• Geo
  • Eng
25.10.2011
დინამო vs გაგრა - მატჩის წინ

უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში დინამო თბილისი საქართველოს თასის მოქმედ მფლობელს, გაგრას უმასპინძლებს. დინამო არენაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, დინამო კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს მორიგ საშინაო შეხვედრას. ჩვენი გუნდი წარუმატებელი სერიის შეწყეტასთან ერთად, მომავალი მეტოქისთვის, შარშანდელი სათასო ბატალიების შემდეგ, საკადრისი პასუხის გაცემას შეეცდება. შეგახსენებთ, რომ დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე დინამოსთვის გადაულახავი ბარიერი სწორედ გაგრა გახლდათ.
მიხეილ მესხზე გასამართი შეხვედრა უდაოდ საინტერესო და სანახაობირივი გამოდგება. დინამო თავის მხრივ უსიამოვნო ნავსის გატეხვას შეეცდება, გაგრა კი რვა საუკეთესო გუნდში მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს და წინასწარ არ აპირებს რამის დათმობას.
ჩვენი მომავალი მეტოქე ათი გამართული ტურის შემდეგ, გათამაშების ცხრილში, მერვე პოზიციას იკავებს და უახლოეს მდევარს, გორის დილას სამი ქულით ასწრებს, მეშვიდე და მეექვსე ადგილზე მყოფ გუნდებს კი სულაც ერთი ქულით ჩამორჩება.
XXIII ეროვნულ ჩემპიონატი გაგრამ რიხიანად დაიწყო. უმაღლესი ლიგის დებიუტანტებმა, პირველი ლიგის 2010/2011 წლებისა და დავით ყიფიანის სახელობის თასის 2010/2011 წლების გათამაშების გამარჯვებულმა გაგრამ ჩემპიონატი ზედიზედ სამი მოგებით დაიწყო.
პირველი ტურის შეხვედრაში გაგრამ ასევე დებიუტანტ მარტვილის მერანს სძლია. პირველ ლიგაში დაწყებული გაგრა - მერანის დაპირისპირება უმარლეს ლიგაშიც გაგრძელდა. 7 აგვისტოს გამართული შეხვედრა გაგრამ დამაჯერებლად - 3:0 მოიგო და უეფას ევროპის ლიგა მოვლილმა პისკოვეცის კრებულმა ცხრილის სათავისკენ გაიხედა.
მეორე ტურში გაგრა ბოლნისის სიონს დაუპირისპირდა. ბოლნისურ შეხვედრაში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ უსიამოვნო სტატისტიკა შეწყვიტა და ისტორიაში პირველად დაამარცხა სიონი, თანაც სტუმრად 3:1 და გაგრაზე ქართული ფეხბურთის მოყვარულნი უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ.
მესამე ტურის შეხვედრა გაგრამ რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართა. გაგრასთვის დიდ გამოცდად მონათლულ მატჩს, ჩვენი გუნდის ესპანელი მთავარი მწვრთნელი, ალექს გარსია და მისი ასისტენტებიც დაესწრნენ. გაგრამ არც საქართველოს ორგზის ჩემპიონთან შეირცხვინა თავი და ჯერ იყო ლევან შარიქაძემ ჯარიმიდან შეხვედრის მე-40 წუთზე გახსნა ანგარიში, 69-ე წუთზე კი შეცვლაზე შემოსულმა ორდინსკიმ გაზარდა ანგარიშში სხვაობა 2:0 და გაგრამ მორიგი წარმატებული შეხვედრა ჩაატარა. სამი თამაშიდან სამი მოგება, ქულათა მაქსიმუმი და გაგრამ გათამაშების ცხრილში ერთპიროვნული ლიდერის სტატუსიც მოიპოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული მატჩი გაგრაში მოთამაშე ნიგერიელი ლეგიონერისათვის - უმარ მაგაჯისთვის სადებიუტო გამოდგა.
მეოთხე და მეხუთე ტურის შეხვედრებში გაგრამ გულშემატკივართ მოლოდინი გაუცრუა. ჯერ იყო და უმაღლესი ლიგის მეოთხე სათამაშო დღეს გაგრამ ზუგდიდში უიმედოდ დათმო ადგილობრივ ბაიასთან შეხვედრა 0:3, შემდეგ კი შინ, ფოთის კოლხეთთან ვერ მოახერხეს მეჩვიდმეტე წუთზე მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება - 1:2 ფოთის კოლხეთის სასარგებლოდ.
მეექვსე ტურში ზედიზედ ორი წაგებული შეხვედრის შემდეგ გაგრამ ქულის მოპოვება მოახერხა. 2000 გულშემატკივრის წინაშე გაგრელებმა უგოლო ფრე ითამაშეს ცხინვალის სპარტაკთან.
მეშვიდე ტურში მცხეთა პარკზე გაგრამ ვიტ ჯორჯიასთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცდხა. მსაჯის მიერ დამატებულ უკანასკნელ წუთზე გაგრამ თავადვე დაკარგა ქულა, გიორგი ტყეშელაშვილმა ავტოგოლი მიითვალა და ვიტ ჯორჯიას ჰაერივით საჭირო 3 ქულა აჩუქა.
გაგრამ 28 სექტემბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალური რაუნდის პირველი შეხვედრა გამართა. ჩვენი მომავალი მეტოქე ვანში, ადგილობირვ სულორთან სათამაშოდ ჩავიდა. პირველი ლიგის ბინადართან გასვლითი შეხვედრა, გაგრელთათვის არც თუ ისე იოლი სათამაშო გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ 37-ე წუთზე უკრაინელმა ლეგიონერმა, მიკოლა ნაკონეჩნიმ გაგრა დააწინაურა. მიუხედავად გაგრელთა უპირატესობისა, სტუმრებს შეხვედრის სასურველი ანგარიშით დასრულება მაინც გაუჭირდათ. პირველი ტაიმის მიწურულს სულორმა ანგარიში გაათანაბრა. გაგრელთა უამრავი მცდელობის მიუხედავად მეტოქის კარში გასული გოლი 90-ე წუთამდე არ ჩანდა. გამარჯვების მომტანი ბურთი ნიგერიელმა ფორმარდმა, უმარი მაგაჯიმ გაიტანა.
თასზე მოგებულ შეხვედრას ზედიზედ ორი წაგებული შეხვედრა მოჰყვა. VIII და IX ტურში გაგრამ ორჯერ მიიღო იმერული შხაპი. ქუთათურებთან წაგებულ შეხვედრის შემდეგ გაგრას უკრაინელმა თავკაცმა, ანატოლი პისკოვეცმა თანამდებობა დატოვა. შინ ქუთაისის ტორპედოსთან მეტად ხისტ და დაძაბულ შეხვედრაში 0:1 წააგო. მომდევნო ტურში კი საქართველოს მოქმედი ჩემპიონისა და თასის მოქმედი მფლობელის დაპირისპირება იხილა გულშემატკივარმა. დავით აბაშიძეზე შეკრებილმა ათასამდე მაყურებელი ხუთი გატანილი გოლის მნახველი გახდა. ზვიად ჯელაძის გაწვრთნილი გაგრა დიდი ანგარიშით დამარცხდა - 1:4.
ჩვენთან შეხვედრამდე, გაგრამ ხასიათის გამოკეთება მოახერხა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ უშუალო კონკურენტთან მოახერხა საჭირო  თამაშის მოგება და სასიცოცხლო მნიშვნელობის სამი ქულის მოპოვება.
დინამო - გაგრას შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო, მონაწილე გუნდების კაპიტნები ალექსანდრე კოშკაძე და გიორგი ტყეშელაშვილი გამოტოვებენ. მესხზე გასამართ შეხვედრას კაპიტანები თვალ-ყურს ტრიბუნებიდან მიადევნებს.
გაგრა. სავარაუდო შემადგენლობა:
სეფიაშვილი - გაბუნია, კალანდაძე, ჩხეტიანი, ხურციძე  - ნაკონეჩნი, ჯიშკარიანი, შარიქაძე, სიჭინავა - კვანტალიანი, მაგაჯი.
დინამოსა და გაგრას დაპირისპირების ისტორია სათავეს 2008 წლიდან იღებს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა გაგრელთა მოულოდნელი გამარჯვებით (2:1) დასრულდა. თუმცა დინამომ ამის შემდეგ ურთიერთშეხვედრებში სრული უპირატესობის მოპოვება მოახერხა. ზედიზედ შვიდი გამართული შეხვედრიდან ჩვენმა გუნდმა გაგრას ექვს შეხვედრაში სძლია, ერთხელ კი მატჩი ფრედ დასრულდა. უკანასკნელი მატჩი, რომელიც დავით ყიფიანის სახელობის თასზე შედგა დინამოსა და გაგრას შორის ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. ჯერ იყო და გაგრამ 2:1 მოიგო შეხვედრის ძირითადი დრო, შემდეგ კი, პენალტების სერიაშიც გვაჯობეს 4:2 და დინამო გათამაშების მიღმა დარჩა.
დღევანდელ დღემდე დინამო და გაგრა ერთმანეთს ცხრაჯერ შეხვედრიან. ჩემპიონატის ეგიდით გამართული შვიდი მატჩიდან დინამომ ხუთჯერ მოიგო, ერთხელ წააგო და ერთხელაც ფრედ ითამაშა. გასულ სეზონში დინამო პირველ ლიგაში მოთამაშე გაგრას თასის გათამაშებაზე დაუპირისპირდა, სადაც ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკას თითო მოგება-წაგება დაემატა.
ბურთების შეფარდება დინამოს სასარგებლოდ არის 15:6.
გასული სეზონი. ურთიერთშეხვედრები.
დავით ყიფიანის სახელობის თასი
01.12.2010
გაგრა 1-2 დინამო
გოლები: 0-1 მეტრეველი 7’ 0-2 მეტრეველი 14’ 1-2 შარიქაძე 45’

დავით ყიფიანის სახელობის თასი
16.12.2010
დინამო 1-2 (2-4 პენ.) გაგრა
გოლები: 0-1 ოვონიკოკო 14’ 1-1 მუჯირი 53’ ტყეშელაშვილი 77’

დასასრულს კი შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება და ტრადიციულად შეხვედრის ტექსტური LIVE- სთვის თვალ–ყურის დევნება ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდის საშუალებით შეგეძლებათ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024