• Geo
  • Eng
29.10.2011
დინამო VS სპარტაკი – მატჩის წინ

უმაღლესი ლიგის მეორე წრის პირველ შეხვედრას, დინამო თბილისი ცხინვალის სპარტაკის წინააღმდეგ გამართავს. დინამო არენაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, დინამო მეტოქეს ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს, სადაც სპარტაკი საშინაო შეხვედრებს ატარებს, ასე, რომ მონაწილე გუნდებისათვის სტუმარ-მასპინძლის ცნება ძალზედ პირობითი გახლავთ.

XXIII ეროვნული ჩემპიონატის სტარტზე ჩვენმა გუნდმა შედარებით ძლიერ სპარტაკს სძლია და პირველი სამი ქულაც მოიპოვა. 7 აგვისტოს, ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრზე გამართულ შეხვედრაში, ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში პირველად გავიდა ესპანური გოლები. ჩისკო მუნიოსისა და კარლეს კოტოს გოლებით დინამო შეხვედრის 24-ე წუთზე უკვე ჰანდიკაპით იგებდა. 28-ე წუთზე კი შალამბერიძემ შეამცირა ანგარიშში სხვაობა. საბოლოოდ შეხვედრა დინამოს გამარჯვებით დასრულდა.

მიმდინარე ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში სპარტაკი გათამაშების დებიუტანტთან დამარცხდა. მარტვილში, ადგილობრივ მერანთან შეხვედრაში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ საკუთარ კარში ორი უპასუხო ბურთი მიიღო. ნუკრი მანწკავასა და სტეფანი ტაპეს გოლები სპარტაკის კრიზისის დასაწყისისკენ მიგვითითა. ცხინვალელებმა მორიგი მარცხი იწვნიეს, გუნდი წამყვანმა მოთამაშეებმა დატოვეს - მარტვილში კი, სტადიონზე შეკრებილმა 1500-მდე გულშემატკივარმა, საკუთარი გუნდის ისტორიული გამარჯვება აღნიშნა. მერანმა ისტორიაში უმაღლეს დონეზე პირველი მატჩი მოიგო.

ორი წაგებული შეხვედრის შემდეგ სპარტაკს გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაცია  სჭირდებოდა. ცხინვალელ ფეხბურთელებს დავით ყიფიანის თასის გათამაშების პირველ ეტაპზე, რანგით დაბალი ლიგის გუნდთან, საკუთარი ფეხბურთის ჩვენების შანსი მიეცათ. 17 აგვისტოს ოლიმპიკის სტადიონზე სპარტაკმა ზოოვეტს უმასპინძლა. შეხვედრის 29-ე და 39-ე წუთებზე დინამოს ყოფილმა ფორვარდმა, ზვიად მეტრეველმა დუბლის შესრულება მოახერხა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. შესვენებამდე სპარტაკმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, გატანილი ბურთით თავი ვარლამ კილასონიამ გამოიჩინა. თასის პირველი მატჩის საფინალო ანგარიში კი რევაზ ჯიქიამ დააფიქსირა, რომელმაც 58-ე წუთზე ზოოვეტის კარი მეოთხეჯერ აიღო.

თასზე მოგებული შეხვედრის შემდეგ, ცხინვალელთათვის წარუმატებელი სერია თითქოს შეწყდა. თუმცა მესამე ტურში, გათამაშების აუტსაიდერთან, ბოლნისის სიონთან გამართულ საშინაო დაპირისპირებაში, მეტად ხისტსა და დაძაბულ დუელში ნულოვან ფრეს დასჯერდნენ.

მეოთხე ტურში სპარტაკს მორიგი გამოცდის ჩაბარება მოუწია. ბადრი კვარაცხელიას შეგირდები რუსთავში, ადგილობრივ მეტალურგს დაუპირისპირდნენ და საქართველოს ორგზსის ჩემპიონს ხელიდან ქულაც დასტყუეს. თუ კი სიონთან აღებული ქულა სპარტაკისთვის დამაკმაყოფილებელ შედეგად არ ითვლებოდა - მეტალურგთან დაფიქსირებული ანალოგიური შედეგი, დიმიტრი სანაკოევის გუნდისთვის, დადებით რეზულტატად მოინათლა.

ეროვნულ ჩემპიონატში ცხინვალელთა წაუგებელი სერია დიდხანს არ გაგრძელებულა. მეხუთე ტურის შეხვედრაში, ჩვენი მომავალი მეტოქე შინ, ზუგდიდის ბაიას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მიუხედავად მარცხისა, სპარტაკმა უსიამოვნო სერია, სწორედაც, რომ წაგებულ შეხვედრაში შეწყვიტა. ჩემპიონატში გამართული ზედიზედ სამი მატჩიდან, ცხინვალელებს, მეტოქეთა კარში გოლი არ ჰქონდათ გატანილი.

14 სექტემბერს სპარტაკმა საქართველოს თასის პირველი ეტაპის საპასუხო შეხვედრა გამართა. ზოოვეტთან პირველი მოგებული შეხვედრის შემდეგ, ცხინვალელებმა ექსპერიმენტალური შემადგენლობით იასპარეზეს და რომ არა თემურ შონიას დუბლი, მარცხი გარდაუვალი იყო. სპარტაკმა 2:2 ითამაშა და ორი მატჩის ჯამში 6:2 იმარჯვა, რამაც გუნდს 1/8 ფინალში თამაშის უფლება მისცა, თუმცა ამ შეხვედრას ცხინვალელთა მთავარი მწვრთნელი ემსხვერპლა. ბადრი კვარაცხელია მთავარი მწვრთნელის პოსტს ჩამოსცილდა და გუნდი ვლადიმერ ხაჩიძემ ჩაიბარა.

თასზე ფრედ ნათამაშებ შეხვედრას, ზედიზედ ორი წაუგებელი მატჩი მოჰყვა. VI  და VII ტურის შეხვედრებში სპარტაკმა ჯერ გაგრასთან ითამაშა ნულოვანი ფრე, შემდეგ კი - ფოთის კოლხეთთან ვერ მოახერხა უპირატესობის შენარჩუნება, შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე საკუთარ კარში მიიღო ბურთი და საბოლოოდ ქულას დასჯერდა - 1:1.

28 სექტემბერს სპარტაკი კიდევ ერთხელ ეწვია მარტვილს. დავით ყიფიანის თასის გათამაშების 1/8 ფინალურ ეტაპზე, კენჭისყრამ ჩვენს მომავალ მეტოქეს, მოწინააღმდეგ მერანი არგუნა. ჩემპიონატის რანგით გამართული შეხვედრის მსგავსად, სპარტაკი გათამაშების ამბიციურ დებიუტანტთან ჭიდილში კვლავ 2:0 დამარცხდა.

უმაღლესი ლიგის VIII ტურის შეხვედრაში ზვიად მეტრეველის დუბლით სპარტაკმა პირველი გამარჯვება მოიპოვა და ქულათა მარაგს ერთბაშად სამი ერთეული დაუმატა. ცხინვალელებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვიტ ჯორჯიას უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით 2:1 იმარჯვეს. მესამე წუთზე ზვიად მეტრეველის მიერ გატანილ გოლს, ვიტ ჯორჯიელმა ბესიკ ჩიმაკაძემ ზუსტი თერთმეტმეტრიანით უპასუხა მეორმოცე წუთზე და შესვენებამდე ანგარიშში წონასწორობაც აღადგინა. 78-ე წუთზე მეტრეველმა დუბლის შესრულება მოახერხა და სპარტაკმა შეხვედრა სასურველი ანგარიშით დაასრულდა.

პირველი მოგებული შეხვედრის შემდეგ ცხინვალელებმა იმერული შხაპი მიიღეს. ზედიზედ ორი ლიხს იქეთა მეტოქე და ზედიზედ ორი მარცხი. ჯერ იყო და სპარტაკმა IX ტურის შეხვედრა ქუთაისში, ადგილობრივ ტორპედოსთან 0:2 დათმო - შემდეგ კი შინ, ზესტაფონს, ვერაფერი  ვერ დაუპირისპირა და საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან დიდი ანგარიშით 1:5 განადგურდა.

უმაღლესი ლიგის პირველი წრის უკანასკნელ შეხვედრაში სპარტაკმა უშუალო კონკურენტი 2:1 დაამარხა. გორში, ადგილობრივ დილასთან, სპარტაკმა პრინციპული შეხვედრის მოგება მოახერხა და მერვე ადგილოსან გაგრასთან ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა.

კვირას, მიხეილ მესხზე გასამართ დინამო - სპარტაკის დაპირისპირებას, დისკვალიფიკაციის გამო, ცხინვალელი ნიკა მაისურაძე გა,ოტოვებს.

ცხინვალის სპარტაკის სავარაუდო შემადგენლობა:

ძაგანია - ბოიომო, ალავიძე, ლომაია, ტეტუნაშვილი - კილასონია, შალამბერიძე, შონია, ხუბუა - მეტრეველი, ჯიქია

 

დინამო და ცხინვალის გუნდები აქამდე ჩემპიონატის ეგიდით ერთმანეთს 16-ჯერ დაუპირისპირდნენ, სადაც თერთმეტი შეხვედრაში დინამომ იმარჯვა, ოთხი ფრედ დასრულდა და ერთიც მეტოქეთა გამარჯვებით დასრულდა. ბურთების შეფარდება დინამოელთა სასარგებლოდ - 33:10 არის.

გასული სეზონი. ურთიერთშეხვედრები.

15.09.2010

დინამო 1-0 სპარტაკი

გოლი: 1-0 ხმალაძე (პენ.) 10’

 

16.10.2010

სპარტაკი 0-0 დინამო

 

13.02.2011

დინამო 1-1 სპარტაკი

გოლები: 0-1 მეტრეველი 24’ 1-1 ჰაჯიბულიჩი 44’

 

06.04.2011

სპარტაკი 1-3 დინამო  

გოლები: 0-1 კოშკაძე 15’ 0-2 ტატანაშვილი 32’ 0-3 კოშკაძე 35’ 1-3 ჯაკობია 81’

 

დასასრულს კი შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება და ტრადიციულად შეხვედრის ტექსტური LIVE- სთვის თვალ–ყურის დევნება ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდის საშუალებით შეგეძლებათ

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024