• Geo
  • Eng
03.11.2011
მიკელ ალვარო - წინ მთელი სეზონია

ჩვენი გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XIII ტურის შეხვედრას მცხეთაში, ადგილობრივ ვიტ ჯორჯიასთან გამართავს. ვეტერინარებთან მოახლებული მატჩის წინ, გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის,  კომენტარის გაკეთება ესპანელ ლეგიონერს, მიკელ ალვაროს ვთხოვეთ. შეგახსენებთ, რომ ალვარომ თავისი სადებიუტო შეხვედრა, სწორედ ვეტერინარების წინააღმდეგ გამართა, სადაც უმაღლესი ლიგის გათამაშებაში თავისი პირველი გოლიც გაიტანა.

მიკელ ალვარო:  ვიტ ჯორჯიასთან სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. გათამაშების ლიდერს, ზესტაფონს ერთი ქულით ჩამოვრჩებით, უახლოესი მდევარი, ქუთაისის ტორპედო კი სულაც ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვყვება და თითოეული ჩვენთაგანი ვაცნობიერებთ, რომ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად უნდა გავდეთ. ყველაფრის მიუხედავად  ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ სამი ქულა იქნება. ვიცით რა დონის გუნდთან მოგვიწევს თამაში. ფეხბურთელებმა ვნახეთ მომავალი მეტოქის თამაშის ვიდეოფირი და შესაბამისი დასკვნებიც უკვე გამოტანილი გვაქვს. მართალია მატჩი უმაღლესი ხარისხის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება, თუმცა ვგონებ ეს ფაქტორი მატჩში თავისებურ კორექტივებს მაინც შეიტანს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თასის გათამაშებას ნაადრევად გამოვეთიშეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს წარუმატებლობა,  გუნდში არსებულ ატმოსფეროს ვერ გააფუჭებს. მართალია თასის გათამაშებას დავემშვიდობეთ, მაგრამ წინ მთელი სეზონია და ყველაფერს გავიღებთ, რათა მიმდინარე სეზონის ტრიუმფატორები სწორედ ჩვენ ვიყოთ. ვფიქრობ ვიტ ჯორჯიასთან გუნდი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე გავა მოედანზე და მხოლოდ მატჩის მოგებაზე იქნება ორიენტირებული.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024