტორპედომ მოიგო.  ბურთების შეფარდება 38-21. თბილისელებმა სამჯერ გაიმარჯვეს ანგარიშით 3-1, აქედან ერთხელ სტუმრად. შესაბამისად 1966 წლის 26 აპრილს, 1969 წლის 26 მაისსა და 1962 წლის 25 მაისს. მეტოქემ ანგარიშით 4-2  მიაღწია წარმატებას 1968 წლის 31 ივლისს. აღნიშვნის ღირსია უხვგოლიანი ფრე 3-3 რომელიც დაფიქსირდა ქუთაისში 1966 წლის 30 ნოემბერს.

შეგახსენებთ, რომ პირველი წრის შეხვედრა ქუთაისში, ტორპედოს გამარჯვებით ანგარიშით      2-1დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024